იტალიური ტრანსფერები: ზამთრის ძილი კალჩოში

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი იტალიურმა კლუბებმა პასიურად წარმართეს. ბოლო წლებში, ზამთარში კლუბები სულ უფრო მეტად ერიდებიან ფულის დახარჯვას და ეს ტენდენცია ამ სატრანსფერო ფანჯრისას გაგრძელდა.

იტალიაში იმაზეც კი ალაპარაკდნენ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაუქმდეს. და მაინც, გადავხედოთ იტალიური გრანდების ტრანსფერებს და შევიხედოთ კლუბების ბანაკებში...

იუვენტუსი
"იუვენტუსის" პრიორიტეტული მიზანი აქსელ ვიტსელის გადაბირება იყო, მაგრამ ბელგიელმა ჩინეთში ამჯობინა კარიერის გაგრძელება და დიდი ფულის მოხვეჭა. შესაბამისად, ტურინელები ალტერნატივაზე დაფიქრდნენ და "ჯენოადან" ტომას რინკონი გადაიბირეს. "ვენესუელელს" კარგი სეზონი აქვს და დაუფასდა კიდეც - ისეთ
გუნდში გადაბარგდა, სადაც ტიტულების მოგების შესანიშნავი შანსი მიეცა.

"იუვემ" 22 წლის მატია კალდარა გაიფორმა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა სეზონის ბოლომდე იჯარით "ატალანტაში" დატოვა. ეს იყო ინვესტიცია მომავლისთვის. ვთქვათ ისიც, რომ "იუვეს" "ვესტ ჰემიდან" სიმონე ძაძა დაუბრუნდა, თუმცა მყისვე, ასევე იჯარით ფეხბურთელმა "ვალენსიას" მიაშურა.

აქტუალურია მეჰდი ბენატიას საკითხი, რომელიც "იუვენტუსმა" მიუნხენის "ბაიერნიდან" გადაიბირა, თუმცა გამოცდილ მცველს პრაქტიკულად არ უწევს თამაში. ლაპარაკია მის მიუნხენში დაბრუნებაზე, თუმცა თავად ფეხბურთელს ეს არ სურს და იმედი აქვს, რომ მინიმუმ მიმდინარე სეზონს, ტურინულ გრანდში ჩაამთავრებს.

რომა
"რომამ" ხუან იტურბე "ტორინოში" გაუშვა, რადგან შეტევაში მისი ადგილი უბრალოდ აღარ იყო. ასევე, "სანტოსიდან" გამოისყიდა ემერსონი, რომელიც ბოლო შეხვედრებში მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია. ვთქვათ ისიც, რომ საბოლოოდ გაუშვა იაგო ფალკე, რომელიც "ტორინოში" იჯარით ჰყავდა გაშვებული, ამ ზამთარს კი მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო აიღო და ფეხბურთელმაც ტურინელებთან სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა.

"რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ერთ-ერთი ინიციატორია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაუქმდეს და მიიჩნევს, რომ სეზონის მსვლელობისას, გუნდში ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რომაელებმა სატრანსფერო ფანჯარა პასიურად წარმართეს.

ნაპოლი
"ნაპოლიმ" რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარით გაუშვა და მათ შორის, ლორენცო ინსინიეს უმცროსი ძმა პაოლო ინსინიე. თუმცა, მთავარი ლეონარდო პავოლეტის შეძენაა, რომელიც "ჯენოას" ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. ნეაპოლელებს არ გაუმართლათ, როდესაც სეზონის სტარტზე არკადიუშ მილიკი დაკარგეს და იქიდან მოყოლებული საუბრობენ, რომ გუნდს ახალი ცენტრფორვარდი სჭირდება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ახალი ფეხბურთელის დამატება შეუძლებელი იყო და მთელი პირველი წრე მაურიციო სარის გუნდმა პრაქტიკულად უფორვარდოდ ითამაშა. მალე მილიკი გამოჯანმრთელდება, გუნდს უკვე პავოლეტიც ჰყავს, ეს კი შეტევით პოტენციალს მკვეთრად გაზრდის.

ლაციო
"ლაციოს" მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის ყველაზე დიდი არჩევანი ნახევარდაცვაში ჰქონდა, რის გამოც ახალგაზრდა და ნიჭიერი საყრდენი დანილო კატალდი იჩაგრებოდა. ამიტომ დანილო იჯარით "ჯენოაში" გადაბარგდა, "ლაციოს" შუახაზს კი მარკო პაროლო, ლუკას ბილია და მილინკოვიჩ-სავიჩი ამაგრებენ.

ბევრს საუბრობენ ფილიპ ჯორჯევიჩის შესაძლო აბარგების შესახებ, რადგან ბალკანელი ჩირო იმობილეს ჩრდილშია მოქცეული და თამაში იშვიათად უწევს. იყო ლაპარაკი ბალდე კეიტას "მილანში" შესაძლო წასვლაზე, თუმცა მინიმუმ სეზონის ბოლომდე აფრიკელი რომში დარჩება.

"ლაციო" არც ზაფხულში გამოირჩევა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით და, რა გასაკვირია, რომ კლაუდიო ლოტიტომ არც ზამთარში დახარჯა ფული. არადა, "ბიანკოჩელესტე" მეოთხე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ინტერი
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სატრანსფერო კამპანია "ინტერს" ჰქონდა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სეზონის მსვლელობისას, გუნდმა მწვრთნელი გამოიცვალა. ფელიპე მელომ დატოვა მილანი და კარიერას "პალმეირასში" გააგრძელებს. "ინტერმა" გაუშვა სტევან იოვეტიჩიც, რომელსაც უკვე "სევილიას" მაისურით გააქვს გოლები.

სამაგიეროდ, მილანელებმა ახალგაზრდა და ნიჭიერი ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი გადაიბირეს. 22 წლის შუახაზელზე იტალიაში დიდ იმედებს ამყარებენ და სტეფანო პიოლიმაც ის მყისვე გაამწესა ძირითად შემადგენლობაში.

მილანი
"მილანში" ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია და წესით, მალე კლუბი ჩინურმა კომპანიამ უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, კლუბის მესვეურები ტრანსფერებში დიდ თანხებს ვერ ხარჯავენ. თუმცა, სხვების ფონზე, "მილანი", როგორც მინიმუმ, პასიური არ იყო. ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა "კალიარიში" ბრაზილიელი მეკარე გაბრიელი გაუშვეს, მის ნაცვლად კი მარკო სტორარი დაიმატეს.

ასევე, იჯარით გადაიბირეს ჟერარდ დეულოფეუ, რომელიც აქამდე "ვერტონის" ღირსებას იცავდა. ესპანელი შემტევი მხოლოდ 22 წლისაა, მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს იტალიაში. ვთქვათ ისიც, რომ "მილანმა" მოსკოვის "სპარტაკში" გაუშვა ლუის ადრიანო, რომელიც ვერაფრით მოერგო იტალიურ ფეხბურთს.

ფიორენტინა
"ფიორენტინამ" "ატალანტადან" გამოცდილი მეკარე მარკო სპორტიელო დაიმატა, სხვა აქტივობა კი ფლორენციელებს არ ჰქონიათ. იტალიურ სპორტულ პრესაში მუდმივად საუბრობენ ნიკოლა კალინიჩის შესაძლო აბარგების შესახებ, რომელსაც ჩინური კლუბები იწვევენ.

ბოლო ინფორმაციით, დიდია შანსი, კალინიჩი წავიდეს აზიაში, მის სანაცვლოდ კი ფლორენციულმა კლუბმა 45 მილიონი ევრო აიღოს. თავად ფეხბურთელს ჩინელები წელიწადში 12 მილიონ ევროს ჰპირდებიან და ეს მაშინ, როდესაც იტალიაში ხორვატის ხელფასი მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა.

სხვები
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა "ატალანტაა", რომლის ფეხბურთელებზე ნადირობა გაჩაღდა. როგორც აღვნიშნეთ, რობერტო გალიარდინი "ინტერში" გადაბარგდა, მატია კალდარამ კი "იუვენტუსთან" გააფორმა ხელშეკრულება და ტურინულ გრანდს ზაფხულში შეუერთდება. ტაციაობაა ფრანკ კესიზე, რომლის წაყვანაც ინგლისური პრემიერლიგის კლუბებს სურთ. მოკლედ, ამ ფორმაციის "ატალანტას" დიდი დღე არ უწერია და კლუბის მესვეურებს ახალი ფეხბურთელების დამატებაზეც მოუწევთ ფიქრი.

"ჯენოამ" მეკარე რუბინიო დაიბრუნა, რისი მიზეზიც მატია პერინის მძიმე ტრავმაა. გენუელთა ნომერ პირველი მეკარე ლამანაა, რუბინიო კი მისი შემცვლელი იქნება. "ჯენოამ" დანილო კატალდის სახით რომ ნახევარდაცვა გააძლიერა, ეს უკვე ვახსენეთ.

"კიევო" თავდასხმაში ინგლეზეს, მეჯორინის და პელისიერის იმედზე იქნება, ანტონიო ფლორო ფლორესმა კი სერია A დატოვა და ქვედა ლიგაში მოასპარეზე "ბარის" შეუერთდა.

"პესკარა" ჩემპიონატის აუტსაიდერია და დიდი ალბათობით, დაქვეითდება, თუმცა "დელფინები" ხავსს ეჭიდებიან და ცდილობენ, რომ გადარჩნენ. მასიმო ოდოს გუნდმა შეტევაში ალბერტო ჯილარდინო დაიმატა, რომელსაც "ემპოლიში" სათამაშო პრაქტიკა აკლდა.

მიმდინარე სეზონში, დიდი ამბიციები ჰქონდა "ტორინოს" და ჩემპიონატი კარგადაც დაიწყო, თუმცა ბოლოს მოუკლო და სატურნირო ცხრილის შუაგულში გაიჭედა. "ტორო" ორი თავდამსხმელის, მაქსი ლოპესის და ჟოზეფ მარტინესის გაშვებას აპირებს, რადგან მათ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევათ. სამაგიეროდ, ტურინელებმა "რომადან" ხუან იტურბე დაიმატეს.

"სამპდორიამ" "ლეგიადან" მარჯვენა მცველი ბარტოშ ბერეჟინსკი დაიმატა, რომელსაც პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. "სამპას" რიგები დატოვა ანტონიო კასანომ, რომელიც თავისუფალი აგენტია და რადგან საინტერესო შეთავაზება ვერ მიიღო, კარიერის დასრულებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული