ტურინის "იუვენტუსი" სუპერთასის და ტრანსფერების მოლოდინში

AutoSharing Option
2016 წელს, სერია A-ს კიდევ ერთი ტური შედგება, თუმცა ორი მატჩის გამოკლებით - "მილანი" და "იუვენტუსი" თავიანთ შეხვედრებს გამოტოვებენ და მომდევნო წლის 8 თებერვალს გამართავენ, 23 დეკემბერს კი იტალიის სუპერთასის პაექრობაში შეასკდებიან ერთმანეთს.

"იუვენტუსი" მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და არა მარტო სუპერთასის გამო - წინ სატრანსფერო ფანჯარაა და ყველას აინტერესებს, როგორ გამოიყენებს ამ პერიოდს ტურინული გრანდი.

კალდარა 20 მილიონად
იტალიური სპორტული პრესის ცნობით, "იუვენტუსის" და "ატალანტას" მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ მატია კალდარას ტრანსფერთან დაკავშირებით. 20 წლის მარჯვენა მცველი ბერგამოულ გუნდში შესანიშნავ
სეზონს ატარებს და მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, "ვეკია სენიორა".

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ტურინელები შეუთანხმდნენ "ატალანტას" მესვეურებს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 20-მილიონიანი ხელშეკრულება ამ ზამთარს გაფორმდება. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ სეზონის ბოლომდე კალდარა "ატალანტაში" დარჩება და ახალ გუნდში მხოლოდ ზაფხულში გადაბარგდება.

მაროტა სატრანსფერო გეგმებზე
მატია კალდარაზე და ზოგადად, სატრანსფერო გეგმებზე მედიას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ესაუბრა და რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი...

- ამბობენ, რომ კალდარას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მართალია?
- მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და ვცდილობთ, რომ გარიგება წარმატებით დასრულდეს. მატია ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ასეთებს კი ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით. არ დავმალავ, რომ კალდარას გადაბირება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია.

- გავრცელებული ცნობით, "ატალანტადან" რობერტო გალიარდინის გადაბირებაც გსურთ...
- კალდარას მსგავსად, გალიარდინიც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. მისით დაინტერესებულნი ვართ, თუმცა მოლაპარაკება არ დაგვიწყია. ზოგადად, მთელი იტალიის მასშტაბით, აქტიურად ვაკვირდებით პერსპექტიულ ფეხბურთელებს.

- გადაწყვეტილია აქსელ ვიტსელის "იუვენტუსში" გადასვლა?
- გადაწყვეტილი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. მზად ვართ, ვიტსელის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადავიხადოთ, თუმცა რუსები შედარებით მეტს ითხოვენ. იმედია, კომპრომისულ ვარიანტს გამოვძებნით და ბელგიელი ჩვენთან წამოვა.

იგუაინი: სუპერთასი ჩვენ უნდა დაგვრჩეს
"იუვენტუსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გონსალო იგუაინმა "გაძეტა დელო სპორტს" ვრცელი კომენტარი მისცა, იტალიის სუპერთასის მოახლოებულ პაექრობაზე ისაუბრა.

- გახსოვთ სუპერთასი, რომელშიც "ნაპოლისთან" ერთად "იუვენტუსს" მოუგეთ?
- რა თქმა უნდა, მახსოვს და ძალიან კარგადაც. მაშინ მოვიგეთ და ბედნიერი ვიყავი. დღეს უკვე "იუვეს" ღირსებას ვიცავ და ვეცდები, რომ ტროფეი ახალ გუნდთან ერთად მოვიგო. "მილანი" ძლიერი გუნდია და დიდი ჯაფა დაგვადგება. ჩემპიონატის შეხვედრაში "როსონერიმ" გვაჯობა და მახსოვს, მაშინ როგორ გაგვიჭირდა.

- "რომასთან" დიდებული გოლი გაიტანეთ. როგორ იხსენებთ იმ ეპიზოდს?
- დე როსის ორთაბრძოლა მოვუგე, თავი ავწიე, თავისუფალი სივრცე დავინახე, ბურთიც იქით წავიღე და შემდეგ დარტყმის დროც მოვიდა. ასეთ მომენტებში, ყველაფერი წამებში ხდება და ინსტინქტურად მოქმედებ. თუ დაფიქრდი, მცველი დაგასწრებს და შეტევაც დასრულდება.

- ცვლით თამაშის სტილს იმის მიხედვით, თუ ვინ გყავთ მეწყვილე: პაულო დიბალა თუ მარიო მანჯუკიჩი?
- ორივე შესანიშნავი პარტნიორია და მათთან ერთად მოედანზე ყოფნა დიდი კომფორტია. ჩემი თამაში ნამდვილად არ იცვლება, მიზანი კი ერთადერთია: გავიტანო გოლი და გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.

- როგორ ფიქრობთ, სჭირდება "იუვენტუსს" გაძლიერება ზამთარში?
- "იუვენტუსი" ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გაძლიერება გუნდს არასდროს აწყენს. მოდით, ეს საქმე კლუბის მესვეურებს მივანდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული