"ატალანტა": დიდი ზეიმი ბერგამოში

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენა "ატალანტაა", რომელსაც 26 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია და მესამეზე მყოფ "ნაპოლის" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

სეზონის წინ ვერავინ იფიქრებოდა, რომ ჩემპიონატის ეკვატორზე ბერგამოული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში იქნებოდა ჩაბმული.

გასულ უქმეებზე, "ატალანტამ" გასვლაზე "ნაპოლის" მოუგო, რითაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ნეაპოლელებს კი 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ბერგამოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს აეროპორტში დაახლოებით 5 000 ტიფოზი დახვდათ, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს, ისროლეს პეტარდები, დააყენეს ფერადი კვამლი და ფეხბურთელებს სხვადასხვა სიმღერა მიუძღვნეს. ჟურნალისტებმა
კომენტარები იქვე, აეროპორტში აკრიფეს, ყურადღების ცენტრში კი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი და დუბლის ავტორი მატია კალდარა იყვნენ...

ჯან პიერო გასპერინი: "ეს ზღაპარია, რომლისაც არავის სჯეროდა. ვინ იფიქრებდა, რომ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე ვიქნებოდით, ჩემპიონთა ლიგის ზონიდან კი მხოლოდ სამი ქულა დაგვაშორებდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ აეროპორტში ამდენი გულშემატკივარი და ასეთი ატმოსფერო დაგვხვდებოდა. ჩვენ ვაკეთებთ რაღაც ძალიან კარგს და მნიშვნელოვანს.

გულშემატკივართა სიხარული გასაგებია, ჩვენ კი საზეიმოდ არ გვცალია და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. წინ "ფიორენტინასთან" მატჩია, ურთულეს მეტოქესთან და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს".

მატია კალდარა: "მთავარი არა გოლები, არამედ გამარჯვებაა და ბედნიერი ვარ, რომ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ გვჯერა სასწაულის, რომლისთვისაც ვიბრძვით და რომელიც სულ უფრო რეალური ხდება. ნეაპოლში "ნაპოლის" დამარცხება ურთულესი საქმეა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. "ატალანტას" წარმატების ფორმულა? - ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული გუნდი და ბრწყინვალე მწვრთნელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ატალანტაში,ბავშვთა აკადემიაში არ არიან ქართველი ძმები? თუ მეშლება? ეგრე მახსოვს
Avto
16:30 28-02-2017
0

სიახლეები პოპულარული