სტეფანო პიოლი: კონტეთი და სიმეონეთი ვერ შემაშინებთ

AutoSharing Option
* მას შემდეგ, რაც სტეფანო პიოლი "ინტერში" დაინიშნა (8 ნოემბერი), გუნდი საშუალოდ თამაშში 2,11 ქულას აგროვებს.

* პიოლის ასეთი კარგი მაჩვენებელი არცერთი გუნდის მწვრთნელობისას არ ჰქონია სერია A-ში. "ლაციოში" ის საშუალოდ 1,67 ქულას აგროვებდა თამაშში.

* "ინტერი" ცხრილში, მარტო პიოლისთან ერთად პერიოდი რომ ითვლებოდეს, ახლა მესამე ადგილზე იქნებოდა 34 ქულით და ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდა.

51 წლის სტეფანო პიოლის თავკაცობით, მილანის "ინტერს" ჰქონდა ლოკალური ჩავარდნები, მაგრამ მთლიანობაში, გუნდი მაინც წარმატებით ასპარეზობს. სწორედ პიოლის მწვრთნელობით დაძლია "ნერაძურიმ" კრიზისი და სატურნირი
ცხრილის შუაგულიდან ლიდერთა მარაქაში გაერია. "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და თუ სეზონის ჩაგდებულ სტარტს გავითვალისწინებთ, ეს უკვე დიდი მიღწევაა და მწვრთნელიც ქებას იმსახურებს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ სეზონის დასრულებისთანავე, "ინტერს" სტეფანო პიოლი დატოვებს და მის ადგილს ან ანტონიო კონტე დაიკავებს, ან დიეგო სიმეონე.

ორივე უმაღლესი დონის მწვრთნელია და ბუნებრივია, რომ მილანური გრანდის მესვეურები ცდუნების წინაშე არიან - იტალიური მედიის ცნობით, კონტე მზადაა, დატოვოს "ჩელსი" და თუ წელიწადში 15 მილიონი ევრო ექნება ხელფასად, "ინტერს" მიაშუროს - რაც შეეხება სიმეონეს, მან თითქოს, მოჭამა თავისი დრო "ატლეტიკოში" და რადგან ფეხბურთელობის ჟამს "ინტერში" საუკეთესო წლები აქვს გატარებული, თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიამოვნებით გაწვრთნიდა მილანურ გუნდს.

მოკლედ, კონტესაც და სიმეონესაც აქტიურად აკავშირებენ "ინტერს", ამ ყველაფერზე კი სტეფანო პიოლი მშვიდად რეაგირებს, რაც მისი კომენტარიდან ჩანს:

"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, კლუბის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა მაქვს და დანარჩენი კი ნაკლებად მადარდებს. მწვრთნელის მუშაობა შედეგებით ფასდება და მოდი, დაველოდოთ ჩემპიონატის დასრულებას. შესაძლოა, ჩემი ბედი იმაზე იყოს დამოკიდებული, მოხვდება თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში. ამ თემაზე კლუბის მესვეურებთან არ მილაპარაკია და არც ვაპირებ ლაპარაკს.

მე მსურს ყველა კონკრეტულ შეხვედრაში გამარჯვება და გუნდსაც ამისთვის ვამზადებ. კონტე და სიმეონე შესანიშნავი მწვრთნელები არიან, თუმცა მათი მუდმივი ხსენებით ჟურნალისტები ვერ შემაშინებთ - დღეს "ინტერის" მწვრთნელი მე ვარ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული