სახელდება ახალი თარიღი, 7 აპრილი, მაგრამ პარალელურად ვრცელდება ცნობები ჩინურ კონსორციუმში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ ჩაშალოს.
ამასობაში, პრესას კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება და კლუბისთვის სასიკეთოდ დასრულდება. უნდა ვაღიარო, რომ მოლაპარაკების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს და არის სირთულეები,
ნიშნავს თუ არა ჩემი სიტყვები ჩინელებთან მოლაპარაკების გარდაუვალ ჩაშლას? - არა, ასე ნამდვილად არაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. ბერლუსკონის არაერთხელ უთქვამს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს კლუბს, თუ ექნება გარანტია, რომ ახალი მფლობელის ხელში გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს - დღეს ასეთი გარანტია არ არსებობს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
გალიანის სიტყვები დასტურია იმის, რომ მოლაპარაკების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს და დიდია შანსი, ჩაიშალოს. შესაბამისად, რთულია დღეს იმაზე ლაპარაკი, ექნება თუ არა "მილანს" ფული ზაფხულის ტრანსფერებისთვის და საერთოდ, რა ბედი ელის ამ გუნდს...
***
ამ დროს, ბევრი მსურველი ჰყავს "როსონერის" მთავარ ვარსკვლავ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა და უდიდესი მომავალი აქვს. დონარუმას გადაბირება "იუვენტუსს" სურს, რადგან 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ჯიჯი ბუფონი კარიერას დაასრულებს და მისი ადგილი ტურინულ გრანდში ვაკანტური გახდება.
დიდი ცდუნებაა, რომ ბუფონი არა მარტო ნაკრებში, გუნდშიც შეცვალო, მით უმეტეს, როდესაც ეს გუნდი "იუვენტუსია", მაგრამ დონარუმა ბავშვობიდან "მილანისტაა", რასაც მისი მოკლე ინტერვიუ ადასტურებს...
- სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ "იუვენტუსში" გააგრძელებთ კარიერას...
- მე "მილანისტა" ვარ და ჩემი სურვილია, რომ მთელი კარიერა საყვარელ გუნდში ვითამაშო. კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკებას აგენტი აწარმოებს და იმედი მაქვს, კონტრაქტს მალე გავახანგრძლივებ.
- თუმცა, თქვენი აგენტი მინო რაიოლაა, რომლის მიზანი ყოველთვის ფეხბურთელის სარფიანი ტრანსფერი იყო და არა კონტრაქტის გახანგრძლივება...
- შესაძლოა, ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ფეხბურთელის სურვილს პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე "მილანის" გულშემატკივარი ვარ და მსურს, მხოლოდ ამ გუნდში ვითამაშო.
- "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ, მოედნიდან გასვლის წინ, განრისხებული იყავით და იყვირეთ: "ყოველთვის ამათ ეხმარებიან"...
- ამ სიტყვებს არ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ძალიან გაბრაზებული ვიყავი მარცხის გამო. თანაც, გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავუშვით თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ხანდახან რთულია ემოციების კონტროლი. რაც შეეხება "იუვენტუსს", ეს გუნდი დამსახურებულად ლიდერობს და უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საუკეთესოა იტალიაში.
- იტალიის ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ალბანეთთან. რას ელით ამ თამაშისგან?
- ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა. მხოლოდ სამი ქულა გვჭირდება და ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. ბუნებრივია, რომ აქტიურად უნდა შევუტიოთ, თუმცა არც დაცვაში უნდა მოვადუნოთ ყურადღება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"