გონსალო იგუაინი: ასეთ შეურაცხყოფას არ ველოდი

AutoSharing Option
"ნაპოლი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში ყურადღების ცენტრში გონსალო იგუაინი იყო მოქცეული, რომელიც ტურინულ გრანდში სწორედ ნეაპოლიდან გადაბარგდა.

სამხრეთელი გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ გონსალოს და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებდნენ - ეს იყო რამდენიმე ათეული ათასი ქომაგის ორგანიზებული სკანდირება და სიმღერები, რომლის შინაარსი მხოლოდ ერთი ადამიანის ლანძღვასა და გინებას ეხებოდა. ამ თემაზე კომენტარი თავად იგუაინმა გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ამ ქალაქისთვის და ამ გუნდისთვის ბევრი გავაკეთე, თუმცა ეს აღარავის ახსოვს. მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ გინება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მესმოდა. ვიცოდი, რომ გულში არ
ჩამიკრავდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთ შეურაცხყოფას არ ველოდი.

უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ამ შეძახილების ატანა იმ სტადიონზე, სადაც ადრე დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მოკლე დროში მაქსიმუმს მივაღწიოთ - მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, რომელსაც არ ვნანობ, თუმცა ნეაპოლურმა დახვედრამ გული დამწყვიტა".

* * *
ფაბიო კანავარო ნეაპოლელია, კარიერის საუკეთესო წლები კი "იუვენტუსში" აქვს გატარებული. მიუხედავად ამისა, დღემდე მუდმივად იმეორებს, რომ მისი გული "ნაპოლის" ეკუთვნის და ბავშვობიდან სწორედ მშობლიური ქალაქის გუნდს ქომაგობდა. "ნაპოლი"-"იუვენტუსის" შემდეგ ჟურნალისტები კანავაროს მოსაზრებით დაინტერესდნენ და სიტყვა გონსალო იგუაინზეც ჩამოუგდეს:

"ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერს წარმოადგენს და უნდა ვეცადოთ, რომ გვესმოდეს მათი. ადვილია კორექტული ფრაზებით საუბარი იმის შესახებ, რომ პიროვნების არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით, ჩავიხედოთ უბრალო გულშემატკივრების გულებში, რომლებსაც ასე ძალიან უყვარდათ იგუაინი და უცებ მას კონკურენტი გუნდის მაისურით ხედავენ.

მე რომ "ნაპოლის" ულტრასებში ვყოფილიყავი, მეც დავუსტვენდი გონსალოს და ეს ლოგიკური რეაქციაა. ვფიქრობ, ეს თვითონ იგუაინსაც ესმის და წესით, მისთვის გულგრილობა უფრო მიუღებელი უნდა ყოფილიყო - ნეაპოლელებს რომ რეაქცია არ ჰქონოდათ, გამოვიდოდა, რომ მათთვის გონსალო არც არასდროს წარმოადგენდა რამეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული