სავარაუდო ტრანსფერები: 40 მილიონი კეიტას და ბილიას სანაცვლოდ

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 150 მილიონ ევროს დახარჯავენ - აქედან 50 მილიონი უკვე გადადებულია და ის სამი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაიხარჯება.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მილანში" გააგრძელებენ კარიერას ფრანკ კესიე, რიკარდო როდრიგესი და მატეო მუსაკიო - ამ უკანასკნელმა მილანელოზე უკვე სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"დიდ გუნდში მოვხვდი და ეს ძალიან მახარებს. "მილანი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და იყო ამ ისტორიის ნაწილი, მართლაც საამაყოა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელს თავი მოვაწონო და გუნდთან ერთად
ტიტულები მოვიგო".

"მილანის" სამიზნეში "ლაციოს" ორი ფეხბურთელი მოხვდა: ლუკას ბილია და ბალდე კეიტა. ლომბარდიული გრანდი მზადაა, რომ ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯამში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

31 წლის არგენტინელ ნახევარმცველს და 22 წლის სენეგალელ ფორვარდს რომაულ კლუბთან ხელშეკრულება ერთ წელიწადში უმთავრდებათ და გახანგრძლივებას არ აპირებენ - სწორედ ამიტომ მოუწევს "ლაციოს" დათმობებზე წასვლა, რადგან დიდია შანსი, 2018 წლის ზაფხულში ორივე ფეხბურთელი უფასოდ დაკარგოს. "მილანის" მესვეურებმა ოფიციალურად მიმართეს რომაელებს და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...

ამასობაში, დიდი აჟიოტაჟია ჯანლუიჯი დონარუმას გარშემო, რომლის გადაბირებაც ევროპულ გრანდებს სურთ, განსაკუთრებით კი, ინგლისური კლუბები აქტიურობენ - 18 წლის მეკარეში კოლოსალურ თანხებს იხდიან და თავად ჯიჯისაც ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ - ამ თემაზე კომენტარი "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:

"კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჯანლუიჯი დონარუმა შეინარჩუნონ. ჯიჯი საკუთარი შვილივით მიყვარს და იმედია, რომ ის კიდევ დიდხანს ითამაშებს "მილანის" შემადგენლობაში. დონარუმა მხოლოდ 18 წლისაა და უკვე ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა ევროპაში - ამიტომ არ მიკვირს, რომ მისით გრანდები ინტერესდებიან. მთავარია, თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს - ჯიჯის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ვიცი, რომ ის "მილანის" გულშემატკივარია და იმედია, გულს მოუსმენს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული