"როცა სანაკრებო კარიერას დავასრულებ, პორტუგალიას შიში არ უნდა ჰქონდეს, ნაკრებს უკვე ჰყავს დიდი ფორვარდი, ეს ანდრე სილვაა". ამ შექების მერე 22 წლის სილვა პორტუგალიაში არ დაბრუნებულა, "მოდის დედაქალაქში" გადაფრინდა
პორტუგალიელ ფორვარდს სამედიცინო შემოწმებაზე პრობლემები არ შექმნია და მასთან კონტრაქტიც უმალ გაფორმდა. "პორტუს" ექსფეხბურთელი "მილანში" 2022 წლის ზაფხულამდე გააგორებს ბურთს. "პორტუს" ამ ფეხბურთელთან დადებულ კონტრაქტში ეწერა, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მედიის ცნობით, "მილანმა" პორტუგალიელში "მხოლოდ" 38 მილიონი ევრო გადაიხადა.
საქმე ისაა, რომ "პორტუ" ფინანსური "ფეარ პლეის" წესის დარღვევის გამო ისედაც დასჯილია და ფეხბურთელის 60 მილიონად გაყიდვა მის სასჯელს გააორმაგებდა. იტალიელებმა სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლეს და ტალანტი შედარებით იაფად ჩაიგდეს ხელში. სხვათა შორის, სილვას ყიდვა რუსულ "ზენიტს" სურდა, მაგრამ ფეხბურთელს ერთი წამითაც არ გაუფიქრია რუსეთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება:
"ძალიან მიხარია, რომ ახლა აქ ვიმყოფები. "მილანის" საწვრთნელმა ბაზამ მომხიბლა, ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ შრომას. "მილანი" ავარჩიე იმიტომ, რომ ეს კლუბი უდიდესი ისტორიის პატრონია. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ყველაფერს ვიღონებ, რომ გუნდმა იტალიის ჩემპიონატი მოიგოს და სხვა დასახული მიზნებიც შეასრულოს. "მილანი" ჩემი ოცნებაა. კრიშტიანო რონალდოს უნდა დაველაპარაკო, რომელიც ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს. იმედი მაქვს, რომ მეც მასავით დიდი ფეხბურთელი გავხდები", - განუცხადა ანდრე სილვამ "მილანის" საკლუბო ტელევიზიას.
პორტუგალიელის აგენტი, რა თქმა უნდა, ჟორჟე მენდეშია, რომელიც მაღალი წარმოდგენისაა თავის კლიენტზე: "არც კი მეპარება იმაში ეჭვი, რომ ერთი-ორ წელიწადში ანდრე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. რონალდომ მას უთხრა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში მოუწევს თამაში".
სილვას მისვლა, შესაძლოა, კლუბიდან კარლოს ბაკას წასვლას ნიშნავდეს, თუმცა კოლუმბიელის აგენტი სერხიო ბარილა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა: "კარლოსს კონტრაქტი აქვს "მილანთან" და თუ კლუბმა კიდევ ერთი ფორვარდი დაიმატა, ეს მხოლოდ კონკურენციის გაზრდას მოასწავებს. თუმცა ზაფხული გრძელია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს". ბაკას 2020 წლამდე აქვს "მილანთან" კონტრაქტი.
უცნაური ფასდაკლების მიუხედავად, ანდრე სილვა "მილანის" ისტორიაში ერთ-ერთი უძვირესი ტრანსფერით დაიკვეხნის - მასზე მეტი მხოლოდ მის თანამემამულე რუი კოშტაში (42 მილიონი ევრო) გადაიხადეს. სილვას ტრანსფერი ოდნავ უსწრებს ფილიპო ინძაგისას (37). ალესანდრო ნესტა და კარლოს ბაკა "მილანს" 30-30 მილიონი ევრო დაუჯდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"