"მილანი" შოკირებულია: რამდენს ბედავს ეს ყმაწვილი?!

AutoSharing Option
ჯანლუიჯი დონარუმას ბედი, დიდი ალბათობით, დღეს უნდა გადაწყდეს, როცა 18 წლის მეკარის აგენტი მინო რაიოლა "მილანის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

გუშინ დილით კი "როსონერის" გოლკიპერს საბოლოო პასუხი უნდა ეთქვა, აწერს თუ არა ხელს ახალ კონტრაქტს (ძველი 2018 წლის ზაფხულში ეწურება), რომლის ძალითაც წლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე ეზრდება.

როგორც "სქაი სპორტ იტალია" წერს, "მილანის" ხელმძღვანელობა "შოკირებულია ყმაწვილის უპასუხისმგებლობით". სიტუაცია კიდევ უფრო ჩაიხლართა მას მერე, რაც მილანური გრანდის დირექტორი მასიმილიანო მირაბელი 21-წლამდელთა შეკრებაზე მყოფ დონარუმას უშუალოდ შეეხმიანა, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ მიიღო.

დირექტორისა და ფეხბურთელის პირდაპირმა კონტაქტმა კი რაიოლა გააცოფა - აქაოდა, კლუბი დონარუმას ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო. ამას მოჰყვა "მილანის" აღმასრულებელი დირექტორის, მარკო ფასონეს ზარი აგენტის მობილურზე. მან რაიოლას შესთავაზა მორატორიუმი ყოველგვარ განცხადებაზე მანამ, ვიდრე დღევანდელი მოლაპარაკება არ მოჰფენს ნათელს ამ გაჭიანურებულ საგას.

მოგეხსენებათ, დონარუმას გადაბირებით დაინტერესებულია პსჟ, რომელმაც ამ საქმეში, თითქოს, ყველა კონკურენტი ჩამოიშორა. ცალკეა რაიოლა, რომელიც ახალგაზრდა კაცს, ეტყობა, თავგზას უბნევს და არწმუნებს, არ დათანხმდეს 4-მილიონიან ხელფასზე, რაკი ევროპული გრანდები მისთვის რიგში დგანან და უფრო მეტსაც იძლევიან.

ეს სიგიჟეა!
ვფიქრობთ, ამ ამბებთან დაკავშირებით საინტერესო უნდა იყოს "მილანის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის კომენტარიც. მით უმეტეს, იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს, "როსონერის" ექსმაღალჩინოსანი დონარუმას "რეალში" ტრანსფერს ჰპირდება.

ლაპარაკია გალიანისა და "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის სამი კვირის წინანდელ შეხვედრაზე, რომლის დროსაც, ერთ-ერთ საკითხად სწორედ დონარუმას მადრიდული მომავალი განიხილეს. "კორიერე დელო სპორტთან" ინტერვიუში გალიანიმ ამ ბრალდებას "სიგიჟე" უწოდა.

"31 წლის განმავლობაში ვიყავი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი და ახლა ვიღაც ამბობს, რომ ამ კლუბის წინააღმდეგ ვმუშაობ?! ეს ხომ სიგიჟეა?!" - აღშფოთებას ვერ მალავს სინიორ ადრიანო.

მოკლედ, ვნახოთ, რას მოიტანს რაიოლასა და "მილანის" მესვეურებს შორის დღევანდელი შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაყიდონ პსჟ ამის მაქსიმუმია.
sabonis
22:45 15-06-2017
0
ამ ყმაწვილს ახალგაზრდა შახაბაზის (შაჰაბასის) როლი მაგრად მოუხდებოდა!
aburjga
16:03 15-06-2017
0

სიახლეები პოპულარული