სერია A: რა იყო და რას უნდა ველოდოთ?

AutoSharing Option
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში უკვე სატრანსფერო ციებცხელებაა - მომდევნო სეზონის კონტურებსაც განიხილავენ, თუმცა არც გასული სეზონია დავიწყებას მიცემული. გავიხსენოთ განვლილი ბატალიები, შევაჯამოთ სერია A-ს გასული გათამაშება და მომდევნო სეზონსაც გავხედოთ...

კანონზომიერება
"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია და ეს რა თქმა უნდა, კანონზომიერებაა. ტურინული გრანდი ზედიზედ მეექვსედ გახდა საუკეთესო და ეს სერია A-ს ყველა დროის რეკორდია. ტურინელებმა თავიდანვე აიღეს დიდი ფორა და შემდეგ, ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ის, რომ "რომამ" და "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის საგზურები მოიპოვ
ეს, ასევე ლოგიკურია - თუ "ინტერს" არ ჩავთვლით, ეს გუნდები შემადგენლობის სიძლიერით აშკარად სჯობდნენ კონკურენტებს და საუკეთესო სამეულშიც დაიმკვიდრეს ადგილი.

რა მოხდება მომდევნო სეზონში? - "იუვენტუსი" სკუდეტოს მოგების უმთავრეს პრეტენდენტად რჩება და ეს ცხადზე უცხადესია. მართალია, "იუვეს" დატოვებას დანი ალვეში აპირებს და ზოგადად, გუნდზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხმა მძიმედ იმოქმედა, ამ ეტაპზე, ტურინელებს მაინც საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

მოხვდებიან თუ არა საუკეთესო სამეულში "რომა" და "ნაპოლი", ეს უფრო რთულად პროგნოზირებადია - სატრანსფერო ბაზარზე ორივე კლუბი პასიურობს. "რომა" მოჰამედ სალაჰს "ლივერპულში" უშვებს, შევსება კი ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო ნეაპოლიდან საერთოდ არაფერი ისმის. ამასობაში, "ინტერს" ლუჩანო სპალეტი ჩაუდგა სათავეში და რა გუნდს გააკეთებს, რთული სათქმელია - სპალეტის ნამდვილად შეუძლია "ნერაძურის" გამოცოცხლება. რაც შეეხება "მილანს", გუნდში დიდი ინვესტიცია იდება და ვინჩენცო მონტელას განკარგულებაში გაცილებით ძლიერი შემადგენლობა იქნება, ვიდრე გასულ სეზონში...

მილანელები ისევ ჩრდილში
როგორც იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები ამბობენ, იტალიური ფეხბურთის რენესანსი დაიწყება მაშინ, როდესაც მილანური გრანდები დაიბრუნებენ ძველ დიდებას და "იუვენტუსს" საჩემპიონო კონკურენციას გაუწევენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მხრივ, მომდევნო სეზონში შეიძლება უკეთესობა იყოს, მაგრამ გასულ სეზონში რომ "მილანიც" და განსაკუთრებით "ინტერი" ჩრდილში იყვნენ, ფაქტია.

"მილანმა" მხოლოდ იმიტომ მოიპოვა ევროპალიგის საგზური, რომ იტალიის თასის ფინალში ევროპაზე უკვე გასული "იუვენტუსი" და "ლაციო" გავიდნენ, "ინტერს" კი მომდევნო სეზონში მხოლოდ შიდა ასპარეზით მოუწევს დაკმაყოფილება.

ლუჩანო სპალეტი "ინტერის" გულშემატკივართა ახალი იმედია - შავ-ლურჯთა ბანაკში იმედი აქვთ, რომ სპალეტისთან ერთად, გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე იასპარეზებს და უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს. "მილანელებს" კლუბის ახალი მესვეურების ეიმედებათ, რომლებიც უკვე ხარჯავენ ფულს ტრანსფერებში და ამ ზაფხულს, დიდი გეგმები აქვთ...

მოტივაციის გარეშე
იყო დრო, როდესაც სერია A-ში 18 გუნდი ასპარეზობდა - საუკეთესო გუნდები ევროთასებზე გადიოდნენ, ხოლო 4 გუნდი სერია B-ში ვარდებოდა. იმ პერიოდში, ჩემპიონატის ბოლო ტურამდე თითქმის ყველა გუნდს სატურნირო მოტივაცია ჰქონდა, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა...

სერია A-ში 20 გუნდი ასპარეზობს, ქვედა ლიგაში კი მხოლოდ 3 ვარდება - იტალიის გასულ ჩემპიონატში 8 ისეთი გუნდი იყო, რომლებმაც მთელი ჩემპიონატი პრაქტიკულად უმოტივაციოდ ჩაატარეს. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ ისეთი საშუალო კალიბრის იტალიური გუნდები ვერც ევროზონას შეწვდებოდნენ და მათ არც გავარდნა ემუქრებოდათ. შედეგად, "სამპდორიამ", "კალიარიმ", "სასუოლომ", "უდინეზემ", "კიევომ" და კიდევ რამდემე გუნდმა თითქმის მთელი ჩემპიონატი მოტივაციის გარეშე ჩაატარეს, რაც ჩემპიონატის საერთო დონეზე უარყოფითად აისახება.

ფედერკალჩოს პრეზიდენტი კარლო ტავეკიო დიდი ხანია, საუბრობს სერია A-ში გუნდების რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია...

სეზონის აღმოჩენა
სეზონის მთავარი აღმოჩენა უდაოდ "ატალანტაა", რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა და ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. ბერგამოულ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გაიბრწყინეს, რომლებიც შემდეგ ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

"ატალანტას" წარმატების მთავარ შემოქმედად მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი მიიჩნევა, მაგრამ თუ მას ფეხბურთელები არ ეყოლება, გაუჭირდება მიღწეულ სომაღლეზე გუნდის შენარჩუნება - ჯერ კიდევ შუა სეზონში, გუნდი რობერტო გალიარდინიმ დატოვა, ამ ზაფხულს კი ფრანკ კესიე "მილანში" გადაბარგდა; წასასვლელად ემზადებიან ანდრეა კონტი, მატია კალდარა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, ასეთ პირობებში კი რთულია იმის პროგნოზირება, რომ "ატალანტა" მომდევნო სეზონშიც ლიდერებში იქნება - მით უმეტეს, ბერგამოელებს ევროპალიგაზე მოუწევთ ასპარეზობა, ორ ფრონტზე ბრძოლა კი მეტ ენერგიას მოითხოვს...

კიდევ ერთი აღმოჩენა
"ლაციო" ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ბოლო წლებში ძლიერი შემადგენლობით ვერ დაიკვეხნის - შესაბამისად, ბევრისთვის მოულოდნელი იყო რომაული გუნდის წარმატებვული ასპარეზობა. დიდი ხნის განმავლობაში, "ლაციო" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, საბოლოოდ კი ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ამასთან, "ბიანკოჩელესტე" იტალიის თასის ფინალში გავიდა, სადაც "იუვენტუსთან" დამარცხდა. გუნდის წარმატებები მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის უკავშირდება, რომელმაც გადაჭარბებით შეასრულა მასზე გაცემული ავანსები.

რა ბედი ელის მომდევნო სეზონში "ლაციოს"? - ინძაგიმ უკვე დაამტკიცა, რომ მწირი რესურსითაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი - ჯერჯერობით, კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პასიურობენ; იტალიურ სპორტულ მედიაში მხოლოდ "ლაციოდან" წამსვლელებზე ვრცელდება ცნობები - მაგალითად, გუნდის დატოვებას საუკეთესო ნახევარმცველი ლუკას ბილია და გამორჩეული შემტევი, ბალდე კეიტა აპირებენ.

სენსაცია
ის, რაც "კროტონემ" ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გააკეთა, არა თუ სენსაცია, ნამდვილი საოცრება იყო - "ზვიგენები" ჩემპიონატის მთავარ აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ და 30 ტურამდე უიმედოდ იყვნენ გასავარდნ ზონაში. ის, რაც შემდეგ მოხდა, რთული ასახსნელია - "კროტონე" გარდაისახა, 9 შეხვედრიდან 6 მოიგო, მხოლოდ 1-ში დამარცხდა (ისიც "იუვენტუსთან") და ელიტარულ ლიგაში შეინარჩუნა ადგილი - შედეგად, სერია B-ში "ემპოლი" გავარდა, რომელმაც ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი გაიტანა - ტოსკანელთა აქტივში მხოლოდ 29 შედეგიანი დარტყმაა...

სეზონის იმედგაცრუება
"ინტერზე" უკვე ვილაპარაკეთ - შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, "ნერაძური" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია იტალიაში, მაგრამ ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. ბუნებრივია, რომ "ინტერი" ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაა.

გულშემატკივრები მეტს ელოდნენ "ფიორენტინასგან", რომელმაც სერია A მე-8 ადგილზე დაასრულა და ასევე, ევროსაგზურის გარეშე დარჩა. შედეგად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაულო სოუზა გაუშვეს და მისი ადგილი სტეფანო პიოლიმ დაიკავა. თუმცა, მწვრთნელი რას გახდება, თუ კლუბის მესვეურებმა შემადგენლობა არ გააძლიერეს - ჯერჯერობით, ფლორენციელებიც პასიურობენ და ერთადერთი, რაც მათი ბანაკიდან ისმის, ბორხა ვალეროს, ფედერიკო ბერნარდესკის და ნიკოლა კალინიჩის სავარაუდო წასვლაა. თუ ასე გაგრძელდა, "ფიორენტინას" მომდევნო სეზონშიც გაუჭირდება წარმატების მიღწევა.

ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები
ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) - ანდრეა კონტი (ატალანტა), მატია კალდარა (ატალანტა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალექს სანდრო (იუვენტუსი) - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რაჯა ნაინგოლანი (რომა), ლუკას ბილია (ლაციო) - დრის მერტენსი (ნაპოლი), ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა).

ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონი ჩააგდეს
ჯო ჰარტი (ტორინო) - შტეფან ლიხტშტაინერი (იუვენტუსი), ჯეისონ მურილიო (ინტერი), ლორენცო ტონელი (ნაპოლი), მატია დე შილიო (მილანი) - მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), ემანუელე ჯაკერინი (ნაპოლი) - რიკარდო საპონარა (ემპოლი/ფიორენტინა) - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა/ნაპოლი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული