იტალია. სერია A. VI ტურის წინ: დააკვირდით ალესიო ჩერჩის!..

AutoSharing Option
სერია A-ს VI ტურში რამდენიმე საყურადღებო თამაშია, თუმცა გამორჩეული იქნება ტურინული დერბი, რომელიც "ოლიმპიკოზე" ჩატარდება და მას "ლელოს" კორესპონდენტი გოტფრიდ ლენციც დაესწრება.

ასე რომ, ელოდეთ შთაბეჭდილებებს ინდუსტრიული ქალაქიდან. ჩვენ კი მივყვეთ შაბათ-კვირის ბრძოლებს...

ვენტურა ეჭვობს...
რა კარგ დროს უწევს ტურინული დერბი - ორივე გუნდს პოზიტიური სტარტი აქვს და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ინტრიგას.

დერბის დროს მოტივაციებზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა "ტოროს" ის გაცილებით მეტი აქვს, რადგან "იუვენტუსი" 1994/95 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებია.

"ინდუსტრიული ბოსებისა" ("იუვენტუსი") და "მუშათა კლასის" ("ტორინო") დაპირისპირება
წარმოუდგენელია შეხლა-შემოხლის გარეშე. წვრილმანი ხულიგნობა ჩვეულებრივი ამბავია, ბოლო წლების ყველაზე დიდი არეულობა კი 2008 წელს იყო, როცა პოლიციამ 40-მდე ტიფოზი დააპატიმრა, რამდენიმემ კი ჰოსპიტალში ამოჰყო თავი.

ასე რომ, განსაკუთრებული სამზადისია სამართალდამცავებს შორისაც. სხვათა შორის, "ტორინოს" 9 ქომაგს, რომელიც ძველი ცოდვების გამო იდენტიფიცირებულია პოლიციის მიერ, დერბიზე დასწრება აკრძალული აქვს...

თუმცა დავუბრუნდეთ წინასამატჩო სიტუაციას. "იუვეს", რომელიც ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს, მთავარ ამოცანად ახალი "ჯოკერის" განეიტრალება იქნება - ვგულისხმობთ ფორვარდ ალესიო ჩერჩის, რომელმაც "ვერონასთან" ოთხშაბათის მატჩში დუბლი გაიფორმა. სხვა მხრივ, ჯამპიერო ვენტურას კრებული შესაშური გუნდურობით გამოირჩევა და ანტონიო კონტემ ისეთი კონტრტაქტიკა უნდა შეიმუშაოს, რომ საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს.

სავარაუდოდ, ჩერჩის პერსონალური მეურვე ეყოლება პოლ პოგბას სახით.

რაც შეეხება მეორე მხარეს, ყურადღების ცენტრში იქნება კარლოს ტევესი, თუმცა ვენტურა ეჭვობს, რომ არგენტინელის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ ზომებს მიმართოს - ჩვენ მარტო ტევესი კი არა, მთლიანად "იუვენტუსი" უნდა გავაჩეროთო, ასეთი პასუხი გასცა მან "ტუტოსპორტის" ჟურნალისტს.

სერიოზული ჯახია მოსალოდნელი მოედნის მთელ პერიმეტრზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე გუნდი იდენტური სქემით (3-5-2) თამაშობს. ფლანგები და მოედნის ცენტრი - აქ იქნება ბრძოლის ეპიცენტრი.

რევანშის კვირეული
ზედიზედ მესამე მატჩია, "რომას", რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, რევანშისთვისაც უწევს ბრძოლა - გასულ უქმეებზე "ლაციოს" დერბი მოუგო და თასის ფინალში მარცხისთვის იყარა ჯავრი; შუა კვირაში "სამპდორიას" სტუმრად 2:0 მოუგო და შარშანდელი 1:3 დავიწყებას მისცა, ახლაა და "ბოლონიას" წინა სეზონის 2:3-სთვის უნდა "აგებინოს პასუხი".

რამდენიმე საყურადღებო დეტალი. "რომამ" "ბოლონიასთან" ბოლო 15 საშინაო მატჩიდან 9 მოიგო; ამ ჩემპიონატის ხუთ სასტარტო მატჩში გაიტანა 12 გოლი და ყველა - მეორე ტაიმში. უჩვეულოდ საიმედოა "ჯალოროსის" დაცვის ხაზიც - მხოლოდ 1 გაშვებული გოლი 5 მატჩში.

მოკლედ, არანაირი წინაპირობა იმისი, რომ "ლუპიმ" ("მგლები") ბრწყინვალე სტარტი მაინცდამაინც "ბოლონიასთან" გააფუჭოს, ჯერჯერობით არ ჩანს.

რუდი გარსიამ კი მატჩისწინა პრესკონფერენციის დიდი ნაწილი ფრანჩესკო ტოტის ქება-დიდებაში გაატარა. 27 სექტემბერს "პუპონეს" 37 წელი შეუსრულდა. რამდენიმე დღის წინ "ილ კაპიტანომ" მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა.

"ის არა მარტო დიდი ფეხბურთელი, არამედ დიდი ადამიანიცაა. "რომაში" რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ამ გუნდს გენიალური კაპიტანი და ლიდერი ჰყავდა. ფრანჩესკო არის ფეხბურთელი, ვისგანაც ახალგაზრდებმა მაგალითი უნდა აიღონ", - თქვა გარსიამ.

ბენიტესი როტაციაზე უარს ვერ იტყვის
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" "სასუოლოსთან" წინა ტურში კისერი წაიტეხა (1:1 "სან პაოლოზე"), რაფა ბენიტესი შემადგენლობის როტაციაზე უარის თქმას არ აპირებს და ეს დაადასტურა კიდეც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

კარგად გვესმის ესპანელი სპეციალისტის - კამპანიელებს ლონდონში "არსენალთან" დაპირისპირება აქვთ წინ. "დორტმუნდთან" პირველ ტურში გამარჯვებას კი განმტკიცება უნდა და სწორედაც რომ ლონდონურ მატჩზე იქნება კონცენტრაცია.

თუმცა ბენიტესი არც იმას აპირებს, ჩემპიონთა ლიგის გამო საშინაო ფრონტს ყურადღება მოაკლოს. მას აშკარა უპირატესობა აქვს ჯენოელ კოლეგა ფაბიო ლივერანიზე, რომელსაც ჯერ მწვრთნელის პრო-ლიცენზიაც არ აქვს. ასე რომ, "ნაპოლიმ" მეტოქე ტაქტიკურადაც უნდა დაჯაბნოს და კლასითაც.

შარშან ნეაპოლელებმა გენუაში 4:2 მოიგეს და საერთოდაც, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში საშუალოდ 2.67 გოლი გადის.

ალეგრი მოგებას ითხოვს
შარშანდელის არ იყოს, "მილანს" ახლაც ცუდი სტარტი აქვს. ამჯერად, მიზეზი უფრო მარტივი ასახსნელია - ლამის ნახევარი გუნდი მკურნალობს, დისკვალიფიცირებულ მარიო ბალოტელის კი 2 მატჩის აქვს კიდევ გამოსატოვებელი...

"როსონერი" მასპინძლობს "სამპდორიას", რომელთანაც გასული სეზონის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა. მას მერე, "სამპდორია" წინ არ წასულა - ახლაც გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

ერთი ნიუანსია კიდევ, რაც ალეგრიმ უნდა გაითვალისწინოს - მიმდინარე სერია A-ში გენუელებმა ორივე ქულა სტუმრად მოიპოვეს და გოლებიც სწორედ ამ შეხვედრებში გაიტანეს.

"მძიმე თამაში გველოდება, - თქვა ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, - "სამპდორიამ" კარგად ითამაშა "რომასთან" და ეჭვი არ მეპარება, ჩვენც ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. დელიო როსი ბრწყინვალე მწვრთნელია და იცის, როგორ გამოიყვანოს გუნდი კრიზისიდან, თუმცა ჩვენი ამოცანა გარკვეულია - აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ".

საინტერესოა, რომ "მილანმა" "სამპთან" ბოლო 5 საშინაო მატჩიდან 3 მოიგო და სამივე ერთნაირი ანგარიშით - 3:0.

უსახლკარო "კალიარი" და "ლაციო" კლოზეს გარეშე
მოსალოდნელი იყო, რომ "კალიარის" "ინტერისთვის" შინაურ "სანტ'ელიაზე" უნდა ემასპინძლა, მაგრამ კვლავ ტრიესტეში მოუწევს სტუმრის მიღება, რაკი ხსენებული არენა სტანდარტებს ჯერაც ვერ პასუხობს.

პრინციპში, "ინტერისთვის" ამას მნიშვნელობა არც აქვს, პირიქით - "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ ვალტერ მაძარის გუნდი კიდევ უფრო წელგამართულია და ვეჭვობთ, სარდინიელებს სერიოზული შანსი ჰქონდეთ ნეიტრალურ მოედანზე. მაგრამ ერთი მომენტიცაა - "ინტერი" თავიდან შენდება და ასეთ დროს არასტაბილურობის პრობლემა იჩენს ხოლმე თავს...

"სასუოლოსთან" გასვლით მატჩში "ლაციოს" არ ეყოლება ტრავმირებული მიროსლავ კლოზე. მასპინძელს კი რეაბილიტაცია მართებს საკუთარი გულშემატკივრის თვალში, "ინტერთან" ერთი კვირის წინანდელი 0:7-ის გამო.

როგორც ამბობენ, "ატალანტას" მწვრთნელ სტეფანო კოლანტუონოს შეიძლება პოსტი დაატოვებინონ, თუკი ბერგამოდან "უდინეზეს" სამ ქულას გაატანს (ფრეზეც არ ეტყვიან მადლობას).

"კატანია" მასპინძლობს "კიევოს", რომლის ფორვარდ სერჯო პელისიერს სიცილიური კლუბისთვის რეგულარულად (შინ იქნება თუ გარეთ) გააქვს გოლები.

"ვერონა" და "ლივორნო" სერია A-ში პირველად ხვდებიან ერთმანეთს. საინტერესოა, რომ სტუმარს "ბენტეგოდიზე" ბოლოს 2002 წელს აქვს მოგებული.

ტური მთავრდება ორშაბათს - ამბიციური "ფიორენტინა" უმასპინძლებს "პარმას", რომელსაც დისკვალიფიცირებული ფორვარდი კარვალიო ამაური არ ეყოლება. ვინჩენცო მონტელას კი სასჯელმოხდილი დავიდ პისაროს გამოყენების უფლება ექნება.

ხუთშაბათს "ფიორენტინამ" სეზონში პირველად წააგო. თავის მხრივ, "ინტერმა" ურთულესი თამაში შემოატრიალა. არადა, მეხუთეტურამდე ფლორენციელებს ყველა გასვლითი ბრძოლა ჰქონდა მოგებული. "ვიოლას" მარცხის მიზეზი მაინც უკბილო თამაში გვგონია, ვიდრე "ინტერის" ძლევამოსილება - მონტელას გუნდი არ იყო ისეთი კონცენტრირებული, როგორიც წინა ოთხ ტურში ვნახეთ...

თუმცა მწვრთნელმა უკეთ იცის თავისი გუნდის ავან-ჩავანი. ნამატჩევს მონტელა ყველაფრით კმაყოფილი იყო, გარდა ერთისა - შედეგით.

"კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. როგორც მატჩამდე ვგეგმავდით, თამაშის დიდ ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. ასეთ შეხვედრებში მარცხის არ გვრცხვენია. სამწუხაროდ, ორ ეპიზოდში დავკარგეთ კონცენტრაცია და სწორედ მაშინ დავისაჯეთ. შეიძლებოდა, გაგვმართლებოდა კიდეც, მაგრამ...

მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არის ის, რაც ყველაზე კარგად ჩანს - შედეგი. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და ისინი მატჩიდან მატჩამდე იზრდებიან. ეს გვაიმედებს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ",
- თქვა მონტელამ.

იტალია. სერია A. VI ტური
28 სექტემბერი
ჯენოა-ნაპოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: მარკეზე (ჯენ)
ტრავმა: ანტონელი, მანფრედინი (ჯენ); მაჯო (ნაპ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +25=29-28 (105-113)

მილანი-სამპდორია 22:45
დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (მილ); ბარილა (სამ)
ტრავმა: ბონერა, დე შილიო, სილვესტრე, პაცინი, ელ შაარავი, მონტოლივო, საპონარა, კაკა (მილ); ედერი (სამ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 132 თამაში: +65=37-30 (218-126)

29 სექტემბერი
ტორინო-იუვენტუსი 14:30
დისკვალიფიკაცია: გაცი, ბარეტო, ჟილე (ტორ)
ტრავმა: ლარონდო (ტორ); პეპე, რუბინიო, კასერესი (იუვ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 140 თამაში: +36=41-63 (146-208)

ატალანტა-უდინეზე 17:00
დისკვალიფიკაცია: იეპესი (ატა)
ტრავმა: ჯორჯი, კაცოლა (ატა); დომიცი, პინცი, ბრკიჩი (უდი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +16=19-23 (64-68)

კალიარი-ინტერი 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიზანო, კოსუ, ეკდალი (კალ); კივუ, ძანეტი, კარისო (ინტ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 70 თამაში: +12=25-33 (69-115)

კატანია-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: ლანცაფამე, ბელუში (კატ)
ტრავმა: ისკო, პერუცი, ლეტო, კასტრო (კატ); დაინელი, კუპიში (კიე)
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=4-5 (14-15)

სასუოლო-ლაციო 17:00
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაც)
ტრავმა: ვალერი, მარონე, ტერანოვა, გომესი, გაცოლა (სას); ბერიშა, რადუ, ბიავა, ნოვარეტი, კონკო, კლოზე, ბილია (ლაც)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

ვერონა-ლივორნო 17:00
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩია (ლივ)
ტრავმა: რაგატცუ, მაიეტა, მარტინიო (ვერ); ბოტა (ლივ)
ურთიერთშეხვედრები (სერია B)
სულ 8 თამაში: +3=3-2 (8-7)

რომა-ბოლონია 22:45
დისკვალიფიკაცია: ნატალი (ბოლ)
ტრავმა: ბრედლი, ლობონტი, დესტრო, ტოროსიდისი, მაიკონი (რომ); კერუბინი (ბოლ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 132 თამაში: +44=40-48 (164-166)

30 სექტემბერი
ფიორენტინა-პარმა 22:45
დისკვალიფიკაცია: ამაური (პარ)
ტრავმა: კუადრადო, გომესი, ჰეგაზი (ფიო); გალოპა, პალეტა (პარ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +14=13-11 (51-45)

ბომბარდირები: 5 - ჩერჩი (ტორინო), ჯ. როსი (ფიორენტინა); 4 - ჰამშიკი (ნაპოლი); 3 - კალიეხონი (ნაპოლი), პაულინიო (ლივორნო), პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ბალოტელი (მილანი), იგუაინი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
forza toro
torino fc
12:11 28-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული