"ინტერი" თასზე წინ მიიწევს

AutoSharing Option
იტალიის თასის საკვალიფიკაციო ციკლის მეოთხე ეტაპის მატჩები გაიმართა, რომელშიც სერია A-ს იმ გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც გასული სეზონი ლიდერთა შორის ვერ დაასრულეს. მაგალითად, "ბოლონიამ" "სიენას" უმასპინძლა და გამოეთიშა ასპარეზობას (1:2), "პარმამ" "ვარეზე" დაიბრიყვა (4:1), "კიევომ" ანალოგიური ანგარიშით "რეჯინას" სძლია, "ატალანტამ" "სასუოლოს" მოუგო (2:0), "ინტერმა" კი "ტრაპანი" დაამარცხა - 3:2.

გასული სეზონის "გმირობიდან" გამომდინარე, "ინტერი" ამ გუნდთა მარაქაში გაერია და თასის გათამაშებაში ასეთ ადრეულ ეტაპზე ჩაერთო. ვალტერ მაცარიმ ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა შეარჩია და ისეთ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია
A-ს პაექრობებში ნაკლებად სწყალობს.

მაგალითად, შეტევის წინა ხაზზე ისაკ ბელფოდილი ვიხილეთ, უკნიდან კი მას ტაიდერი და კოვაჩიჩი ეხმარებოდნენ. ნახევარდაცვაში ვოლასი და მუდინგაი ვიხილეთ, დაცვაში ანდრეოლი, კარში კი კარიცო იდგა. შეცვლაზე ითამაშეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა: ოლსონმა, ბონაცოლიმ, დონკორმა... მოკლედ, მაცარიმ ფანტაზიას გასაქანი მისცა და ყველა ის ფეხბურთელი ნახა საქმეში, ვისაც აქამდე არ ენდობოდა.

მილანელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს სამი გოლი და ამით მოამთავრეს კიდეც საქმე. ჯერ ფრედი გუარინი გამოირჩა, შემდეგ ისაკ ბელფოდილი, ბოლოს კი თერთმეტმეტრიანით ტაიდერმაც იხეირა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს და მეტოქის ნახევარზე გადასვლით დიდად არ იკლავდნენ თავს, რისთვისაც კინაღამ დაისაჯნენ. სტუმრებმა 54-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს, 90-ეზე კი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

საგულისხმოა, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ტრაპანის" ანგარიშის გაქვითვაც შეეძლო. თუმცა, მთლიანობაში, "ინტერი" ერთი თავით სჯობდა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა იტალიის თასის ფინალურ სტადიაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული