სერია A. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: კაცი მოურინიოს ჩრდილში

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-16 ტური დახუნძლული გამოდგა საინტერესო მოვლენებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი სუპერმატჩი ვიხილეთ, რომლებიც უხვგოლიანობით გამოირჩა.

ამასთან, კარლოს ტევესმა პირველი იტალიური ჰეთ თრიქი შეასრულა, მიროსლავ კლოზე ტრიუმფით დაბრუნდა, "ფიორენტინამ" კიდევ ერთი დიდებული მატჩი შემოგვთავაზა, ფრანჩესკო გვიდოლინმა კი წასვლაზე ჩამოაგდო სიტყვა... და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი: "რომას" ფრანჩესკო ტოტი დაუბრუნდა.

სუპერმატჩი "სან სიროზე"
"სან სიროზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა დაძაბული, დრამატული და ამასთან, სანახაობრივი თამაში იხილეს. მართალია, წუნი ორივე გუნდის მხრიდან იყო, მაგრამ მთლიანობაში, მატჩი ბრწყინვალე გამოვიდა. თავიდანვე ვთქვათ,
რომ "რომამ" უფრო დალაგებული, დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, "მილანის" იერიშები კი, ხშირ შემთხვევაში, სპონტანური, იმპულსური და ინდივიდუალურ ოსტატობაზე აგებული გახლდათ.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რომაელებმა ოსტატურად გააცურეს "მილანის" მთელი დაცვის ხაზი, მატია დესტრო ბურთიანად ცარიელი კარის წინ დატოვეს და მანაც აუღელვებლად გახსნა ანგარიში, 0:1. ცნობისთვის, დესტრომ მიჯრით მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის შუაწელს გაქვითეს, გოლი კი კუთხურს მოჰყვა - კრისტიან საპატამ მეკარისაგან შორეული ძელი დროულად ჩაკეტა და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში, 1:1. ტაიმი სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა მილანელები კონტრშეტევებზე მწარედ იჩხვლიტებოდნენ.

შესვენებაზე მასიმილიანო ალეგრიმ იძულებითი ცვლილება გააკეთა და დაშავებული კრისტიან აბიატის ნაცვლად, კარში გაბრიელი დააყენა. თამაშის განახლებიდან შვიდი წუთი იყო გასული, როდესაც ბრაზილიელმა გოლკიპერმა კარი უდროო დროს დატოვა, შემტევს ეკვეთა, წააქცია და თერთმეტმეტრიანი "აიკიდა" - ბედი მისი, რომ არბიტრმა დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი აუფრიალა.

კევინ სტროტმანმა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქცია და სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 1:2. აქედან მოყოლებული, მილანელებმა შედარებით გაათანაბრეს თამაში, რასაც ალესანდრო მატრის მოედანზე შესვლამაც შეუწყო ხელი - აქ საქმე არა იმდენად მატრის კარგ თამაშშია, რამდენადაც მარიო ბალოტელის უკეთ გარჯაში.

სუპერმარიოს მეტი სივრცე გაუჩნდა და მეტოქის კარსაც გაცილებით მწვავედ შეუტია. თუმცა გამათანაბრებელი გოლი არა ბალოტელიმ, არამედ სალი მუნტარიმ გაიტანა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უძლიერესი დარტყმით აიღო მორგან დე სანკტისის კარი, 2:2.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში "რომამ" პირველად გაუშვა ერთ თამაშში ორი გოლი. აქვე ვთქვათ, რომ მუნტარიმ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თანაბრად პროდუქტიული იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევით ფაზაში. განსაკუთრებით მაიკლ ბრედლი გააწამა, რომელსაც იმდენჯერ აართვა ბურთი, ამერიკელს გაჩენის დღე აწყევლინა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დღეს "რომა" უკეთესი გუნდია, მაგრამ დავინახეთ ისიც, რომ "მილანს" აქვს პოტენციალი - მასიმილიანო ალეგრის გუნდს შეუძლია ითამაშოს გაცილებით უკეთ და ეს ნამატჩევს თავად მწვრთნელმაც განაცხადა.

ამ შეხვედრაში "რომას" კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი დაუბრუნდა. ჩესკოს დაახლოებით 25 წუთი მიეცა - ჩვეულად გასცა რამდენიმე ოსტატური პასი და ერთხელ კარშიც დაუბათქუნა, უფრო მეტს კი მისგან მომდევნო ტურებში ველოდებით.

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ძალიან საინტერესო მატჩი ვიხილეთ, რომელიც გულშემატკივარს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებდა. ორივე კართან უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნა და შეიძლებოდა მეტი გოლიც გვეხილა. ჩვენს თამაშში ისევ ბევრი ხარვეზია, მაგრამ ისიც ჩანს, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს. მარიო ბალოტელი გაცილებით ეფექტურია, როდესაც ორი ფორვარდის პირობებში თამაშობს და ამას აუცილებლად გავითვალისწინებ.

მადრიდის "ატლეტიკო" ძლიერი გუნდია, რასაც ესპანეთის ჩემპიონატშიც ამტკიცებს, მაგრამ თებერვლამდე დიდი დროა დარჩენილი. შესაძლოა, მადრიდელებს ჩავარდნა დაეწყოთ, ჩვენ კი მევუმატოთ და სულ სხვა სურათი მივიღოთ. ერთი ცხადია, წინ საინტერესო მატჩები გველის"
.

რუდი გარსია (რომა): "უფრო მეტი სახიფათო მომენტი შევქმენით, ვიდრე მეტოქემ და ალბათ, მოგებასაც ვიმსახურებდით. სწორედ ასეთი "რომას" ნახვა მსურს სამომავლოდ, რომელიც ნებისმიერ სტადიონზე, ნებისმიერ ქალაქში მოსაგებად იბრძოლებს. ვდომინირებდით და მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ რთულია, "მილანთან" გასვლითი ფრე უარყოფით შედეგად შეაფასო.

დღეს დაცვაში უჩვეულოდ სუსტად ვითამაშეთ, მაგრამ ეს მეტოქის დამსახურება იყო - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "მილანს" უძლიერესი შეტევის ხაზი ჰყავს. "იუვენტუსმა" კიდევ უფრო გაგვისწრო? - სატურნირო ცხრილში ჩახედვა მხოლოდ მაშინ მიყვარს, როდესაც ვიგებთ და მოდი, ამ თემას მომდევნო ტურში მივუბრუნდეთ"
.

ტურის გმირი
ტურის გმირი მიროსლავ კლოზეა, ფორვარდი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, მოედანს დაუბრუნდა და კრიზისში მყოფ "ლაციოს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. არის კლოზე, არის გოლები - ამაში "ლაციო"-"ლივორნოს" პაექრობის პირველივე ტაიმში დავრწმუნდით, როდესაც გერმანელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა შეუქმნა.

ნამატჩევს, კლოზემ "ბიანკოჩელესტეს" ტიფოზები დაამშვიდა და განაცხადა, რომ სხვა გუნდში გადასვლაზე არ ფიქრობს:

"ბრწყინვალე მატჩი იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. "ლაციომ" სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრო, რომ ვითარება გამოვასწოროთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიტანა გოლები; მთავარია, რომ მნიშვნელოვანი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. ხომ არ დავტოვებ გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში? - ეს გამორიცხულია. რომში თავს დიდებულად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ"
.

კარლიტო VS პეპიტო
კარლოს ტევესმა იტალიაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა და "იუვენტუსის" "სასუოლოსთან" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ნამატჩევს, არგენტინელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ არა მარტო სკუდეტოს, ჩემპიონატის ბომბარდირობასაც უმიზნებს. ეს ჯუზეპე როსის ბოსტანში ნასროლი კენჭი იყო, რომელიც "ფიორენტინას" ფორვარდმა უყურადღებოდ არ დატოვა - პეპიტომ ამ თემაზე მოკლე კომენტარი ჩვეული ხალისით გააკეთა:

"გავიგე, რომ ტევესმა ბომბარდირობას დაუმიზნა. მინდა შევახსენო მას, რომ ჩემამდე კიდევ სამი გოლი აშორებს, რაც შესაძლოა, ინგლისში ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ იტალიაში დიდი ფორაა. კარლიტოს ადგილზე რომ ვიყო, მეორე ადგილის შენარჩუნებას შევეცდებოდი, რადგან გაჩერებას არც გონსალო იგუაინი, როდრიგო პალასიო და მარიო ბალოტელი აპირებენ"
.

აღშფოთებული ბენიტესი
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში მოიგო, 4:2. მიუხედავად ბრწყინვალე გამარჯვებისა, ნამატჩევს რაფაელ ბენიტესი წყობიდან გამოვიდა, რაც მთლიანად იტალიელი ჟურნალისტების დამსახურებაა.

ქვემოთ ჟურნალისტებისა და ბენიტესის კითხვა-პასუხს გთავაზობთ და ყველაფერი ნათელი გახდება...

- ცნობილია, რომ "ინტერში" მისვლისას კედლებიდან ჟოზე მოურინიოს ყველა ფოტო ჩამოგლიჯეთ. ასე მოექეცით ვალტერ მაცარის ფოტოებსაც ნეაპოლში?
- რა სისულელეა, არც მოურინიოს ფოტოები ჩამომიგლეჯავს და მით უმეტეს, არც ვალტერ მაცარის ფოტოებს შევხებივარ. მოეშვით ამ სისულელეებს და აკეთეთ თქვენი ნამდვილი საქმე.

- შესაძლოა, მაცარის ფოტოებს მართლაც არ შეხებიხართ, მაგრამ მოურინიოს ჩრდილიდან გამოსვლა რომ გინდოდათ, ეს ცხადია.
- რომელ ჩრდილზე მესაუბრებით, ან რა აზრი აქვს წარსულზე ლაპარაკს? - არაფერი გაგეგებათ ფეხბურთის და არც ამ კითხვებზე ვაპირებ პასუხის გაცემას...

გვიდოლინი, კასანო, მიხაილოვიჩი...
ბოლოს, კიდევ სამ პერსონაზე ვთქვათ, რომლებმაც პრესის ყურადღება მიიქციეს. "უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინმა მორიგ მარცხს ვეღარ გაუძლო და განაცხადა, რომ კლუბის მესვეურებთან დალაპარაკებას და საჭიროების შემთხვევაში, პოსტის დატოვებას აპირებს. ამ თემაზე კომენტარი ფრიულური კლუბის პრეზიდენტმა ჯამპაოლო პოცომ გააკეთა:

"გვიდოლინი დარჩება "უდინეზეში", რადგან გუნდის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ მას შეუძლია. ვერ გეტყვით, რაზე აპირებს ჩვენთან დალაპარაკებას, მაგრამ არსად რომ არ გავუშვებთ, ეს ფაქტია. ჩავარდნა ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს და ამისგან ტრაგედიას არ ვქმნით"
.

გვიდოლინისგან რადიკალურად განსხვავებული განწყობა აქვს სინიშა მიხაილოვიჩს, რომლის "სამპდორიამაც" გვარიან პროგრესს მიაღწია და არათუ გასავარდნი ზონა დაძლია, პირველ ათეულს მიუახლოვდა. სერბ სპეციალისტს მადა გაეხსნა და განაცხადა, რომ მისი მიზანი "სამპას" იტალიურ გრანდად ქცევაა. წარმატებები ვუსურვოთ სინიშას, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ასეთ მაღალ მიზნებთან შეჭიდება არსებული რესურსით ძალიან გაუჭირდება.

"პარმას" 100 წლის იუბილე ჰქონდა და ფეხბურთელებს ძველი დიზაინის ფორმები შეუკერეს; ემილიელები ყველანაირად ეცადნენ, რომ იუბილე გამარჯვებით აღენიშნათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "პარმამ" "კალიარის" ბევრი ვერაფერი მოუხერხა და ფრეს დასჯერდა, 0:0.

ნამატჩევს, ანტონიო კასანო კლუბის მესვეურებს შემოსწყრა, ეს ფორმები ისე მაინც შეგეკერათ, რომ თამაშში ხელი არ შეეშალაო - როგორც ჩანს, 100 წლის წინანდელი დიზაინის ფორმა ფეხბურთელებმა მთლად კარგად ვერ მოირგეს.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A: თრილერი და სამხრეთული ფიესტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული