რანოკია "ინტერიდან" მიდის, გუარინიც?

AutoSharing Option
"ინტერი" დიდ სატრანსფერო ორომტრიალშია და პრესაშიც არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, რამდენიმე გარიგება დადასტურდეს - მაგალითად, ერნანესის "ლაციოდან" "ნერაძურიში" გადაბარგება და ფრედი გუარინის "ნაპოლიში" გადასვლა; აი, ანდრეა რანოკია რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" იასპარეზებს, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ინტერმა" და "ბორუსიამ" შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რანოკია სწორედ გერმანულ გუნდში გააგრძელებს კარიერას. ბოლო დროს ვალტერ მაცარი აღარ სწყალობდა 25 წლის მცველს, რომელიც გერმანიაში გადაბარგებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა. თუმცა ანდრეა ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებას პირად ხელშეკრულებაზე და შესაბამისად, ტრანსფერი
ოფიციალურად არ დადასტურებულა. სამაგიეროდ, კლუბებს შორის შედგა შეთანხმება და მთავარი ალბათ სწორედ ეს გახლდათ. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გერმანელები რანოკიას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ერთი სიტყვით, "ინტერი" 12 მილიონ ევროს ელოდება და ამად არის, რომ ერნანესის ფრონტზე საგრძნობლად გააქტიურდა. "ლაციოს" მესვეურები 28 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვენ, მილანელებს კი თანხის 12 მილიონამდე დაყვანა სურთ. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და ვნახოთ, რით დასრულდება.

გუარინის ბოიკოტი
და ყველაზე მთავარი: "ინტერის" ვარჯიშზე ფრედი გუარინი არ გამოცხადდა და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი ფეხბურთელის გაბრაზებაა. საქმე იმაშია, რომ ორიოდე დღის წინ "ინტერი" და "იუვენტუსი" ახლოს იყვნენ ბარტერთან, რომლის მიხედვითაც, გუარინი "იუვენტუსში" უნდა გადასულიყო, მირკო ვუჩინიჩს კი "ინტერის" მაისურა მოერგო.

მოლაპარაკება ბოლო მომენტში მილანელთა სურვილით ჩაიშალა, რომლებმაც ფრედის შენარჩუნება განიზრახეს. როგორც ჩანს, ამან იმდენად ააღელვა 27 წლის კოლუმბიელი, რომ "ნერაძურიში" ვარჯიშიც არ მოისურვა. ფრედი ასე ახლოს იყო "იუვენტუსთან" და შესაბამისად, სკუდეტოსთან, ტრანსფერის ჩაშლა კი მძიმედ გადაიტანა.

დღევანდელი ინფორმაციით, ფრედიმ საბოლოოდ გადაწყვიტა "ინტერიდან" აბარგება და უკვე "ნაპოლისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას. იმავე ‘გაძეტას" მტკიცებით, სამხრეთელები მზად არიან, გუარინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. საბოლოო სიტყვა ერიკ ტოჰირზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული