"მილანმა" მეოთხედფინალში "კარპის" სძლია, ნახევარფინალში კი "ალესანდრიასთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, რომელმაც თავის მხრივ, მეოთხედფინალში "სპეცია" დაამარცხა. ერთი სიტყვით, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ისეთ კომპანიაში მოხვდა, რომ გზის გაკვლევა და ფინალამდე მისვლა განსაკუთრებულ პრობლემებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
სამაგიეროდ, მეორე ფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში. გუშინ "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა, დღეს კი "ლაციო" "იუვენტუსს"
თუ ევროპის სხვა ტოპ-ქვეყნებში თასის გათამაშებებში ხშირია სენსაციები და დასკვნით ეტაპებზე პატარა გუნდები ბევრჯერ გვინახავს, იტალიაში ეს უჩვეულო მოვლენაა. ძირითად, კოპა იტალიაზე გრანდები დომინირებენ და ნახევარფინალებსა თუ ფინალებში ისევ მათ ბატალიებს ვხედავთ. ამჯერად, ნახევარფინალში ლიგა პრო A-ს გუნდი გაძვრა.
"ალესანდრია" ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონიდან სერია B-ში ვიხილოთ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანჯელო გრეგუჩი თამამ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ნახევარფინალში "მილანის" დამარცხება და ფინალში გასვლაა:
"ჩვენს ქალაქში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივართა გახარება შევძელით. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადების შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენეს".
ალესანდრია პატარა ქალაქია პიემონტის რეგიონში, რომლის მოსახლეობა 100 ათასს აღწევს. თასის ნახევარფინალში გასვლას ქალაქის მერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბს გვერდში დაუდგება, მიზანი კი გუნდის სერია A-ში აღზევება უნდა იყოს.
რაც შეეხება "სპეცია"-"ალესანდრიას" მატჩს, სტუმრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აგებდნენ, თუმცა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის გმირი შეცვლაზე შესული რიკარდო ბოკალონია, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"