ანდრეი შევჩენკო: როგორც კი პროფესიონალი გავხდი, სიგარეტისკენ აღარც გამიხედავს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ ანდრეი შევჩენკომ მე-40 დაბადების დღე აღნიშნა. კიევის "დინამოს", "მილანის", "ჩელსისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა აქტიურ კარიერას 5 წლის წინ დაუსვა წერტილი, მერე დაასრულა მწვრთნელთა კურსები, ცოტა ხნით პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალა, 2016 წლის ზაფხულში კი, როგორც უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა, მწარე გაკვეთილი მიიღო ევროპის ჩემპიონატისგან...

ახლა ის უკვე დამოუკიდებლად ეწევა მშობლიური ქვეყნის მთავარი გუნდის დამრიგებლის ჭაპანს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა 4 მატჩიდან 2 მოიგო, ამდენივე ფრედ დაასრულა და მხოლოდ ხორვატიას ჩამორჩება.

რა თქმა
უნდა, ჯერ ნაადრევია შევჩენკო-მწვრთნელზე ავანსების გაცემა, ის ჯერ დრომ უნდა გამოსცადოს, მანამდე კი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს გაეცანით. აქ ფეხბურთზე ნაკლებადაა ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველს ესეც დააინტერესებს...

- ბევრი მამაკაცი 40 წლის იუბილეს არ ზეიმობს. ლონდონშიც ასეა?
- მე ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ლონდონია თუ კიევი, ეს მაინც დაბადების დღეა. თუმცა გამიგია, რომ ასეთი ტრადიცია თუ ცრურწმენა ნამდვილად არსებობს. მე იუბილე ოჯახურ წრეში აღვნიშნე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. საერთოდ, ცოლ-შვილის დაბადების დღეებსაც მხოლოდ ახლობლები აღვნიშნავთ ხოლმე. თუმცა შარშან არ გამოგვივიდა თავშეყრა - სწორედ იმ დღეს გავფრინდი რაღაც საქმეზე...

- 2009 წელს, როცა 33 წლის გახდით, ლონდონში თითქმის მთელი "მილანი" დაპატიჟეთ ადრიანო გალიანის ჩათვლით, რა თქმა უნდა, რომან აბრამოვიჩიც...
- დიახ, მართლაც ასე იყო, მეგობრებმა ყველა საქმე გადადეს და ჩემთან ჩამოვიდნენ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, ყველაზე დასამახსოვრებელი დღე...

- რა გაჩუქათ აბრამოვიჩმა?
- სიმართლე გითხრათ, ისეთი საჩუქრების მიმართ, რასაც თქვენ გულისხმობთ, გულგრილი ვარ, ჩემთვის მთავარია ადამიანური ყურადღება. ჩვენთან არ იყო მიღებული რაიმე ძვირფასის ჩუქება და ეს აბრამოვიჩმაც იცოდა. მაგრამ საჩუქრები იყო ორიგინალური და სამახსოვრო მაშინ, როცა მნიშვნელოვან თამაშებს ვიგებდით. მე, მაგალითად, მიჭირს საჩუქრის არჩევა. როცა ვინმესთან დაბადების დღეზე მივდივარ, დიდხანს ვიმტვრევ ხოლმე თავს იმაზე ფიქრით, თუ რა უნდა ვაჩუქო იუბილარს.

- ბავშვობაში თუ უჩუქებიათ თქვენთვის რაიმე ისეთი, რაც დღემდე გახსოვთ?
- რა თქმა უნდა, ბურთი! კიდევ ბუცები, რომელიც ერთ დღეს მამამ მაჩუქა. იმ დროისთვის ეს საკმაოდ ძვირი ღირდა. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ...

- ბავშვობა ვახსენეთ და, რა ინტერესები აქვთ თქვენს შვილებს (შევჩენკოს 4 ვაჟი ჰყავს ამერიკელი მოდელისგან, კრისტენ პაზიკისგან - 11 წლის ჯორდანი, 9 წლის კრისტიანი, 4 წლის ალექსანდრე, 2 წლის რაიდერ-გაბრიელი - ავტ.)?
- ჯორდანი უფროსია და მას სხვადასხვა ინტერესი აქვს - უყვარს გეოგრაფია, ისტორია, უსმენს მუსიკას, უყურებს ფილმებს, ბევრს კითხულობს... კრისტიანის შემთხვევაში უფრო მარტივადაა საქმე - დასდევს ბურთს, დადის ჩოგბურთზე... რაღაცნაირად ჩემს ბავშვობას მაგონებს. ალექსანდრე და რაიდერი კი ბევრად პატარები არიან და იცით, ამ ასაკში რითიც ერთობიან ბავშვები... სხვათა შორის, ალექსანდრეს კულინარიული ნიჭიც აქვს, დედას ეხმარება ხოლმე სამზარეულოში...

- ბებია უფრო ხშირად სტუმრობს შვილიშვილებს თუ პირიქით?
- შვილიშვილები უფრო ხშირად მიდიან ბებიასთან. ბავშვები ლონდონში სწავლობენ, ბებია კიევშია... ასე რომ...

- თქვენი უფროსი შვილები არაერთხელ ყოფილან უკრაინაში, პატარები?
- პატარები ჯერ არა. ახლა ისეთი დაძაბული ცხოვრების რიტმი გვაქვს, როგორღაც უნდა გავიაროთ ეს პერიოდი. ჯერჯერობით, პატარებს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდებათ. მაგრამ არა უშავს, რამდენიმე წელიწადიც და ხელ-ფეხი გაგვეხსნება, ბავშვები გაიზრდებიან და მერე შეიძლება რაღაც გეგმების დაწყობა. დღესდღეობით კი მე უკრაინის ნაკრებში ვმუშაობ და ეს საქმე ბევრ დროს ითხოვს. დავდივარ თამაშებზე, იქ კიდევ სელექცია, მერე თათბირები... ყოჩაღ, კრისტენს! ახლა მასზე ძალიან დიდი დატვირთვაა... მაგრამ ერთ დღესაც კიევში ყველანი ერთად ჩამოვალთ.

- ბევრს უკვირს, რატომ დაარქვით შვილებს ასეთი სახელები...
- უბრალოდ, მოგვწონს. ისე, სიმართლე გითხრათ, ამ საქმეში ნაკლებად ვერეოდი - არჩევანის თავისუფლება მეუღლეს დავუთმე. მას მერე, რაც კრისტენის მშობიარობებს დავესწარი, დედებისადმი და ზოგადად, ქალებისადმი, კიდევ უფრო მეტი პატივისცემით განვეწყვე.

- ალბათ, ზედმეტია კითხვა, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობენ თქვენი შვილები...
- მამიკოს გუნდს (იცინის). ეს ნამდვილად ვიცი.

- კიევში როცა ხართ, რესტორნებში სადილობთ ან ვახშმობთ?
- არამხოლოდ. დედაც გემრიელ კერძებს ამზადებს, დაც.

- ანდრეი შევჩენკოს საყვარელი კერძი...
- ბორშჩი! ვერსად ვერ შეჭამთ ისეთ ბორშჩს, როგორსაც - უკრაინაში. პრინციპში, ამ მხრივ მე მრავალფეროვნებას ვანიჭებ უპირატესობას. ძალიან მიყვარს იაპონური სამზარეულოც, რომ აღარაფერი ვთქვა იტალიურზე.

- რამდენად ხშირად თამაშობთ დღეს ფეხბურთს?
- საერთოდ, სპორტული ადამიანი ვარ. იტალიაში შევეჩვიე ცხოვრების ასეთ სტილს, ვგულისხმობ ყოველდღიურ ყოფას. ხან დავრბივარ, ხან დარბაზში ვარ, მაგრამ აუცილებლად ვვარჯიშობ ბურთითაც... თუმცა ერთი პრობლემაცაა - დრო, რომელიც კატასტროფულად ცოტა მაქვს.

- ...მაგრამ გოლფისთვის კი იცლით. ვიცით, რომ ამ ეგზოტიკურ სახეობას "მილანში" ყოფნისას ოლივერ ბირჰოფის გავლენით "დაუმეგობრდით"...
- მართალი ხართ, ოლივერი ბრწყინვალედ თამაშობს გოლფს. ერთადაც ბევრი დრო გვაქვს გატარებული გოლფის მოედნებზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იმავე პრობლემას ვაწყდები - გოლფსაც მაშინ ვთამაშობ, როცა საამისო დროს გამოვნახავ ხოლმე.

- მართალია თუ არა, რომ როცა კიევის "დინამოს" ჭაბუკთა გუნდთან ერთად მილანის "სან სიროზე" ითამაშეთ, წამოსვლისას მონეტა გადააგდეთ, რათა იქ კიდევ დაბრუნებულიყავით?
- ზუსტად გცოდნიათ. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი. გავიდა დრო და მართლაც დავბრუნდი მილანში, სადაც უამრავი დასამახსოვრებელი წუთი გადავიტანე.

- ფეხბურთელობისას, უფრო ახალგაზრდულ ასაკში, მართლა ეწეოდით სიგარეტს?
- ვაბოლებდი ხოლმე (იცინის)... მაგრამ, როგორც კი პროფესიონალი გავხდი, სიგარეტისკენ აღარც გამიხედავს.

- თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა დიდიე დროგბამ ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ რუს დმიტრი სიჩოვს მისთვის ლონდონში ხიზილალა ჩაჰქონდა. თქვენ რითი ანებივრებდით თანაგუნდელებს? თავად ისინი არაფერს გთხოვდნენ?
- სალოს! ეს ეპოქალური ისტორიაა. მახსოვს, როცა ნამდვილი უკრაინული სალო პირველად მივიტანე "მილანის" ბაზაზე, პურზე თხელი ნაჭერი დავადე და პაოლო მალდინის შევთავაზე, მაგრამ ცივი უარი მითხრა - მაგას რა მაჭმევსო?! მერე მე დავიწყე ჭამა და უნდა გენახათ, როგორი განცვიფრებული მომჩერებოდა პაოლო სხვა თანაგუნდელებთან ერთად (იცინის)! მაგრამ მერე რა მოხდა, იცით? მილანში ნახევარი ჩანთა სალოთი ვბრუნდებოდი, ისე შეუყვარდათ ბიჭებს...

- რამდენი ენა იცით?
- უკრაინულისა და რუსულის გარდა, ინგლისური და იტალიური.

- მსოფლიოს ცნობილი ადამიანებიდან, ვგულისხმობ არასაფეხბურთო წრეს, ვისთან ახლობლობთ?
- ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ოჯახის წევრები არიან. იცით, დასავლეთის სამყარო ისეა მოწყობილი, ძნელია იქ რომელიმე ადამიანთან ახლობლობა. ერთადერთი, დავასახელებდი ვლადიმირ კლიჩკოს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს.

- თქვენი ტიტულების კოლექცია ლონდონის სახლში ინახება?
- ყველა არა. კოლექციონერი არ ვარ. ტიტულებიდან ბევრი "მილანის" მუზეუმს გადავეცი. იქვეა "ოქროს ბურთიც". რა აზრის აქვს ამ ყველაფრის სახლში შენახვას? ეს ხომ ყველაზე მეტად გულშემატკივრებს აინტერესებთ.

- ...და უკრაინის გმირის ვარსკვლავი?
- რა თქმა უნდა, ის ჩემს სახლშია.

- ანდრეი შევჩენკოს პოლიტიკა აღარ აინტერესებს?
- არანაირად! მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო, რომელიც დამეხმარა, სხვა თვალით შემეხედა ცხოვრებისთვის. ახლა პოლიტიკის გარეშე ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები.

- მინიმალური თანხა, რომელიც დღის განმავლობაში შეიძლება დახარჯოთ...
- მინიმალური? არ ვიცი... ალბათ, 10-15 გრივნა ნაყინში.

- მამის საფლავზე ხშირად დადიხართ?
- ბოლოს ისლანდიასთან სადებიუტო მატჩის წინა დღეს ვიყავი...

- 21 წლისამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით - ყოველთვის ისე მოვექცევი ადამიანებს, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენო...
- ასეც არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მაშინ ფეხბურთელი ვიყავი, ახლა კი მწვრთნელი ვარ. დღეს მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს უნდა მოექცე ისე, როგორც ამას იმსახურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც რომ ლეგენდარული ფორვარდი ასეთი საგოლე ალღოს მქონე თავდამსხმელი აკლია სწრედ მსოფლიო ფეხბურთს დღეს მარა შევა მილანიდან ჩელსიში არ უნდა გადასულიყო რასაც ჩავარდნა მოყვა ალბიონზე მაგრამ ის ეტაპი იოდისოდენადაც კი ვერ აკნინებს მის განვლილ საფეხბურთო კარიერას ფეხბურთელს რომელსაც ერთი შეხედვით არაორდინალურ სიტუციაშიც კი შეეძლო გოლის გატანა აღმოსავლეთ ევროპას შეიძლება ითქვას არცყოლია ესეთი დიდი თავდამსხმელი და შეიძლება აღარც ეყოლოს.
Azurini
15:57 16-11-2016
0

სიახლეები პოპულარული