"სკუადრა აძურას" ურთულესი მისია - ჯან პიერო ვენტურა იტალიის ნაკრების ვარჯიშზე

AutoSharing Option
24 მარტს იტალიის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ალბანეთს უმასპინძლებს, 4 დღეში კი ამხანაგურად ჰოლანდიას ესტუმრება. ამსტერდამში სტუმრობაზე იტალიაში ჯერ არავინ ფიქრობს და სრული კონცენტრაცია ალბანეთთან მოახლოებულ შეხვედრაზეა.

წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან "სკუადრა აძურას" ესპანეთთან უწევს კონკურენცია და შესაბამისად, ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. მატჩი სიცილიის დედაქალაქში, პალერმოში შედგება, სადაც გარანტირებულია მხურვალე მხარდაჭერა და შესაბამისად, იტალიის ნაკრები იქ ხშირად ატარებს საშინაო შეხვედრებს.

თავდაპირველად, ჯან პიერო ვენტურამ 25 ფეხბურთელი გამოიძახა უახლოესი შეხვედრებისთვის, მაგრამ შემდეგ სიაში იძულებითი ცვლილებების განხორციელება
მოუხდა - ტრავმირებული ფედერიკო ბერნარდესკის ნაცვლად, სიმონე ვერდი და მატეო პოლიტანო გამოიძახა, ასევე დაშავებული მანოლო გაბიადინი კი ანდრეა პეტანიამ ჩაანაცვლა.

იტალიის ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, გუნდის საშუალო ასაკი კი 25 წელია - მუნდიალის შემდეგ ნაკრებს რამდენიმე ვეტერანი გამოეთხოვება და "აძურას" ძირითადი ბირთვი მთლიანად ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული.

ვენტურას არჩევანი
ვენტურა 3-5-2 ტაქტიკის მოყვარული მწვრთნელია, მაგრამ ბოლო პერიოდში, ამ სქემაზე ბევრმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა უარი და საინტერესოა, მიბაძავს თუ არა მათ "სკუადრა აძურას" დამრიგებელი.

აქ საქმე მარტო მიბაძვაში არაა - როდესაც ფეხბურთელები მიუჩვეველნი არიან 3-5-2 ტაქტიკით თამაშს, შემდეგ სარისკოა ნაკრებში, მხოლოდ ერთი თამაშისთვის გადაწყობა. თვით "იუვენტუსი", რომელიც ანტონიო კონტედან მოყოლებული ასპარეზობდა 3-მცველიანი სქემით, დღეს 4-2-3-1 ტაქტიკით ირჯება და ამ ტენდენციისთვის ალბათ, ვენტურასაც მოუწევს ფეხის აწყობა.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, იტალიის ნაკრები ალბანეთს ან 4-4-2 ტაქტიკით დაუპირისპირდება, რომელსაც იგივე წარმატებით შეგვიძლია ვუწოდოთ 4-2-4, ან 4-2-3-1 სქემით.

ორივე შემთხვევაში, დაცვის მარჯვენა ფრთაზე მატეო დარმიანია მოაზრებული, რომლის ალტერნატივა ან დავიდე ძაპაკოსტაა, ან დანილო დამბროზიო. დაცვის ცენტრში ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი უნდა ვიხილოთ, მაგრამ მათ ახალგაზრდა შემცვლელებიც ჰყავთ დანიელე რუგანის და ალესიო რომანიოლის სახით. ნაკლები შანსები აქვს დავიდე ასტორის, რომელსაც ალბათ, უფრო ჰოლანდიასთან მიეცემა თამაშის საშუალება. დაცვის მარცხენა ფრთაზე მატია დე შილიოა უკონკურენტო, მის შემცვლელად კი ლორენცო სპინაცოლა უნდა მოვიაზროთ.

თუ ვენტურა 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს, საყრდენ ხაზზე, სავარაუდოდ, მარკო ვერატის და მარკო პაროლოს გაამწესებს, თუმცა მათ ძლიერი კონკურენტები ჰყავთ დანიელე დე როსის და რობერტო გალიარდინის სახით. მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ანტონიო კანდრევა გაირჯება, მარცხნივ სავარაუდოდ, ჩირო იმობილეს ვიხილავთ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ანდრეა ბელოტის, მის უკან კი სიღრმიდან ან ლორენცო ინსინიე ითამაშებს, ან მარტინს ედერი.

თუმცა, აქაც ბევრი ვარიანტია: შესაძლოა, ინსინიემ ფლანგზე გადაიწიოს, ვერატი კი ზემოთ აწიოს მწვრთნელმა და ფორვარდის უკან დააყენოს. 4-4-2-ის შემთხვევაში, ბევრი არაფერი იცვლება - შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნიკოლა სანსონე გამოჩნდეს, რომელიც შეტევაშიც სახიფათოა და დაცვის დახმარებაც ეხერხება.

ვენტურა: რა დროს ესპანეთია?
ვენტურამ პრესკონფერენცია გამართა და ალბანეთთან მოახლოებული მატჩის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა:

- რას ელით ალბანეთთან მატჩისგან?
- მხოლოდ გამარჯვებას, რადგან სამი ქულა ძალიან გვჭირდება. ჯგუფში დაძაბული მდგომარეობაა, პირველი ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და შესაბამისად, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ წინა 4 შეხვედრაში იტალიის ნაკრების თამაშში ბევრი ხარვეზი იყო...
- გეთანხმებით, რომ საუკეთესო მატჩები არ ჩაგვიტარებია, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და თანაც იმ ფონზე, რომ ნაკრებშიც მწვრთნელი შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, ამჯერად გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და იმედია, შედეგიც შესაბამისი გვექნება. საბედნიეროდ, პირველ 4 შეხვედრაში 10 ქულა ავიღეთ, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგია.

- რა ტაქტიკა-სტრატეგიით დაუპირისპირდებით ალბანეთს?
- ამას მატჩის წინა დღეს გადავწყვეტ და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. გვაქვს არსენალში რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი, რომლებიც თანაბარი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

- შეუძლია იტალიის ნაკრებს ესპანეთის გასვლაზე დამარცხება?
- რა დროს ესპანეთის ნაკრებია, როდესაც წინ ალბანეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩია?

- დიდი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებული სწორედ ესპანეთი-იტალიის შეხვედრაში გამოვლინდება...
- იქამდე დიდი გზაა და უნდა ვეცადოთ, რომ ესპანეთთან შეხვედრას უდანაკარგოდ შევხვდეთ.

- შეგვიძლია ესპანეთი-იტალიის დაპირისპირება "ბარსელონა"-"იუვენტუსის" დუელს შევადაროთ?
- ორივე შემთხვევაში, საინტერესო მატჩები გველოდება. ურთულესი მისია გვაქვს ჩვენც და "იუვენტუსსაც", მაგრამ არა მიუღწეველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული