კლაუდიო რანიერი: ფეხბურთელებმა ხომ არ გამყიდეს?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც კლაუდიო რანიერიმ "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონი გახადა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე მალე მოუწევდა პოსტის დატოვება და ასე მალე ამოიწურებოდა მის მიმართ კლუბის მესვეურთა ნდობა.

თუმცა, მცირე კრიზისი და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედს კარისკენ მიუთითეს.

არის ეჭვი, რომ რანიერის გათავისუფლება ფეხბურთელთა სურვილი იყო და ისინი განგებ აგებდნენ თამაშებს - მას შემდეგ, რაც რანიერის ადგილი მისმა თანაშემწემ დაიკავა, გუნდი გარდაისახა და ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა მოიგო. რანიერის საინტერესო ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით...

- ელოდით, რომ ასე მალე მოგიწევდათ "ლესტერიდან"
წასვლა?
- როდესაც გუნდს ინგლისის ჩემპიონს გახდი და ახვალ იქამდე მიუღწეველ სიმაღლეზე, ფიქრობ, რომ შენს მიმართ ნდობა მაღალია და პირველივე ფეხის დაცდენაზე არ გაგათავისუფლებენ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და თურმე, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან გულდასაწყვეტი იყო.

- მაინც რატომ დაეწყო გუნდს კრიზისი?
- დიდი ტრიუმფის შემდეგ, ეს მოსალოდნელიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი გუნდში სიმშვიდე და სამუშაო განწყობა შემენარჩუნებინა, ეს ვერ შევძელი. ქალაქში და ფეხბურთელების გარშემო ეიფორიული განწყობა და ატმოსფერო იყო.

მოთამაშეებმა ევროპული გრანდებისგან მაცდური შეთავაზებები მიიღეს და დარჩენის სანაცვლოდ, კლუბის მესვეურებისგან ხელფასების გასამმაგება და გაოთხმაგება მოითხოვეს. უმრავლესობამ მიიღო ახალი ხელშეკრულებები და მთლიანობაში, გუნდში ვითარება შეიცვალა. ეს უკვე აღარ იყო მოკრძალებული "ლესტერი", რომლის ფეხბურთელებიც მხოლოდ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები. ვფიქრობ, ასეთი ჩავარდნა მოსალოდნელი იყო.

- ფაქტია, რომ თქვენი წასვლის შემდეგ, გუნდმა დაძლია კრიზისი...
- "სევილიასთან" პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და გუნდი გამოდიოდა კრიზისიდან. სიმართლე გითხრათ, ესპანეთში გამართული მატჩის შემდეგ, თავს მშვიდად ვგრძნობდი და საპასუხო შეხვედრას ოპტიმისტური განწყობით ველოდებოდი. მჯეროდა, რომ "ლესტერი" გავიდოდა მომდევნო ეტაპზე და საბოლოოდ, ეს ასეც მოხდა.

- რა გითხრეს კლუბის მესვეურებმა, როდესაც თქვენი გათავისუფლების შესახებ გამცნეს?
- არაფერი განსაკუთრებული. მითხრეს, რომ გუნდი კრიზისშია და სიახლეებია საჭირო. დაამატეს, რომ გული წყდებათ, მაგრამ ეს ფეხბურთია, გაწეული შრომისთვის კი მადლობა გადამიხადეს.

- დარწმუნებული ხართ, რომ ფეხბურთელებმა არ გაგყიდეს და გუნდის ცუდი შედეგები თქვენი გათავისუფლების სურვილით არ იყო განპირობებული?
- 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებს ჩემი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. თითოეულ მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და დღესაც მაქვს, ჩვენმა საოცარმა გამარჯვებამ კი მათი ხელფასები გააოთხმაგა. არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რის გამოც მოთამაშეებს ჩემი გათავისუფლების სურვილი შეიძლებოდა ჰქონოდათ.

- თქვენს შემცვლელზე, კრეიგ შექსპირზე, რას იტყვით?
- ის ძალიან კარგი მწვრთნელი და კიდევ უკეთესი ადამიანია. არასდროს არაფერი შეშლია ჩემთან და მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. თუ მაინც და მაინც ჩემი გათავისუფლება იყო საჭირო, მაშინ "ლესტერის" მწვრთნელად აუცილებლად შექსპირი უნდა დაენიშნათ. მან გააგრძელა გზა, რომელიც ერთად დავიწყეთ და გუნდსაც საკუთარი ხუთი თითივით იცნობს.

- მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ, პატარა ჩავარდნაც არ გაპატიეს, თქვენ საუბარში არ იგრძნობა სიბრაზე...
- ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ ფეხბურთელების, რომლებმაც იმ საოცარ სეზონში მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენ ერთად დავწერეთ ისტორია. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემს მიმართ უდიდეს სითბოს ავლენდნენ და დღესაც ავლენენ.

ჩემი აზრით, კლუბის მესვეურებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ჩვენ ისედაც გამოვდიოდით კრიზისიდან, მაგრამ ამის გამო, ხასიათს არ გავიფუჭებ და არც სიბრაზე დამეუფლება. ჩემთვის ეს ისტორია უკვე წარსულია, "ლესტერს" კი წარმატებებს ვუსურვებ.

- "ლესტერი" ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგას შემორჩა. ეს თქვენი დამსახურებაა?
- ჩემპიონთა ლიგაზე "ლესტერმა" 8 მატჩი გამართა და აქედან 7 ჩემი თავკაცობით. შესაბამისად, ამ წარმატებაში ჩემი როლი დიდია და ამას ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიტვი, რომ შექსპირი განაგრძობს იმ გზას, რომელიც ერთად დავიწყეთ. "ლესტერს" არც ტაქტიკა შეუცვლია, არც სტრატეგია და არც შემადგენლობა, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორი გზით მივდიოდით და ყველაზე ცუდი უკან იყო მოტოვებული.

- სამწვრთნელო კარიერას, ალბათ, მომდენო სეზონიდან განაახლებთ...
- რაც უფრო ახლოვდება სეზონის ფინიში, სულ უფრო მეტი კლუბი იჩენს ჩემდამი ინტერესს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- ცნობილია, რომ რამდენიმე იტალიური კლუბიც დაგიკავშირდათ, მათ შორის "პალერმო"...
- არაერთი წინადადება მივიღე და იყო კონტაქტი "პალერმოს" მესვეურებთანაც, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას. დაველოდოთ სეზონის ფინიშს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. დიდი ხანია, იტალიაში არ მიმუშავია და სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით, უცხოური ვარიანტები უფრო საინტერესოდ მეჩვენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მიზეზით უღალატეს ფეხბურთელებმა? საინტერესოა. ფეხბურთელების და მწვრთნელის კონფლიქტი თუ იყო სწორი გადაწყვეტილება მიუღია დირექციას!
burusa
11:58 18-04-2017
0
mec ese mgonia ro pexburtelebma ugalates
0

სიახლეები პოპულარული