მაშ ასე, მენიუს ყველაზე მსუყე ლუკმა მილანური დერბია და მატჩი "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ჟოზე მოურინიოს სასტიკად სურს, ანტონიო კონტეს "ჭკუა ასწავლოს". ვნახოთ, რა გამოვა აქედან. ევროპაში კი საინტერესო ბევრი სხვაც მოხდება ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში...
პრემიერლიგა: ტოტენჰემის შანსი?
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" კონკურენტი ვერ არის, ჟოზე მოურინიომ აქამდე სულ 57 ქულას მოუყარა თავი, ეს დაპირისპირება ტურს ასრულებს. "ჩელსის" დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ხუთშაბათს "იუნაიტედს" მნიშვნელოვანი დაპირისპირება ჰქონდა ბრიუსელში "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ეს თამაში უეინ რუნიმ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ჟოზე ამბობს, რომ "ჩელსისთან" რუნის თამაში შეეძლება.
ყოველ შემთხვევაში, მისი გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში ძალზე საეჭვოა. მანჩესტერელებს არც იანგი, მატა, სმოლინგი, ჯონსი და უილსონი ეყოლებათ. მოურინიოს შური აქვს საძიებელი ოქტომბრის "სტემფორდ ბრიჯისთვის", მაშინ პედრომ, კეჰილმა, აზარმა და კანტემ "მანჩესტერი" გვარიანად შეარცხვინეს - 4:0 მოუგეს.
ყველას გვახსოვს მცირე დაპირისპირება მწვრთნელებს შორისაც, როცა ჟოზემ კონტეს ყურში ჩაჰყვირა, უნამუსოდ იქცევიო. ჟოზემ კიდევ ერთხელ მარტში წააგო ერთ დროს მშობლიურ "სტემფორდ ბრიჯზე", როცა "იუნაიტედი" ასოციაციის თასზე დამარცხდა "ჩელსისთან" და ტურნირს დაემშვიდობა. მაშინ "ჩელსიმ" კანტეს გოლით 1:0 მოიგო, მწვრთნელებმა მაშინაც "დასცხეს" ერთმანეთს...
"ჩელსის" ფეხის დაცდენის იმედი აქვს მაურისიო პოჩეტინოს, რომლის "ტოტენჰემიც" "ბორნმუთს" მასპინძლობს და თუ მოიგო, ეს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იქნება ჩემპიონატში. ამ ეტაპზე "დეზებზე" უკეთეს ფორმაში ევროპის ტოპ-5 ლიგაში არც ერთი გუნდი არ არის, თან, ლონდონელებს მთავარი გოლეადორი ჰარი კეინი დაუბრუნდათ. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. რა თქმა უნდა, 7 ქულა ბევრია, მაგრამ თუ ამ ტურში ვითარება შეიცვალა, ინგლისის ჩემპიონის საკითხი აქტუალური გახდება.
ლა ლიგა: ბასკები ტურინის სირცხვილის მერე
ტურინში შერცხვენილი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ყოჩაღ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს და ტურის გამორჩეული თამაშიც უთუოდ ესაა. ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება მატჩს და ცუდ განწყობაზე - სანამ "სპორტინგს" დაამარცხებდა ეუსებიო საკრისტანის გუნდი, "სოსიედადმა" ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ მოიგო (ამათგან სამი სულაც წააგო). "ბარსას" უიღბლობების შესახებ ისედაც ცნობილია - "მალაგასთან" მოულოდნელი 0:2-ის შემდეგ გუნდი ტურინში "იუვენტუსთან" 0:3 დაეცა. მოკლედ, ზედიზედ ორ მატჩში გოლი ვერ გაიტანა და აქეთ ხუთი გაუშვა.
ამას დავუმატოთ ნეიმარის დისკვალიფიკაცია და ლეო მესის გამოხდომა: მედიის ცნობით, ლუის ენრიკეს კრიტიკის პასუხად, არგენტინელმა ვარჯიში იუარა. არ ვიცით, ამ ისტორიაში რამდენი პროცენტია მართალი, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანეთის ჩემპიონის ბანაკში ვერ არის კარგი სიტუაცია. "ბარსას" არც ტრავმირებული ალეიშ ვიდალი და არდა თურანი ეყოლება, არც რაფინია. "სპორტის" ინფორმაციით, "ბარსას" ხელმძღვანელობა შემადგენლობაში ნამდვილ რევოლუციას აპირებს, ლუის ენრიკეს ბევრი ფეხბურთელი მიჰყვება.
ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის "რეალი" ხიხონს სტუმრობს, სადაც გააფთრებით, მაგრამ წარუმატებლად იბრძვის ლიგაში დარჩენისთვის "სპორტინგი".
"ლესტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ დიეგო სიმეონემ ცამდე აქო ანტუან გრიზმანი, ის საოცარი ფეხბურთელია, მე მისი მწვრთნელი ვარ და მეც კი ვერ დაგისახელებთ მის ზუსტ პოზიციას მოედანზეო. "ატლეტიკოს" შედარებით იოლი მატჩი ელის, "ვისენტე კალდერონს" ლა ლიგის აშკარა აუტსაიდერი "ოსასუნა" სტუმრობს, რომელმაც მოულოდნელად, ბოლო ორი მატჩი მოიგო (წინა 29 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო).
ბუნდესლიგა: ბაიერნის რეალობა
"რეალთან" დამარცხებული "ბაიერნი" შინაურ რეალობას უბრუნდება. იქ კი "რეკორდმაისტერს" ყველაფერი ჩინებულად აქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "ბაიერნი" ერთადერთ მდევარ "ლაიპციგს" 10 ქულით უსწრებს. კარლო ანჩელოტის გუნდის მომდევნო მეტოქე "ლევერკუზენია". ეს დაპირისპირება სხვა დროს ტურის უმთავრესი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ახლა მას ასეთად ვერ მოვნათლავთ - "ლევერკუზენი" მხოლოდ მე-12 ადგილზეა და "ბაიერნს" 33 ქულით (!) ჩამორჩება. I წრეში "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" 2:1 იმარჯვა, ტიაგო ალკანტარას გოლი ჩალჰანოღლუმ გაქვითა (რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია), მაგრამ 56-ე წუთზე "ბაიერნს" გამარჯვება მატს ჰუმელსმა მოუტანა, რომელიც ახლა ტრავმირებულია და მისი თამაში საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად "რეალთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება რობერტ ლევანდოვსკიმაც გამოტოვა.
სატურნირო თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია "ლაიპციგისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირება, მეორეადგილოსანი მე-6 ადგილზე მყოფ გუნდს მასპინძლობს.
"დორტმუნდი" "სიგნალ იდუნა პარკზე" "აინტრახტს" მასპინძლობს. გუნდს თავს დამტყარი ტერორისტული აქტისა და მერე "მონაკოსთან" წაგების შემდეგ თომას ტუხელის გუნდი ფორმიდან ამოვარდნილია, მაგრამ კიდევ უარეს დღეშია მეტოქე - "აინტრახტი" ლიდერების კუდში იყო, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და 12 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, ისიც, ქვეყნის თასზე. ბუნდესლიგაში ფრანკფურტელებს 5 თებერვლის მერე ვერ მოუგიათ, მაშინაც აშკარა აუტსაიდერი "დარმშტადტი" დაამარცხეს.
სერია A: მილანური გარჩევა ევროსაგზურისთვის
სერია A-ს 32 ტურის ყველა შეხვედრა შაბათს, 15 აპრილს გაიმართება, ყველაზე ადრე კი ტურის ცენტრალური შეხვედრაა ჩანიშნული - ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდება. დიახ, წინ მილანური დერბია, მატჩი, რომელიც ყოველთვის და ყველა ვითარებაში დიდ ინტერესს იწვევს. შევიხედოთ ორივე გუნდის ბანაკში და გავარკვიოთ, როგორი განწყობით ელოდებიან მილანური კლუბები ამ უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობას...
ინტერი
გასულ ტურში "ინტერმა" "კროტონესთან" წააგო და საქვეყნოდ შეირცხვინა თავი. მილანურ გრანდს მცირე ჩავარდნა აქვს, რისი თქმის საფუძველსაც ბოლო ორ ტურში განცდილი ორი მარცხი გვაძლევს. "ნერაძური" "სამპდორიასთან" სახლში და "კროტონესთან" გასვლაზე 6 ქულას გეგმავდა, თუმც ხელმოცარული დარჩა და შედეგად, დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებას.
ეგ კი არა, მილანელებს ევროპალიგის საგზური გაუხდათ სანატრელი, რადგან სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დაეშვნენ.
"ინტერი" დერბის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება - მხოლოდ რობერტო გალიარდინია დისკვალიფიცირებული, სხვა მხრივ, კი ყველაფერი რიგზეა. "ინტერის" მწვრთნელ-ფეხბურთელები გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციაზე ლაპარაკობენ და ანტონიო კანდრევას სიტყვებიც ამის დასტურია:
"წინა ტურში საშინლად ვითამაშეთ და დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. გულშემატკივართა წინაშე ვალში ვართ და მილანურ დერბიში საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. "მილანის" დამარცხების შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს მივუახლოვდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ინტერი" ევროასპარეზის გარეშე არ უნდა დარჩეს, ეს დაუშვებელია".
სავარაუდო შემადგენლობა
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ანსალდი - მედელი, კონდოგბია - კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი - იკარდი.
მილანი
"მილანში" უკეთესი განწყობაა, ვინჩენცო მონტელას გუნდმა "პალერმოს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. დღეს "როსონერი" უფრო ახლოა ევროსაგზურთან, ვიდრე თუნდაც ერთი კვირის წინ და შესაბამისად, მწვრთნელიც უფრო ომახიან კომენტარს აკეთებს:
"დერბი დიდი გამოცდაა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროსაგზურისკენ. "ინტერს" დასაკარგი არაფერი აქვს და დიდი ძალებით შემოგვიტევს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საუკეთესო ხუთელში გვსურს შესვლა და ამისთვის ჩვენც მხოლოდ სამი ქულა გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გველოდება".
"ინტერისგან" განსხვავებით, "მილანს" ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მათ ლაზარეთში ყოფნას უკვე მივეჩვიეთ - დიდი ხანია, რაც "როსონერის" რიკარდო მონტოლივო, ინაციო აბატე, ანდრეა ბერტოლაჩი და ჯაკომო ბონავენტურა ვერ ეხმარებიან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მილანური კლუბი ოფიციალურად გადავიდა ჩინელი ინვესტორების ხელში და ეს პირველი დერბი იქნება წლების მერე, როცა გუნდის მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი აღარ იქნება.
სავარაუდო შემადგენლობა
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, საპატა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, სოსა, ფერნანდესი - სუსო, დეულოფეუ, ბაკა.
***
ტურინის "იუვენტუსი" აუტსაიდერ "პესკარას" ესტუმრება - ძალთა თანაფარდობა აშკარად დარღვეულია, მაგრამ აქ არის ერთი ინტრიგა - "პესკარას" ზდენეკ ზემანი წვრთნის. თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ სეპციალისტს "ბებერი ქალბატონის" მიმართ, ყველას ეცოდინება.
"რომა" "იუვეს" 6 ქულით ჩამორჩება. 7 ტურით ადრე ჯერ კიდევ რჩება "სკუდეტოს" შანსი და დედაქალაქის გუნდი დანებებას ბოლო ტურამდე არ აპირებს. "ოლიმპიკოს" ბერგამოს "ატალანტა" ესტუმრება, რომელიც მე-5 პოზიციაზეა, რაც ამ გუნდისთვის დიდებული მიღწევაა.
ლიგა 1: მონაკო და მისი მდევრები
"მონაკო" ორივე ფრონტზე ისე ყოჩაღად იბრძვის, რომ უკვე აშკარაა, დანებებას არსად აპირებს, ძალები კი ორივეგან ეყოფა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი 3 ქულით უსწრებს "პარი სენ-ჟერმენს", რომელიც კვლავ ფავორიტად რჩება. ამ ტურში "მონაკო" "დიჟონს" მასპინძლობს და ისეთ ხასიათზეა, წესით, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. უნაი ემერის კრებული კი დღეს ესტუმრება "ანჟერს". საჩემპიონო რბოლაში კიდევ ერთი გუნდი რჩება - "ნიცა", რომელიც ამ ტურში "ნანსის" შეხვდება.
მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): 6 - ტოტენჰემი; 5 - მონაკო, პსჟ.
* გამარჯვებები (ევროპაში): 8 - ასტრა; 6 - ტოტენჰემი.
* დაუმარცხებელი (ტოპ-5): 21 - მანჩესტერი; 13 - მონაკო, პსჟ.
* დაუმარცხებელი (ევროპა): 32 - სელტიკი; 26 - კოპენჰაგენი; 25 - პორტუ.
* ფრეები (ტოპ-5): 3 - მარსელი.
* ფრეები (ევროპა): 5 - დნიპრო; 4 - როსტოვი.
* მოუგებელი (ტოპ-5): 14 - მიდლსბრო; 10 - ემპოლი.
* მოუგებელი (ევროპა): 14 - მიდლსბრო; 10 - ემპოლი, მორეირენშე, ვოლინი.
* წაგებები (ტოპ-5): 5 - მაინცი, პალერმო.
* წაგებები (ევროპა): 7 - ბორაცი; 6 - დანდი.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIII ტური
შაბათი. 15 აპრილი
ტოტენჰემი-ბორნმუთი 15:30
კრ. პალასი-ლესტერი 18:00
ევერტონი-ბარნლი 18:00
სტოკი-ჰალი 18:00
სანდერლენდი-ვესტ ჰემი 18:00
უოტფორდი-სუონსი 18:00
საუთჰემპტონი-სიტი 20:30
კვირა. 16 აპრილი
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 16:30
მანჩესტერი-ჩელსი 19:00
ორშაბათი. 17 აპრილი
მიდლსბრო-არსენალი 23:00
ბომბარდირები: 23 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი).
ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური
პარასკევი. 14 აპრილი
ბილბაო-ლას პალმასი 22:45
შაბათი. 15 აპრილი
დეპორტივო-მალაგა 15:00
სპორტინგი-რეალი 18:15
ატლეტიკო-ოსასუნა 20:30
ბარსელონა-სოსიედადი 22:45
კვირა. 16 აპრილი
ლეგანესი-ესპანიოლი 14:00
ვალენსია-სევილია 18:15
ბეტისი-ეიბარი 20:30
გრანადა-სელტა 22:15
ორშაბათი. 17 აპრილი
ალავესი-ვილიარეალი 22:45
ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტური
შაბათი. 15 აპრილი
დორტმუნდი-აინტრახტი 17:30
მაინცი-ჰერტა 17:30
ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 17:30
აუგსბურგი-კიოლნი 17:30
ჰოფენჰაიმი-გლადბახი 17:30
ლაიპციგი-ფრაიბურგი 17:30
ლევერკუზენი-ბაიერნი 20:30
კვირა. 16 აპრილი
ვერდერი-ჰამბურგი 17:30
დარმშტადტი-შალკე 19:30
ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
იტალია. სერია A. XXXII ტური
შაბათი. 15 აპრილი
ინტერი-მილანი 14:30
რომა-ატალანტა 17:00
პალერმო-ბოლონია 17:00
კალიარი-კიევო 17:00
ტორინო-კროტონე 17:00
ფიორენტინა-ემპოლი 17:00
პესკარა-იუვენტუსი 17:00
ჯენოა-ლაციო 17:00
სასუოლო-სამპდორია 20:00
ნაპოლი-უდინეზე 22:45
ბომბარდირები: 24 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 21 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIII ტური
პარასკევი. 14 აპრილი
ანჟერი-პსჟ 22:45
შაბათი. 15 აპრილი
ნიცა-ნანსი 19:00
მონპელიე-ლორიანი 22:00
რენი-ლილი 22:00
გენგამი-ტულუზი 22:00
მეცი-კაენი 22:00
მონაკო-დიჟონი 23:00
კვირა. 16 აპრილი
ნანტი-ბორდო 17:00
ბასტია-ლიონი 19:00
მარსელი-სტ. ეტიენი 23:00
ბომბარდირები: 29 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"