რუსეთი-პორტუგალია 0:1 - რონალდომ აკინფეევს იუბილე ჩაუმწარა [VIDEO]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ იგორ აკინფეევს ნაკრებში მე-100 თამაში მე-8 წუთზევე ჩაუმწარა, როცა რაფაელ გერეიროს ჩაწოდებულს თავით შესწვდა და ანგარიში გახსნა - 1:0. 2004 წლისგან განსხვავებით (7:1), პორტუგალიამ რუსთა კარში ეს ერთი გოლი იკმარა.

გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მაგრამ უფრო კარგი სანახავი მეორე გამოდგა, რომელშიც აკინფეევის დიდებული "სეივი" ვიხილეთ. მასპინძლებმა ბოლოს შტურმი სცადეს, რომლის მთავარი გმირიც კინაღამ გიორგი ჯიქია გახდა, ჯერ მისი ჩაწოდებული მოულოდნელად, რუი პატრისიოს კარში ჩაეშვა და რომ არა გოლკიპერი, გოლი გარდაუვალი ჩანდა, შემდეგ კი ქართული წარმოშობის რუსი ფეხბურთელის თავური
კარს ოდნავ გადასცდა.

ორი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას 4 ქულა აქვს, ხოლო რუსეთს 3 დარჩა.

პორტუგალიამ შედეგზე ითამაშა და გაამართლა, რუსეთმა კი სათანადო პრობლემები ვერ შეუქმნა კონტინენტის ჩემპიონს. როგორც ჩანს, ჩერჩესოვის გუნდს დიდი მატჩების კომპლექსი აქვს. პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდი შებოჭილი იყო - გოლამდე მხოლოდ თავს იცავდა, გოლის მერე კი პორტუგალიელთა პრესინგი იოლად უმკლავდებოდა მეტოქის შეტევების მცდელობებს. განსაკუთრებით, ვილი კარვალიო ყოჩაღობდა. არც პორტუგალიის ნაკრების თამაშს ეთქმოდა პირველ ნახევარში საუკეთესო, მაგრამ რუსეთი ამას ვერ იყენებდა. მთელ ტაიმში მხოლოდ ერთი ნახევრად-მომენტი ჰქონდათ, მაგრამ სმოლოვმა უაზროდ დაარტყა.

მეორე ტაიმი აკინფეევის კართან 100%-იანი მომენტით დაიწყო. თავით ურტყამდა ანდრე სილვა, მაგრამ გოლკიპერმა იყოჩაღა. თამაში უფრო ქაოტური, მაგრამ გაცილებით თვალსასეირო გახდა, რუსებმაც მეტი გაბედეს, სმოლოვს და ჟირკოვს მომენტებიც შეექმნათ, თუმცა კარში ზუსტ დარტყამდე საქმე ერთხელაც არ მისულა. აქ კი პორტუგალიამ კიდევ ერთხელ ჩაიგდო მატჩის მიმდინარეობაზე კონტროლი და თუ ბოლო შტურმს არ ჩავთვლით, პრობლემები აღარ შეჰქმნია.

კრიშტიანო რონალდომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კვლავ მიიღო. ბოლო 12 თვის განმავლობაში 32 წლის ფორვარდმა გაიტანა ევრო 2016-ზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ახლა უკვე კონფედერაციათა თასზე.

წლეულს რონალდოს ერთი მაჩვენებლით მაინც სჯობდა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი - კლუბსა და ნაკრებში უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ახლა რონალდო გაუთანაბრდა - ორივე სუპერვარსკვლავს 2017 წელს 32-32 გოლი აქვს გატანილი! ისინი 4-4 გოლით უსწრებენ ჰარი კეინს (ტოტენჰემი, ინგლისი), შემდეგ მოდის რობერტ ლევანდოვსკი - 27 (ბაიერნი, პოლონეთი) და ედინსონ კავანი - 26 (პსჟ, ურუგვაი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "პირველ ტურში ნანისა და კრიშტიანოს დუეტი ავირჩიე, ახლა კი კრიშტიანოსა და ანდრე სილვას წყვილი ვამჯობინე. იმის წყალობით, რომ მოედანზე ბერნარდო სილვა გვყავდა, პასებით თამაში უფრო გამოგვდიოდა. "მონაკოში" ის ძალიან კარგად გამოდიოდა. საერთოდ, ფეხბურთელების კარგი ჯგუფი მყავს, რომელთა ნდობაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია".

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი): "ვფიქრობ, გუნდს პორტუგალიასთან შიშით არ უთამაშია. გოლის ეპიზოდში, სამწუხაროდ, ჩაწოდებაც ვაცალეთ და კარშიც დარტყმაც. შეცდომები ყველას მოსდის, თანაც, მეტოქემ იმ ეპიზოდში ბურთი კარგად გაითამაშა. სარეზერვო გეგმა გვქონდა და თქვენ ის ნახეთ კიდეც გაშვებული ბურთის მერე. თამაში ყოველთვის ისე არ მიმდინარეობს, როგორც ჩვენ გვსურს. მეორე ტაიმში ბევრი რამ გამოვასწორეთ და გატანაც შეგვეძლო".

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია): "ძალიან გახარებული ვარ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ. გახარებულები ვართ, რადგან რუსეთში პირველად გავიმარჯვეთ. ფანები მეტოქეს შესანიშნავად უჭერდნენ მხარს, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. ორ მატჩში 4 ქულა მოსალოცი საქმეა".

რუსეთი-პორტუგალია 0:1
გოლი: 0:1 რონალდო (8)
რუსეთი (5-3-2): აკინფეევი - შიშკინი (46. ეროხინი), ჯიქია, ვასინი, კუდრიაშოვი (83. ბუხაროვი), კომბაროვი (68. პოლოზი) - სამედოვი, გლუშაკოვი, გოლოვინი - ჟირკოვი, სმოლოვი
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სედრიკი, პეპე, ბრუნო ალვეში, გერეირო (65. ელიზეუ) - ბერნარდო სილვა, ვილი კარვალიო, ადრიენ სილვა (83. დ. პერეირა), ანდრე გომეში - ანდრე სილვა (78. მარტინში), რონალდო
მაყურებელი: 42 759

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიქიას წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ ის უკვე არის ქართული წარმოშობის რუსი,რუსულ ენოვანი ფეხბურთელი.დავასხი თავს ლაფი მის მშობლებს,თორემ გიორგი როგორც გაზარდეს იმ მენტალიტეტის გამოვიდა.მასთან პრეტენზიები ვერ გვექნება.
სოსო
09:36 23-06-2017
0
ასე უკუღმართობა თავში როგორ მოგივდათ

რუსეთში დაბადებული ქართველი ბიჭი არა ის კიდევ, რუსია უკვე და ამას წყალი არ გაუვა
ავტორს უწერია 100% ზუსტად და თქვენ გაქვთ სსწავლებელი.
გიორგი-ს
01:11 23-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული