კვირა ციფრებში: ტიტულები და თილისმა

AutoSharing Option
კრისტინ სინკლერის საიუბილეო მატჩი, "ლეონის" და "ოჰიგინსის" ჩემპიონობა, წარმატებული სერია სერია A-ში და "ლივერპულის" სარეკორდო გამარჯვება - ყველაფერი ეს კვირის დღევანდელ მიმოხილვაში.

200 - მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში კრისტინ სინკლერს. კანადის ნაკრების თავდამსხმელმა საიუბილეო შეხვედრაში, რომელშიც კანადამ "ტორნეო ინტერნასიონალის" ეგიდით შოტლანდიას 2:0 სძლია, თავი გოლით გამოიჩინა, რომელიც მისთვის 147-ე იყო საერთაშორისო კარიერაში.

ნაკრებში პირველი მატჩი სინკლერმა 2000 წელს, ჩინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ახლა, 13 წლის შემდეგ, 30 წლის ფორვარდი კანადის რეკორდსმენია არა მხოლოდ ჩატარებული
მატჩების, არამედ გოლების და საგოლე პასების მიხედვით. ზოგადად, ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, სინკლერზე მეტი სანაკრებო გოლი მხოლოდ ორ ამერიკელს, მია ჰემს (158) და ები უომბეკს (163) აქვთ გატანილი.

58 - წლიანი ლოდინის შემდეგ "ოჰიგინსი" ჩილეს ჩემპიონი გახდა. ისტორიაში პირველი ტიტული ქალაქ რანკაგუას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, საჩემპიონო პლეი ოფში მოიპოვა. აპერტურას თანაბარი ქულებით დასრულების შემდეგ "ოჰიგინსმა" და "უნივერსიდად კათოლიკამ" ჩემპიონის ვინაობა ოქროს მატჩში გაარკვიეს, რომელიც "ოჰიგინსის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

"ჩვენ დღეს 16 ანგელოზი გვგულშემატკივრობდა და მათ ისტორიაში პირველი ვარსკვლავი გამოგვიგზავნეს," - განაცხადა გუნდის კაპიტანმა ბრაულიო ლეალმა, რომელმაც "16 ანგელოზში" ის ქომაგები იგულისხმა, რომლებიც წლის დასაწყისში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.

"უნივერსიდად კათოლიკა" კი მეორე ადგილზე გასვლას მიჩვეულია - სანტიაგოს ბინადარმა ვერცხლის მედლები ისტორიაში მეცხრამეტედ მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

8 - გამარჯვება გაშვებული ბურთების გარეშე სერია A-ში - "იუვენტუსი" გახდა პირველი გუნდი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ რვა შეხვედრა ისე მოიგო, რომ საკუთარ კარში ერთი ბურთიც არ მიუღია. ჯანლუიჯი ბუფონის "მშრალი სერია" კი უკვე 730 წუთია გრძელდება. ტურინული გრანდის უკანასკნელი მსხვერპლი "სასუოლო" გახდა, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პერიოდი აქვს - ზედიზედ სამი წაგება გოლის გარეშე.

დებიუტანტთან შეხვედრაში თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა - არგენტინელმა ჰეთ თრიქი შეასრულა, "იუვემ" კი 4:0 მოიგო. "ელ აპაჩემ" სერია A-ს შეხვედრაში ერთზე მეტი გოლი პირველად გაიტანა, ჰეთ თრიქი კი მას უკანასკნელად 2012 წლის აპრილში ჰქონდა შესრულებული, როდესაც მისმა "მანჩესტერ სიტიმ" "ნორვიჩს" 6:1 მოუგო.

8 - სხვადასხვა ჩემპიონი ამდენივე ტურნირში - "ლეონის" მიერ მოგებული ტიტულის შემდეგ მექსიკის პირველობაზე სწორედ ასეთი სტატისტიკა დაფიქსირდა. 2009/10 წლების სეზონის კლაუსურადან მოყოლებული, მექსიკის ჩემპიონის ტიტულს ყოველ ჯერზე ახალი გუნდი იგებს. "ტოლუკა", "მონტერეი", "პუმასი", "ტიგრესი", "სანტოს ლაგუნა", "ტიხუანა" და "ამერიკა" - აი, იმ კლუბების ჩამონათვალი, რომლებმაც ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება "ლეონამდე" მოიპოვეს.

თავად "ლეონი" კი ბოლო 57 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ გაჩემპიონდა (მანამდე 1991/92 წლების სეზონში), ისე კი, ეს კლუბი უკვე 6-გზის ჩემპიონია. ფინალურ დაპირისპირებაში ახალმა ტრიუმფატორმა მექსიკის 11-გზის ჩემპიონ (რეკორდი, "გვადალახარასთან" ერთად) "ამერიკას" ორი მატჩის ჯამში 5:1 მოუგო.

5 - უპასუხო გოლი გაუტანა "ლივერპულმა" "ტოტენჰემს" და "უაით ჰარტ ლეინზე" ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე სარეკორდო იყო 1975 წლის დეკემბერში მოპოვებული გამარჯვება - 4:0. შედეგად, "დეზების" დამრიგებელი ანდრე ვილაშ ბოაში გახდა მეხუთე მწვრთნელი ამ სეზონის პრემიერლიგაში, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა.

შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო პაულინიოს გაძევება. ბრაზილიელმა ლუის სუარესის წინააღმდეგ იუხეშა და გახდა მეხუთე ფეხბურთელი, ვინც წითელი ბარათი ურუგვაელთან უხეშობის შედეგად მიიღო. 2011 წლის იანვრის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაძევების მიზეზი ამდენჯერ სხვა არავინ გამხდარა.

მერსისაიდელთა მე-7 ნომერი მხოლოდ ამ კომპონენტში არ გამოირჩევა. სუარესმა "ტოტენჰემთან" დუბლი შეასრულა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ანგარიშზე უკვე 17 გოლია (11 შეხვედრაში!). ამდენი ბურთი კი პრემიერლიგის 20 გუნდიდან ნახევარს არ გაუტანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: იმედგაცრუება, ჩავარდნა და ფუტსალის ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული