გიორგი შერმადინმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ანდორას" წევრმა გიორგი შერმადინმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, შერმადინმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს. 27 წლის კალათბურთელმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "გაგიაზრებია თუ არა, რა განცდა გექნება შენი შვილის ნაკრებში ხილვისას?"

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გილოცავთ ევრობასკეტის საგზურს. მთელი საქართველო უცდის, როდის დადგება ზაფხული... ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს საქართველოს დიდ საფეხურებზე ასვლის? რა იქნება ჩვენი მაქსიმუმი მორიგ ევრობასკეტზე?
-
მოლოცვისთვის მადლობა. ვფიქრობ, ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, შანსები ნამდვილად გვაქვს, ქართველ გულშემატკივართა მოლოდინის გასამართლებლად თავს არ დავზოგავთ.

მკითხველი:
- გიორგი, რა პერიოდი იყო შენს კარიერაში ყველაზე რთული და როგორ შეძელი ამ პერიოდის გადალახვა?
- ჩემს კარიერაში ყველაზე რთული 2013 წელი იყო, როდესაც "სარაგოსაში" სამედიცინო შემოწმება მუხლის ტრავმის გამო ვერ გავიარე. ეს პერიოდი დიდი ძალისხმევით გადავლახე...

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. უყურებ თუ არა ნაკრების თამაშებს ვიდეოგამეორებით და აანალიზებ თუ არა შეცდომებს?
- ცხადია, ვუყურებ, ვაანალიზებ და შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობ. რამდენად გამომდის, ეგ უკვე თქვენ შეაფასეთ.

მკითხველი:
- გიორგი, შენ კარგი კარიერა გაქვს და განსაკუთრებით, ბოლო მატჩებია მეც და მთელ მსოფლიოს ხიბლავს შენი კარგი თამაში, ზუსტი ტყორცნები... ასეთი კითხვა მაქვს: არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, რას აირჩევდი: შემოსავალი საზღვარგარეთის რომელიმე გუნდიდან აგეღო და სახელი საქართველოს ნაკრებიდან მოგეხვეჭა თუ პირიქით, შემოსავალი საქართველოს ნაკრებიდან აგეღო და სახელი საზღვარგარეთის რომელიმე გუნდში მოგეხვეჭა?
- შეფასებისთვის დიდი მადლობა. როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, ისე გიპასუხებთ: სადაც მენდობიან და სადაც საჭირო ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების რაოდენობის მიუხედავად, ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, უმთავრესი მაინც საქართველოს სახელია. ამიტომ ნაკრებში თამაშს ალტერნატივა არ გააჩნია.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. პირველ რიგში, გისურვებ წარმატებებს. თუ შეიძლება, გვითხარი შენს გულშემატკივრებს, უახლოეს მომავალში თუ აპირებ NBA-ში ძალების მოსინჯვას და როგორ ფიქრობ, ხარ თუ არა მზად ამისთვის? ასევე მაინტერესებს, თუ გაქვს ურთიერთობა ბავშვობისდროინდელ გუნდელებთან?
- ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე საუბარი გამიჭირდება. ურთიერთობა კი თითქმის ყველასთან მაქვს, რაც ძალიან მახარებს.

მკითხველი:
- NBA-ში რომ გადახვალ (რაშიც ეჭვი არ მეპარება), რომელ გუნდში თამაშს ისურვებდი?
- ნებისმიერ გუნდში ვითამაშებდი, თუმცა ლებრონ ჯეიმსთან თამაში ძალიან მაგარი იქნებოდა.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. შენი სიმაღლის მაჩვენებლით რომ გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკა, რა მოხდებოდა?
- ოოო :D მგონი, ტერიტორია აღარ გვეყოფოდა ერთ სულ მოსახლეზე :D

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო :) რომელი ადამიანი დაგიდგა რთული პერიოდის დროს გვერდით და არ მიგატოვა მაშინ, როცა გჭირდებოდა?
- ჩემი ოჯახი და ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.

მკითხველი:
- რას ნიშნავს შენთვის კალათბურთის თამაში?
- კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა.

მკითხველი:
- გიორგი, გილოცავ წარმატებულ სეზონს და სეზონის ჯანმრთელად და წარმატებით დასრულებას გისურვებ. მაინტერესებს, უშუალოდ მოთამაშისთვის და ნაკრებისთვის რამდენს ნიშნავს ქომაგების მხარდაჭერა (ნუ თბილისში თამაშისას გასაგებია, ამას ყველა აღნიშნავს), განსაკუთრებით, უშუალოდ ევრობასკეტზე, როდესაც ისმის ქომაგების ქართული შეძახილები, რამდენად ეხმარება ეს მოთამაშეს? ვფიქრობ, ზაგრებში სლოვენიის ქომაგების გარდა, ყველა დანარჩენ თამაშებზეც (ხორვატიასთანაც კი) დავჩაგრეთ მეტოქეთა ქომაგები (და იმავეს ვაპირებთ ისრაელშიც) და თუ მოდიოდა ეს მუხტი მოთამაშეებამდე?
- მადლობა კეთილი სურვილებისთვის. გულშემატკივართა გვერდში დგომა აუცილებელია, თქვენი შეძახილები დიდი სტიმულია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ.

მკითხველი:
- რამდენად რთული იყო დღევანდელ დღემდე განვლილი გზა?
- საკმაოდ რთულია იყო და რთულია ახლაც, მაგრამ ცხოვრება სირთულეების გარეშე არ არსებობს. სწორედ ეს გვეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში.

მკითხველი:
- მაინტერესებს, როგორი გარემოა ესპანეთში? ადვილი გასავლელია თუ არა შეგუების პროცესი?
- ამ პროცესს უკვე მივეჩვიე... "ანდორაში" იმდენად კარგი გარემოა, რომ ადაპტაციის გავლა საერთოდ არ გამჭირვებია. გასათვალისწინებელია, რომ ღმერთის წყალობით, ჩემი ოჯახი სულ ჩემთანაა.

მკითხველი:
- წლების განმავლობაში არაერთ უცხოურ კლუბში გითამაშია უამრავი გულშემატკივრის წინაშე. რა გრძნობა გეუფლებოდა გადაჭედილ სპორტის სასახლეში თამაშისას?
- ბედნიერებაა, როდესაც მაყურებელი ფეხზე დგომითა და მხურვალე აპლოდისმენტებით გაჯილდოებს. ორმაგი ბედნიერებაა მონატრებული ქართველი გულშემატკივრის შეძახილების მოსმენა.

მკითხველი:
- კარიერაში, ალბათ, თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს მაინც ატარებ. რის ხარჯზე ახერხებ ამას?
- დაუღალავი შრომის, მონდომების, რწმენის, ძალიან ბევრ "მიწიერ" სიამოვნებაზე უარის თქმით, ჩემი ოჯახის დიდი მხარდაჭერით მივაღწიე იმას, რომ მე დღეს ასეთი ვარ.

მკითხველი:
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოს ნაკრებისთვის გაგიკეთებია. მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი ქართული კალათბურთის მომავალს?
- დიდი მადლობა თქვენ იმ სიტყვებისთვის, რომელიც ნებისმიერი პროფესიონალისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი ძალისხმევაა იმისთვის საჭირო, რომ ჩვენს შემდგომმა თაობებმა უფრო მეტი შეძლონ. იმდენად ნიჭიერი თაობები მოდის, ვფიქრობ, ქვეყანა ამას შეძლებს.

მკითხველი:
- ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, როცა აქტიურ საკალათბურთო კარიერას დაასრულებ, მაგრამ საინტერესოა, რას აპირებ კარიერის დასრულების შემდეგ?
- თქვენსავით მეც დიდი იმედი მაქვს, რომ კალათბურთს კიდევ დიდხანს ვითამაშებ, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მომავალშიც ჩემი ნებისმიერი საქმიანობა მის გარშემო იტრიალებს. მე აქტიური კალათბურთი საქართველოში დავიწყე და...

მკითხველი:
- ფეხბურთი გიყვარს? თუ კი, რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ და რატომ?
- მიყვარს, კი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ხშირად ვერ ვუყურებ. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ. ასევე, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ, ფეხბურთელებიდან კი - ლიონელ მესი. :D

მკითხველი:
- მოგესალმები. გაგიაზრებია თუ არა, რა განცდა გექნება შენი შვილის ნაკრებში ხილვისას?
- გაიხარეთ, ძალიან ვისიამოვნე ამ კითხვით. უბედნიერესი ადამიანი, უბედნიერესი მამა ვიქნები, თუ ღმერთის წყალობით ჩემი ნიკოლოზი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და უფრო წარმატებული კალათბურთელი იქნება. ხომ გაგიგიათ, "ის ურჩევნია მამულსაო..."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული