საქართველო-ბელგია 70:68 - ლომები გალიაში [VIDEO]

AutoSharing Option
გავუთანაბრეთ. ბელგიის ნაკრებთან აქამდე 5 შეხვედრა გვქონდა ჩატარებული და საერთო ანგარიშით 2:3-ს ვაგებდით. საფრანგეთის სამთა ტურნირზე კი ბელგიელები 70:68 დავამარცხეთ და ანგარიშიც გავათანაბრეთ - 3:3.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ყოფნისას გვითხრა: ჩვენს გუნდში ისეთი შემადგენლობაა, მეტოქეებზე დამოკიდებულები არა ვართ - თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ბევრი ძლიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლიაო. ბელგიელებს პირველ ტაიმში სწორედ ჩვენ მივეცით დაწინაურების შანსი.

როგორ? ძალიან მარტივად: ოქმში არის ერთი გრაფა, რომელშიც წერია, რამდენი ქულა ჩააგდო მეტოქემ შენ მიერ დაშვებული შეცდომის წყალობით. ამ გრაფაში
ბელგიელების სასარგებლოდ 13 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ნახევარში ჩვენი დაკარგვები მეტოქემ 13 ქულად გარდასახა. საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 2 ასეთი ქულა ჩააგდო.

პირველი ტაიმი, რომელშიც 12 შეცდომა დავუშვით, 7 ქულის სხვაობით, 38:45 წავაგეთ.

ასე რომ გაგრძელებულიყო, შეცდომების ევრობასკეტამდე გამოსწორების იმედით დაგემშვიდობებოდით, მაგრამ საბედნიეროდ, მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრები ერთიორად კონცენტრირებული გამოვიდა, შეტევასა თუ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მომავლისთვის არ გადადო და ბელგიელებს თამაში დიდი შესვენების მერევე შემოუტრიალა.

თავად განსაჯეთ: მესამე ათწუთეულში მეტოქემ ჩვენი დაკარგვების (სულ ორი გვქონდა) შედეგად ქულა ვერ მოაგროვა...

ამ საქმეში, ცხადია, ყველა კალათბურთელს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ გამოსაყოფია ზაზა ფაჩულიას დამაჯერებელი თამაში. მას ბელგიელები წესების დაურღვევლად ვერ აჩერებდნენ. ზაზა 11-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და თერთმეტჯერვე მიზანში მოარტყა.

გუშინ ამ კომპონენტში მართლაც გამოვირჩეოდით - საქართველოს ნაკრებმა 21-დან 20 საჯარიმო გამოიყენა. მშვენიერი შედეგია!

ბელგიის ეროვნული გუნდი, რომელსაც მეტსახელად "ლომებს" უწოდებენ, დიდი ხანია ედი კასტელსის ხელმძღვანელობით ასპარეზობს, შეთამაშებისა და კომბინაციური თამაშის მიხედვით ევროპაში ბევრი ვერ სჯობნის, მაგრამ მეორე ტაიმში ქართველებმა მართლაც კარგად დაიცვეს თავი: სამწამიანში მეტოქეებს ფაჩულია დარაჯობდა, პერიმეტრზე კი თავისუფალი ბელგიელი იშვიათად რჩებოდა. ჩვენი დამცველები დროულად ახერხებდნენ პერიმეტრზე ასვლას ან თანაგუნდელის დაზღვევას.

განსაკუთრებით საინტერესო სანახავი ბოლო წამები იყო, როცა ანგარიშის შენარჩუნება გვჭირდებოდა. ბოლო წუთს მინიმალური სხვაობით შევხვდით (69:68). დარჩენილ დროში ორივე მხრიდან იყო შეცდომები, მაგრამ "ლომებმა" საქართველოს დაცვის გაჭრა ვერ მოახერხეს და 70:68 გავიმარჯვეთ.

დღეს, 22 საათზე, მასპინძლებს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

საფრანგეთი. როანის ტურნირი
20 აგვისტო
საქართველო-ბელგია 70:68
22:25, 16:20, 20:12, 12:11
საქართველო: ფაჩულია (28წთ, 17ქ, 3მ, 5პ), ცინცაძე (25წთ, 10ქ, 3პ), მარკოიშვილი (32წთ, 2ქ, 4მ), სანიკიძე (28წთ, 11ქ, 10მ), ბურჯანაძე (22წთ, 13ქ), პულენი (25წთ, 13ქ, 2პ), ფხაკაძე (4წთ), შერმადინი (12წთ, 2ქ, 4მ), სანაძე (20წთ, 2ქ, 4მ), ფაცაცია (4წთ).
ბელგია: ვან როსომი (7ქ, 6პ), ერველი (4ქ, 8მ), სერონი (4ქ), ტუმბა (2ქ), ლოიესკი (18ქ, 5მ), ბოსკო (4ქ), მვემა (3ქ, 7მ), ტაბუ (8ქ), მუკუბუ (4ქ), ჟილე (10ქ), დე ზეეუვი, სალუმუ (4ქ).
მსაჯები: მ. ოსელე (საფრანგეთი), მ. დეფალა (საფრანგეთი), ი. როსო (საფრანგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არის რეპორტაჟები?
gela
15:29 21-08-2015
0
ამდენ შეცდომას ერთ მეოთხედში კი არა მთელ თამაშში არ უშვებს გუნდები
bujanga
14:13 21-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული