"გოლდენ სტეიტმა" სატრანსფერო ბაზრის პირველ კვირასვე თითქმის ყველა პრობლემა გადაჭრა. მათ პირველივე საათებში მაქსიმალური კონტრაქტით დაიბევეს სტეფ კარი; 1-ლი ივლისი დასრულებული არ იყო, რომ გუნდი უკვე შეთანხმებული იყო თავისუფალ აგენტებთან, შონ ლივინგსტონთან, დევიდ ვესტთან და ანდრე იგუოდალასთან.
ამას მოჰყვა კლუბისთვის ხელსაყრელი კონტრაქტი კევინ დურანტთან, რისი წყალობითაც "გოლდენ სტეიტმა" ნიკ იანგი და ომრი კასპი აიყვანა.
მაგრამ "გოლდენ სტეიტის" ეს კამპანია ცენტრის პოზიციაზე მოიკოჭლებდა. პირველ დღეებში გუნდს საერთოდ არ ჰყავდა პოზიციით ცენტრფორვარდი განაცხადში (ვესტს
და ამ დროს "გოლდენ სტეიტმა" გუნდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი დააბრუნა - 2017/18 წლების სეზონში ზაზა ფაჩულია ისევ "უორიორსისთვის" გაირჯება.
ზაზამ ამ კონტრაქტით, შარშანდელ 2,9 მილიონზე ოდნავ მეტი მიიღო, მეტის საშუალება კლუბს უკვე აღარ ჰქონდა. მართალია, ზაზა ჩემპიონის სასტარტო ხუთეულის ყველაზე არავარსკვლავური წევრია, მაგრამ ტიტულის შენარჩუნებისთვის ქართველის დაბევებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ზაზას როლი ძალზე დიდია რეგულარულ სეზონში, რადგან ვარსკვლავებს, დურანტს და გრინს პერიოდულად ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, ისინი პლეი ოფისთვის შესანიშნავ ფორმაში რჩებიან.
მართალია, პლეი ოფში მისი როლი მცირდება, თუმცა ზაზა მაინც მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის. მისი დაყენებული "სქრინები" შეტევაში ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდისთვის.
მართალია, ზაზა არ არის სრულყოფილი ცენტრი გუნდისთვის, მაგრამ შემცვლელების დახმარებით, ის თავის როლს კარგად ასრულებს გუნდში.
ზაზამ ყველა, 85 მატჩი (ზოგი ტრავმის გამო გაუცდა) "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში გაატარა. ერთი შეხედვით, მობილური და შორი მანძილიდან ბრწყინვალედ მსროლელი გუნდისთვის ზაზასნაირი ცენტრი უსარგებლოა, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ზაზამ შეითავსა 2015 წლის ბოგუტის როლი, კარგი პასებით, მოხსნებით და ზოგჯერ საეჭვო "სქრინების" დაყენებით.
ზაზა ბოგუტთან ერთად, იმ იშვიათ ცენტრთაგანია, რომლებსაც ელიტური პასების კეთება და თავისუფალი თანაგუნდელის დროულად შემჩნევა შეუძლია. იშვიათად, მაგრამ ხანდახან ზაზა თავადაც ბრწყინვალედ უტევს ფარს.
იმ 65 ცენტრს შორის, რომლებიც საშუალოდ 15 წუთს მაინც ატარებენ მოედანზე, ზაზა პასების პროცენტული მაჩვენებლით ლიგაში მე-17 ადგილზეა. მისი სროლის პროცენტიც საშუალო მაჩვენებელზე ბევრად უკეთესია. ზაზა ნაკლებად კარგავს ბურთს.
ფაჩულია ასევე ანგარიშგასაწევი ძალაა ფარქვეშ, ის კარგი მომხსნელია. სწორედ მოხსნებში და პასის დროს კარგი ალღო ეხმარება ზაზას ფეხი აუწყოს "გოლდენ სტეიტის" სწრაფ გუნდს. ის მოხსნებით NBA-ს ცენტრების საუკეთესო ოცეულშია.
მისი სუსტი მხარე შესაძლოა, დაცვაა, რადგან ის უფრო სწრაფ მეტოქეებს ვერ უწევს სათანადო წინააღმდეგობას. მისი საშუალო შედეგი მთელი 5%-ით ჩამორჩება ლიგის საშუალოს, როცა საქმე ფარის დაცვაზე მიდგება. თუმცა მისი დაცვითი IQ-ც საკმაოდ მაღალია.
ეგრეთ წოდებული რეალური პლუს-მინუსის მიხედვით, ზაზა ფაჩულია ცენტრებში მერვე ადგილზეა.
შესაძლოა, "ოლ სტარის" ოთხეულის გვერდით, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" სასტარტოში უჩვეულო სანახავია, მაგრამ ის გუნდში გარკვეულ სასარგებლო სამუშაოს ასრულებს. მსგავსის მოძებნა "გოლდენ სტეიტს" თავისუფალი აგენტების ბაზარზე გაუჭირდებოდა.
ჯერჯერობით, ცენტრის პოზიცია მაინც მოიკოჭლებს "გოლდენ სტეიტში", მაგრამ გუნდმა შეიძლება მაკგი დააბრუნოს, ან მაკადუ აიყვანოს, მაგრამ მთავარი პრობლემა მოგვარებულია - ფაჩულია კიდევ ერთი სეზონით დაბევებულია.
ზაზა ფაჩულია ამ ფასად გუნდისთვის ფანტასტიკური შენაძენია. "უორიორსის" ვარსკვლავებს დიდი დახმარება არ სჭირდებათ, მაგრამ ფაჩულიასთან ერთად გუნდს გაცილებით გაუადვილდება ტიტულის შენარჩუნება.