მანუჩარ მარკოიშვილი: ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას

AutoSharing Option
27 ივნისს "ლელოს" რედაქციას საქართველოს ნაკრებისა და იტალიის "კანტუს" კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ესტუმრა. მან ილაპარაკა საკლუბო და სანაკრებო თემებზე; არაერთ საჭირბოროტო საკითხსაც შეეხო.

29 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, ამერიკაში შედგება დრაფტი, რომელზეც, სავარაუდოდ, თორნიკე შენგელიას აირჩევენ. საინტერესოა, რას ფიქრობს თანაგუნდელის მომავალზე მანუჩარი.

- მჯერა, რომ შენგელიას დრაფტზე აუცილებლად აირჩევენ. იგი ძალიან მონდომებულია, NBA-ში თამაში სურს.

დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს გაიღებს, რომ ამერიკულ ლიგაში ფეხი მოიკიდოს. მთავარია, ისეთმა გუნდმა აიყვანოს, რომელსაც დღესვე სჭირდება. ამასთან, თორნიკეს პროგრესირების საშუალება უნდა მიეცეს.

ახალგაზრდა კალათბურთელი შეცდომას
აუცილებლად დაუშვებს, მაგრამ ამის გამო მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე არ უნდა დასვას.

- რამდენიმე წლის წინათ NBA-ს დრაფტზე შენი კანდიდატურაც უნდა დასახელებულიყო, მაგრამ დღეს ევროპაში თამაშობ...
- ტრავმის გამო წინასასეზონოდ ამერიკაში ვერ ჩავედი. თუმცა, სათანადო მონაცემების შემთხვევაში, ამერიკულ გუნდში დრაფტის გარეშეც შეიძლებოდა მოხვედრა.

- კერძოდ?
- თუნდაც სიმაღლე, ფიზიკური მონაცემები, დახვეწილობა... თორნიკე შენგელიას აქვს ყველა ის თვისება, რასაც ამერიკელები ეძებენ - მაღალია, ენერგიული, ფიზიკურად ძალიან ღონიერი. 207 სმ სიმაღლის ახალგაზრდა ბურთს ისევე კარგად ატარებს, როგორც უკანახაზელი.

- შენგელია იმ იშვიათთაგანია, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი...
- გულდასაწყვეტია, რომ არ მოდის ისეთი ახალი თაობა, ნაკრებში სერიოზული კონკურენცია რომ შეიქმნეს.

ასევე არ ჩანს კალათბურთელი, რომელიც ახლო მომავალში ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინს ან ზაზა ფაჩულიას შეცვლის.

- როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?
- ალბათ, კალათბურთი იმდენად პოპულარული არ არის, როგორც ფეხბურთი. იგი სპორტის წარმატებულ სახეობად ბოლო წლებში იქცა. ახლა ყურადღებაც სათანადო ექცევა, თუმცა საკალათბურთო ეპიცენტრი მაინც თბილისშია. ყველა რეგიონში უნდა გაიშალოს სერიოზული მუშაობა.

- 70-იან წლებში ჟურნალ "მართვეში" გამოქვეყნდა მოწოდება: ვეძებთ მაღალ ბავშვებს. მწვრთნელები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობდნენ ტანმაღალი ტალანტების მოძიებაზე...
- მაშინ მწვრთნელებს მეტ-ნაკლებად ნორმალური ანაზღაურება ჰქონდათ. დღეს კი ბავშვის მშობლის მიერ შეტანილი თანხით ცხოვრობენ.

ამას დავუმატოთ ბურთების შესაძენი თანხა... კარგი რამ გააკეთა კალათბურთის ფედერაციამ - უმაღლესი ლიგის კლუბებს უმცროსი ასაკის გუნდების შექმნა რომ დაავალა. ეს სისტემა ნამდვილად გაამართლებს.

- იტალიაში ამ მხრივ რა სიტუაციაა?
- მაგალითად, ქალაქ კანტუში სულ ოთხი დარბაზია. ბავშვებთან შეხვედრებზე არაერთხელ მომიწია მათი ნახვა. არცერთი დარბაზი წამითაც არ ცდება - ერთი გუნდი რომ გამოდის, მეორე შედის.

კანტუში ახალგაზრდებს დიდი სტიმული აქვთ - უმაღლეს ლიგაში ამ ქალაქის არც ფეხბურთელთა გუნდია, არც ფრენბურთელთა, კალათბურთელთა გუნდი კი სერია A-ში წარმატებით თამაშობს. თუმცა იტალიამდე მაინც შორია. იქ შვიდი საკალათბურთო ლიგაა, რასაც სამოყვარულო ლიგები მოსდევს.

- მაინც რატომ ითვლება ბოლონია საკალათბურთო დედაქალაქად?
- ბოლონიელებს ორი ძლიერი კლუბი ჰყავდათ - "ფორტიტუდო" და "ვირტუსი". ამ ქალაქში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვთა კალათბურთსაც, საიდანაც არიან ბელინელი, მორასკინი... იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატებში ბოლონიელები ყოველთვის მაღალ შედეგებს აღწევენ.

- როგორც ასეთი, მწვრთნელთა სკოლა თუ არსებობს?
- საამისოდ სემინარებია. მაგალითად, წლის განმავლობაში მწვრთნელმა უნდა მოაგროვოს 20 ქულა, თითო სემინარი კი 2 ქულას იძლევა...

- ზემოთ ბავშვთა კალათბურთი ვახსენეთ. ძალიან საინტერესოა, ბავშვობაშიც ბევრს ვარჯიშობდი?
- მამაჩემს 35-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ძალიან პატარები ვიყავით, როცა მე და ჩემი ძმა მამას დარბაზში დავყავდით, დავრბოდით და ბურთს ვტყორცნიდით.

საღამოს კი მწვრთნელ ზურაბ სამხარაძის ხელმძღვანელობით ვმუშაობდით. ფაქტობრივად, პატარაობიდანვე დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. მას მერე ყოველთვის ვცდილობდი, სწორედ ბევრი ვარჯიშის ხარჯზე გამეკეთებინა ის, რაც არ გამომდიოდა. ვიდრე არ შევასრულებდი, დარბაზს არ ვტოვებდი.

- მალე საქართველოს ნაკრების ვარჯიშები დაიწყება. გავალთ ევროპის ჩემპიონატზე?
- უნდა გავიდეთ, თუმცა მიზნის მიღწევა რთული იქნება. ზაზა ფაჩულიას ფეხის ტრავმა ბოლომდე არ მოშუშებია. იმედი მაქვს, ოფიციალურ მატჩებს ნაკრების ყველა წევრი მწყობრში შეხვდება.

- გვეყოლება ახალი ამერიკელი კალათბურთელი. როგორ ფიქრობ, რა კურსი უნდა ავირჩიოთ ნატურალიზებულთან დაკავშირებით, გვჭირდება უცხოელი?
- კარგი იქნება, თუ ფიბა საერთოდ აკრძალავს ნატურალიზებული კალათბურთელების დამატებას. თუმცა შესაძლოა, ამ ეტაპზე ამერიკელი გვჭირდება.

- გუნდთან ადაპტაციისა და თამაშის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად რომელი ნატურალიზებული კალათბურთელი გამოადგა საქართველოს ნაკრებს?
- ტაირონ ელისი, რომელმაც გუნდში თავისი როლი კარგად გაითავისა. არ ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. მაღალი დონის კალათბურთელი იყო შემონდ უილიამსი, რომელსაც შეეძლო გუნდის გაძღოლაცა და აყოლიებაც.

ტორინ გრინსა და მარკიზ ჰეინსს, როცა ჩვენთან თამაშობდნენ, ევროპაში ასპარეზობის სათანადო გამოცდილება არ ჰქონდათ, ამერიკიდან 1-2 წლის ჩამოსულები იყვნენ.

- რა სხვაობაა ამერიკულ და ევროპულ კალათბურთს შორის?
- ამერიკელები სხვა სისტემით თამაშობენ. იქ 22 წლამდე ასაკის შეჯიბრებებში მხოლოდ თანატოლებთან უწევთ გამოსვლა. ევროპაში კი შეიძლება ერთ გუნდში 18 წლის კალათბურთელის გვერდით 37 წლისა თამაშობდეს.

უმცროსი უფროსს თითის აწევით ელაპარაკება... მაგალითად, "ბენეტონში" რომ გადავედი, ნიკოლა პიტისი დამხვდა, რომელსაც კალათბურთის თამაშის დიდი სტაჟი ჰქონდა.

- "კანტუში" წლეულსაც გყავდათ 40 წელს მიახლოებული კალათბურთელები. მათ თითის აწევით ხომ არ ელაპარაკებოდით?
- ბაზილე 36 წლისაა; ასევე ასაკოვნები არიან (საკალათბურთო თვალსაზრისით) მარკონატო და მაზარინო. თითის აწევით არ მივმართავდით, მაგრამ ურთიერთთამაშისას ვცდილობდით, გამოცდილი კალათბურთელებისთვის ტრავმა არ მიგვეყენებინა, რადგან მათ ისედაც მალე მოუწევთ კარიერის დასრულება და არავის სურდა, ამის მიზეზი რომელიმე ჩვენგანი გამხდარიყო.

- სხვათა შორის, ბაზილე და მარკონატო 1998 წელს თბილისშიც იყვნენ...
- საქართველოში ჩატარებულ მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ამბები გაიხსენეს: დიდი დარბაზი იყო. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ჭერს ბურთი ვერ მოვარტყითო. ცხელი წყალი რომ არ იქნებოდა და სინათლე გაითიშებოდა, ეს ყველას მოეხსენება.

გაცილებით საინტერესო ერთი ეპიზოდი იყო - იტალიელები გასახდელიდან რომ გამოვიდნენ, ყინულები ნიჟარაში ჩაყარეს. მეორე დღეს დარბაზში მისულებს ყინული ისეთივე მდგომარეობაში, ნიჟარაში დახვდათ.

წარმოიდგინეთ, როგორ ეციებოდა დარბაზში...

- ნატურალიზებულზე ვთქვით. საინტერესოა შენი მოსაზრება საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვზე...
- რკინის ნერვებიანი კაცი რომ წარმოიდგინოთ, სწორედ ასეთია იგორ კოკოშკოვი. ძალიან გაწონასწორებულია, აგრესიაზე აგრესიით არასოდეს პასუხობს.

შესაძლოა გაბრაზდეს, მაგრამ ბურთს არ გადააგდებს. სიტყვით ისე შემოატრიალებს სიტუაციას, რომ შესაძლოა, თავად შეგრცხვეს. მითქვამს კიდეც, ერთადერთი სერბი მწვრთნელი ბრძანდებით, რომელიც არ იგინება-მეთქი.

- იტალიაში ჟურნალისტებს კალათბურთელებთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
- რაც დასაწერია, წერენ, არ ერიდებათ. კრიტიკაც იციან. ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა: იტალიის თასის გათამაშებაში ორი თამაში კარგად ჩავატარე, თავი არ დავზოგე. მესამე შეხვედრაშიც ძალიან მოვინდომე, მაგრამ არც მე გამომივიდა რამე და არც გუნდს.

ჟურნალისტმა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო საშინაო თუ გასვლით მატჩებზე, დაწერა: მარკოიშვილმა არ იცოდა, რას თამაშობდაო...

- ბოლოს "კანტუზე" ვთქვათ. წლეულს ნამდვილად არ ველოდით სეზონის იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დასრულებას...
- არც ჩვენ. თუმცა სეზონის ბოლოს ტრავმების გამო დაგვაკლდა გიორგი შერმადინი და ვლადიმირ მიცოვი. მათ მართლაც მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდათ.

გიორგი მოედანზე რომ ყოფილიყო, "პესაროსთან" მეოთხედფინალში მოხსნებში დიდი სხვაობით ნამდვილად არ დავთმობდით.

გამოგივა, ოღონდ უნდა ივარჯიშო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...
არჩილ არველაძე სტუმრად "ლელოსთან": ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია
ვასილ მაისურაძე სტუმრად "ლელოსთან" - წარმატების ფორმულა
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოსთან": თუ ნაკრებს დავჭირდები...
კახა კალაძე სტუმრად "ლელოსთან": ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული