- ტრავმებმა კარიერის დასრულების პროცესი დააჩქარა. არიან მოთამაშეები, რომლებსაც რამდენიმე ოპერაციის შემდეგაც იმავე დონეზე შეუძლიათ თამაში.
მაგალითად, ლიტველმა რიმანტას კაუკენასმა სამი ოპერაცია გადაიტანა და სამივე შემთხვევაში უმაღლეს დონეს დაუბრუნდა.
არიან ისეთებიც, რომლებსაც ძველი სიმაღლის შეწვდომა უჭირთ. ხორვატიის "ზადარში" თამაშისას მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ "ოლიმპიაშიც" გამოვდიოდი, მაგრამ უწინდელივით ვერ ვთამაშობდი.
არადა, ვიცოდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო.
შეიძლებოდა, სლოვენიის მერვე ან მეცხრეადგილოსან გუნდში მეთამაშა, მაგრამ კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ კლუბებში უმაღლესი დონის მწვრთნელები არ მუშაობენ, რომლებთანაც ვარჯიშს ვარ მიჩვეული.
- კარიერის დასრულების შემდეგ სპორტთან დაშორება ბევრს უჭირს...
- არც მე ვარ გამონაკლისი. მინდა, ჩემი შესაძლებლობების რეალიზება ისევ კალათბურთში მოვახდინო, ოღონდ სხვა კუთხით.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კალათბურთს სხვა თვალით ვუყურებდი, ვხვდებოდი მეგობრებს, ვცდილობდი გადამეწყვიტა, რა იყო ჩემი საქმე და რისთვის უნდა მიმეხედა.
მიმაჩნია, რომ მოთამაშე კარიერის დასრულების შემდეგ არ უნდა ჩაიკეტოს, უნდა სხვა კუთხით სცადოს საკუთარი თავის პოვნა.
ვერ ვიტყვი, რომ ხუთი თვის წინაც ვფიქრობდი ფედერაციაში მოსვლაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში აზრი ჩამომიყალიბდა და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა: კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ.
- სერიოზული განცხადებაა. ალბათ, ბევრი გაქვთ ნაფიქრი პროგრამაზე, საკუთარ გუნდზე...
- დღეს ჩემი გუნდი საქართველოს ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რაც შეეხება არჩევნებსა და ჩემს გუნდს, ამაზე კონკრეტულად ევრობასკეტის შემდეგ ვილაპარაკებ. მანამდე მინდა ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო.
მოგეხსენებათ, კარიერის დიდი ნაწილი სლოვენიაში მაქვს გატარებული, თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ სლოვენიელები ამბობენ, რომ მათიანი ვარ და როცა ევრობასკეტი სლოვენიაში იმართება, ნაკრებს ჩემი მხრიდან გვერდში დგომა დასჭირდება. ახლახან სლოვენიაში გამართულ ორ საკონტროლო შეხვედრასაც დავესწარი.
- როგორ წარმოგიდგენია ვლადიმერ ბოისა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად?
- ვმეგობრობ სლოვენიისა და სერბეთის ფედერაციების პრეზიდენტებთან. კიდევ არაერთი ქვეყნის საკალათბურთო ფუნქციონერთან მაქვს კარგი ურთიერთობა და მინდა, ჩემი შესაძლებლობები ქართულ კალათბურთს ბოლომდე მოვახმარო. ევროპული გამოცდილების სამშობლოში ჩამოტანას ვაპირებ.
მთავარი მიზანი კი ჩვენი კალათბურთის ერთი საფეხურით მაღლა აყვანაა, რათა ევროპელებს დავანახო, რომ ვლადიმერ ბოისას მხოლოდ კალათბურთის თამაში კი არა, საქმის კეთებაც შეუძლია.
ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა მიმაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საკალათბურთო საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს კალათბურთის სამყარომ.
- სლოვენიურ საიტზე ივნისში წავიკითხე კომენტარი საქართველოს ნაკრებში გამოძახება-არგამოძახებაზე...
- როგორც აღვნიშნე, კალათბურთში თუ რამე სახელი მაქვს, სლოვენიაში თამაშის შედეგია. ჩემს ადგილას ნებისმიერი კალათბურთელი ისურვებდა კარიერის მაჟორულ ნოტაზე სწორედ სლოვენიაში დასრულებას.
საამისოდ ევროპის ჩემპიონატი მართლაც კარგი შესაძლებლობა იყო. თუმცა გუნდისთვის საჭირო გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. მას წარმატების მიღწევის თავისი ხედვა აქვს, რასაც ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. როგორც აღვნიშნე, ნაკრებს სხვა მხრივ თუ დავჭირდები, მზად ვარ, დავეხმარო.
- სლოვენიაში საქართველოს ნაკრებმა ორი საკონტროლო მატჩი ბოსნიელებთან ჩაატარა. როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა გუნდმა?
- პირველი შეხვედრა ცელიეში ჩატარდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ხუთ შეხვედრას გავმართავთ. თამაშს ცნობილ კალათბურთელ ჟასმინ უკიჩთან ერთად ტრიბუნებიდან ვადევნებდი თვალს. მასაც ეგონა და ბევრი უცხოელიც თვლიდა, რომ ბოსნია ორივე შემთხვევაში დაგვამარცხებდა, რადგან ორი წამყვანი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გვაკლდა.
შეხვედრის მსვლელობისას გამახსენდა ჩვენი ტაქტიკა, სქემები, მაგრამ გუნდში რაღაც გამორჩეული დავინახე - ენერგია, ემოცია, შემართება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ლიდერების გამოკლების შემდეგ ბიჭები დამატებითი ენერგიით დაიმუხტნენ.
პირველ მატჩში მირზა ტელეტოვიჩის მიერ ძალიან შორიდან ჩაგდებული სამქულიანით წავაგეთ. არადა, შეიძლება ვარჯიშზე ასეთი დისტანციიდან ხუთიდან ვერც ერთი ტყორცნა ვერ გამოიყენოს.
მეორე თამაში იესნიცეში ჩატარდა, სადაც ბოსნიელები გამართავენ ევრობასკეტის შეხვედრებს.
მჯეროდა, რომ მოვიგებდით. ასეც მოხდა. შემდეგ საფრანგეთში სერბეთი დავამარცხეთ და ვფიქრობ, კალათბურთშიც ფეხბურთის მსგავსი რეიტინგი რომ დგებოდეს და ამხანაგურებსაც ყურადღება ექცეოდეს, საკონტროლო თამაშების შემდეგ მინიმუმ ხუთი საფეხურით დავწინაურდებოდით.
- სლოვენია ჩვენი მეტოქეა. იქ როგორ უყურებენ საქართველოს ნაკრებს?
- სლოვენიაში ევრობასკეტის დარი დიდი ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. ამიტომ განსაკუთრებულად ემზადებიან. პირველ ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიის მატჩების ყველა ბილეთი გაყიდულია.
მეტსაც ვიტყვი - მაშინ, როცა არავინ იცის, გავა თუ არა მომდევნო ეტაპზე და პლეი ოფში, სლოვენიელებს ბილეთები მაინც შეძენილი აქვთ. გაზეთებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში მასპინძელთა მეტოქეების ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან.
ამხანაგური მატჩების შემდეგ საქართველოს სერიოზულ კონკურენტად განიხილავენ და ჩვენ შესახებ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. თუმცა მჯერა, რომ ნაკრებს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ამხანაგური მატჩებისას დავინახეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"