დღის პირველ მატჩში "რუსთავმა" "მგზავრები-არმია" დიდი სხვაობით - 91:63 დაამარცხა. არადა, თამაშის პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. "რუსთავს" თავიდანვე ჰქონდა უპირატესობა, თუმცა მასპინძლები მათ დიდი გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 30:22 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 1 ქულით დათმეს და შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 44:37.
დიდი შესვენების შემდეგ რუსთაველები კიდევ უფრო უკეთ
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც "რუსთავს" 27 ქულით და 8 მოხსნით ულიდერა, 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვილმა, ჰაიდენ ჰამსის ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
"მგზავრებში" ორმა კალათბურთელმა დაძლია 10-ქულიანი ზღვარი - ტატო ჩაჩიაბაიამ და ოთარ ბულიავამ 16-16 ქულა დააგროვეს, ამ უკანსკნელმა 16 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა.
მგზავრები-არმია - რუსთავი 63:91
22-30; 15-14; 11-19; 15-28
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი): "რა დავალებაც ჰქონდათ ბიჭებს პირველ ტაიმში შეასრულეს და ეს ანგარიშსაც ეტყობოდა. მესამე პერიოდიდან კი გუნდი აირია. ზედიზედ 8 შეტევა ვერ გამოვიყენეთ და დაცვაშიც უამრავი შეცდომა დავუშვით. მივულოცავ "რუსთავის" გუნდს გამარჯვებას".
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "ასეთი სხვაობით გამარჯვებას არ ველოდით. "მგზავრები-არმია" ახლადშექმნილი გუნდია, თუმცა მათგან წინაღმდეგობას ველოდით და ასეც მოხდა, ბოლოს მაინც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა ყველაფერი. მივულოცავ ჩემს ბიჭებს, კარგად ითამაშეს. ეს მხოლოდ პირველი თამაშია და ამით არაფერი მთავრდება, საპასუხო შეხვედრა რუსთავში გვაქვს 1 კვირის შემდეგ და ვეცდებით, მეორე მატჩიც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ".
* * *
დღის მეორე შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ფავორიტად მიჩნეულ "დინამოს" ახალგაზრდა "ოლიმპის" დამარცხება გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვებას მაინც მიაღწია - 65:60.მთელი პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია. გიორგი გამყრელიძის გარეშე მოთამაშე "დინამომ" პირველი ათწუთეული მინიმალური სხვაობით 17-15 მოიგო. მეორე პერიოდში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ, უპირატესობა "ოლიმპს" დარჩა და დიდ შესვენებაზე ისინი 1 ქულით ლიდერობდნენ - 32:31.
სიტუაცია არც მესამე მეოთხედში შეიცვალა და ცხადი იყო, ყველაფერს ბოლო წუთები გადაწყვეტდა. "ოლიმპი" გუნდურად თამაშობდა, რომელიმე კონკრეტული მოთამაშის გამოყოფა რთულია, მათი შედეგიანობის წყალობით თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "ოლიმპი" 6 ქულით დაწინაურდა - 58:52. სწორედ ამ დროს მოხდა მთავარი გარდატეხა, "დინამო" ზუსტად თამაშობდა დაცვაში, მეტოქეს შეცდომებიც დააშვებინა, გამოცდილების და კლასის ხარჯზე, ბესიკ ლეჟავას და ილია ლონდარიძის ლიდერობით 12:0 გაქცევა მოაწყო(64:58) და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. დარჩენილ 40 წამში "ოლიმპელებს" თამაშის შემოსაბრუნებლად ძალა აღარ ეყოთ.
ილია ლონდარიძემ გამარჯვებულებს 21ქულით და 8 მოხსნით ულიდერა, ბესილ ლეჟავამ კი 19 ქულა მიითვალა. ოლიმპელთა რიგებში კი 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ირაკლი ალხანაიძემ მიაღწია.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 6 დეკემბერს, ისევ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
დინამო - ოლიმპი 65:60
17-15; 14-17; 13-14; 21-14
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ბევრი პრობლემა გვქონდა, გვაკლდა ლაშა გამყრელიძე, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ასეთი დანაკლისის მიუხედავად უნდა შეძლონ ბიჭებმა ის, რასაც მათგან ვითხოვ. "ოლიმპის" წინააღმდეგ რთულია დალაგებული თამაში და ყოველთვის ვაფრთხილებ ბიჭებს, რომ ამ დროს ბევრს ნიშნავს ინდივიდულიზმი. თუ ინდივიდუალურად წავაგეთ, თამაშის მოგება ძალიან რთულია. გავაანალიზებთ დღევანდელ შეცდომებს და მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის".
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "უკვე დამღლელია ასეთი წაგებები. 32, 37, 35 წუთი კარგად ვთამაშობთ და ბოლოს მაინც ვაგებთ, კონცენტრაცია გვეკარგება, ვერ ვისწავლეთ მოგება. იმედია ვისწავლით გამარჯვებასაც, თუმცა ისეთი გამოცდილი მოთამაშე არ ჰყავდა მოწინააღმდეგეს, როგორიც გამყრელიძეა და ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი. ძალიან ცუდად ითამაშა ჩვენმა 1-ლმა ნომერმა".
წყარო: superleague.ge