NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა გადააგორა, როცა კონფერენციის ფინალის სამ პრეტენდენტს ზედიზედ დაუპირისპირდა.

პლეი ოფამდე ორი კვირით ადრე, "უორიორზმა" გამოცდა წარმატებით ჩააბარა - ოთხივე შეხვედრაში შეძლო მოგება. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გუნდმა მეტოქეთა ლიდერების წინააღმდეგ იმუშავა: ჯეიმს ჰარდენმა "უორიორზის" წინააღმდეგ 23.7 პროცენტის სიზუსტით ისროლა, კავაი ლენარდმა - 35 პროცენტით, ჯონ უოლმა - 36.4 პროცენტით. ოცზე მეტი ქულა "გოლდენ სტეიტს" მხოლოდ ჰარდენმა ჩაუგდო.

ახლა, "მეომრების" მოგებათა სერია 11 მატჩს ითვლის - უფრო უკეთ გუნდი მხოლოდ სეზონის სტარტზე გამოიყურებოდა (ზედიზედ 12
მოგება). "სან ანტონიოს" დამარცხების შემდეგ, "გოლდენ სტეიტმა" პრაქტიკულად გაინაღდა პლეი ოფის ყველა რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობა. რეგულარულში ჩემპიონობის ოფიციალურად გასანაღდებლად, "უორიორზს" სამი მოგება სჭირდება "მინესოტას", "ფინიქსის", "ნიუ ორლეანის", "იუტასა" და "ლეიკერსის" წინააღმდეგ მატჩებში.

სპურტი
დასავლეთში პლეი ოფის მერვე საგზურის მოპოვების ერთ-ერთი ფავორიტი "დენვერი" იყო. მაგრამ, ბოლო რამდენიმე კვირაა "ნაგეტსმა" ძალიან მოუკლო და გზა გაუნთავისუფლა კონკურენტებს. დენვერელთა პრობლემებით კარგად ისარგებლა "პორტლენდმა", რომელმაც ბოლო 10 მატჩიდან ცხრა მოიგო.

ახლა, ამ გუნდს სოლიდური უპირატესობა აქვს რეგულარულის დასკვნითი მატჩების წინ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "პორტლენდის" პროგრესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იუსუფ ნურკიჩი გახდა, რომელიც "ბლეიზერსის" ხელმძღვანელობამ სწორედ "დენვერიდან" გადაიბირა.

ტიტული
"ვაშინგტონის" ლიდერებმა, როგორც იქნა, სრულფასოვანი რეგულარული ჩემპიონატი ჩაატარეს, სერიოზული ტრავმები თავიდან აიცილეს და "კლივლენდის" ტახტიდან ჩამოგდების ერთ-ერთ პრეტენდენტად იქცნენ. სტატისტიკის მიხედვით, ეს ჩემპიონატი საუკეთესო იყო კარიერაში ჯონ უოლისთვის და ბრედლი ბილისთვის. შედეგად, დედაქალაქურმა გუნდმა დივიზიონის ტიტული მოიპოვა - პირველად ბოლო 38 წლის განმავლობაში!

უესტბრუკი
ამ დღეებში, ოსკარ რობერტსონმა განაცხადა, რომ მთელი გულით გულშემატკივრობს რასელ უესტრუკს, რათა მან შეძლოს მისი დაუჯერებელი რეკორდის გაუმჯობესება. ბოლოდროინდელი გამოსვლების შემდეგ, სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით რეკორდის გაუმჯობესების ალბათობა თითქმის 100 პროცენტი გახდა: დარჩენილ ექვს შეხვედრაში რასმა მხოლოდ ორი სამმაგი დუბლი უნდა შეასრულოს. და ამ შემთხვევაში, 42 ტრიპლ-დაბლი ახალი რეკორდი იქნება.

"ოკლაჰომა" ბოლო მომენტამდე აცხადებდა პრეტენზიას დასავლეთში მეოთხე ადგილის დასაკავებლად, მაგრამ გუნდმა "სან ანტონიოსთან" და "შარლოტთან" წააგო, რითაც "იუტა" და "კლიპერსი" "თანდერს" ოთხი მოგებით დაშორდნენ. ასე რომ, ახლა, "ოკლაჰომამ" უნდა იზრუნოს მეექვსე ადგილის შესანარჩუნებლად, რათა პირველ რაუნდში თავიდან აიცილოს "სან ანტონიოსთან" შეხვედრა.

კარი
ორგზის MVP ამ სეზონში არც ისე ხშირად ხდებოდა ხმაურიანი სათაურების გმირი, მაგრამ გარკვეული ზღვარის ქვემოთაც არ ჩამოდიოდა. სტივენმა კარიერაში მეორედ გადალახა 300 ზუსტი სამქულიანის ზღვარი. ამასთან, კარის აქვს შესანიშნავი შანსი - გააგრძელოს თავითი მეორე სერია: წარმატების შემთხვევაში, მცველი ზედიზედ მერვე რეგულარულს დაასრულებს შორეული ტყორცნების 40-პროცენტიანი გამოყენებით.

მიღწევა
ლებრონ ჯეიმსი ისევ აგრძელებს ისტორიული რეიტინგების გადაწერას. მან "კავალიერზში" თავის ყოფილ პარტნიორამდე შაკილ ო'ნილამდე მიაღწია. ლებრონმა შაკს გაუსწრო და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ჯეიმსი 30 ათასი ქულის ნიშნულს უმიზნებს, რომელიც, ამასწინ, დირკ ნოვიცკიმ გადალახა. ლებრონს ამ ზღვარის მისაღწევად ერთ რეგულარულზე ნაკლები დასჭირდება.
გასულ კვირას თავისი პოზიცია მხოლოდ ჯეიმსს არ გაუუმჯობესებია. ვინს კარტერმა გაუსწრო რეი ალენს და 22-ე ადგილზეა ქულების რეიტინგში.

დიდების დარბაზი
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 11 ადამიანისგან შემდგარი სია. ისინი წელს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შევლენ. ეს სია ასე გამოიყურება: ზაკ კლეიტონი, ნიკოს გალისი, მენი ჯექსონი, ტომ ჯემსტედი, ჯერი კრაუზე, რებეკა ლობო, ჯორჯ მაკგინისი, ტრეისი მაკგრეიდი, მაფეტ მაკგროუ და ბილ სელფი.

დიდების დარბაზში ცოტანი არიან ისეთი კალათბურთელები, რომლებსაც NBA-ში არასოდეს უთამაშიათ. ერთ-ერთი ასეთი იქნება ნიკოს გალისი, რომელიც 1979 წელს, "ბოსტონმა" 68-ე ნომრად აირჩია დრაფტზე. დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა გალისის ევროპულმა კარიერამ. ევროპის ჩემპიონთა თასის რვაგზის ბომბარდირი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ევროპის 1987 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული - ეს დაუჯერებელი ბერძენის მიღწევების ნაწილია.

ტრავმა
"ნიუ იორკმა" ჩააგდო მორიგი სეზონი, რომელსაც თან ახლდა გაუთავებელი სკანდალები, ინტრიგები და გამოძიებები. ბევრი მიზეზის გამო, ეს შემადგენლობა არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, ხოლო ამას წინ, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტრავმებისკენ აქვს მიდრეკილება.

დერიკ როუზმა მენისკი დაიზიანა და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება უახლოესი თვეების განმავლობაში. "დეტროიტის" წინააღმდეგ მატჩი, შესაძლოა, ბოლო გახდეს ამ მცველისთვის "ნიქსის" ფორმაში.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჩიკაგოს" მსუბუქი ფორვარდი ჯიმი ბატლერი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ბატლერის საშუალო სტატისტიკა იყო - 32.5 ქულა და 6.0 შედეგიანი პასი.

დასავლეთში საუკეთესოდ დასახელდა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტეფ კარი. მისმა გუნდმა გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, კარი კი საშუალოდ 31.8 ქულას, 7.8 შედეგიან პასს, 5.5 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. სტივენმა ოთხ მატჩში 42 სამქულიანი ისროლა და 20 ჩააგდო.

დანკანს მილიონები წაართვეს
"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდის ტიმ დანკანის ყოფილმა კონსულტანტმა ჩარლზ ბენქსმა, რომელიც დადანაშაულებულია მრავალმილიონიან თაღლითობაში, დანაშაული აღიარა და შესაძლოა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.

ბენქსს ბრალი დასდეს "სან ანტონიოს" ყოფილი ვარსკვლავის კუთვნილი 25 მილიონი დოლარის არასწორ მართვაში. ფინანსისტი დაკავებული არ არის და განაჩენს ელოდება. სასამართლომ მას, შესაძლოა, დანკანისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაავალდებულოს.

იუინგს ჯორჯთაუნი ჩააბარეს
NBA-ის ლეგენდარულმა ცენტრმა პატრიკ იუინგმა თანხმობა განაცხადა - გახდეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გუნდის მთავარი მწვრთნელი. ამის შესახებ დაწერა Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ.

იუინგმა სამწვრთნელო კარიერა 15 წლის წინ დაიწყო და ბოლო პერიოდში, "შარლოტ ჰორნეტსში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. სპეციალისტი ახალ პოსტზე მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგება და დატოვებს "ჰორნეტსის" შტაბს.

ბატუმი ევრობასკეტზე არ მიდის
"შარლოტ ჰორნეტსის" ფორვარდმა ნიკოლა ბატუმმა 2017 წლის ევრობასკეტის გამოტოვება გადაწყვიტა. კალათბურთელმა აღნიშნა, რომ ადრე არასოდეს ამბობდა უარს საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე.

"2004 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია საფრანგეთის ნაკრების მონაწილეობით, - ამბობს ბატუმი. - მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ოფიციალურად ამის შესახებ სეზონის დასასრულს გამოვაცხადებ. დაე, დამიძახონ მოღალატე და მხდალი, მაგრამ 127-ჯერ მითამაშია ნაკრების რიგებში. ორჯერ წავედი ეროვნულ გუნდში კლუბის აზრის საწინააღმდეგოდ".

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფორვარდმა 72 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ, 15.1 ქულა, 6.5 მოხსნა და 5.9 შედეგიანი პასი დააგროვა.

მინესოტა-პორტლენდი 110:109
29:23, 20:34, 37:26, 24:26
მ: თაუნსი (34+12 მოხსნა), უიგინსი (29), რაში (12+7 მოხსნა), რუბიო (11+7 მოხსნა+16 პასი), მუჰამადი (11).
პ: ლილარდი (25+6 პასი), (20+7 მოხსნა), მაკალუმი (17), ჰარკლესი (17+8 მოხსნა), ვონლე (12), ამინუ (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული