ორი დღის წინ მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა "დალას მავერიქსის" გერმანელ ვეტერანს, დირკ ნოვიცკის. "ბრუკლინთან" მატჩში ოვერტაიმის დასრულებამდე 34 წამით ადრე ფორვარდმა სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც მისმა კარიერულმა მონაგარმა 27 412 ქულას მიაღწია.
ამით დირკმა გაუსწრო მოზეს მელოუნს და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. არ არის გამორიცხული, ნოვიცკიმ უკვე ამ სეზონში მოახერხოს მეექვსე პოზიციაზე გადასვლა. ეს ადგილი შაკილ ო'ნილს ეკუთვნის, რომელმაც კარიერა 28 596 ქულით დაასრულა.
"ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მოზესი ფანტასტიკური მოთამაშე იყო. უბრალოდ,
დაუჯერებელია, რომ შევძელი მისი გასწრება. რა თქმა უნდა, დაძაბული შრომის გარეშე ეს არ გამომივიდოდა, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ამ წარმატებაში", - განაცხადა 36 წლის ნოვიცკიმ ESPN-თან კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"