მართლაც, "კავალერები" სამიდან ორი ლიდერის გარეშე განწირულნი ჩანდნენ, მაგრამ შეძლეს მობილიზება და არსებული რესურსიდან მაქსიმუმის მიღება. დევიდ ბლატის გუნდმა მეორე ტაიმში შეძლო, თავს მოეხვია მეტოქისთვის მჭიდრო თამაში, რომელშიც უხვად იყო შეცდომები და ნერვული გადაწყვეტილებები.
დაპირისპირება დაცვით ფაზაში გადავიდა, რომელშიც "უორიორზი" წელს სავსებით ღირსეულად გამოიყურებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა შეტევაც მუშაობდა. ამ მხრივ კი, გუშინ მასპინძლებს ნამდვილი კოშმარი ჰქონდათ.
საშინლად გამოიყურებდა სტივენ კარი, რომელმაც 24-დან მხოლოდ 5 ტყორცნა მოათავსა კალათში, თუმცა მან მიიღო მონაწილეობა ქამბექში, რომლითაც მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და დამატებით დროში ჩააგდო პოტენციურად გამარჯვების მომტანი ორი ქულა.
კარის კრიზისში დიდი წვლილი მიუძღვის მეტიუ დელავედოვას, რომელიც ირვინგის არყოფნაში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ავსტრალიელი 10 ქულამდეც ვერ ავიდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტოქის ლიდერს თამაში ჩაეგდო. კარიმ დელავედოვას მეურვეობისას ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო და ოთხი შეცდომა დაუშვა.
სტივენს უკვე პირველ მეოთხედში შეექმნა პრობლემები რეალიზაციის მხრივ (1/6). მხოლოდ კლეი ტომპსონის აქტიურობით შეინარჩუნა "უორიორზმა" თანაბარი ანგარიში. ტომპსონი მეორე მეოთხედშიც აგრძელებდა შედეგიან თამაშს, მაგრამ 12-წუთეულის შუაში "კლივლენდმა" 17:4 გაქცევა მოახერხა. მართალია, ბოლოსკენ კარიმ, ტომპსონმა და იგუოდალამ გაათანაბრეს სიტუაცია, მაგრამ მასპინძლების მოსალოდნელი დომინირება საერთოდ არ შეინიშნებოდა.
მესამე მეოთხედი ნამდვილი კოშმარი იყო შეტევაში ეფექტურობის მხრივ. "კლივლენდმა" თამაშიდან 19 პროცენტი გამოიყენა, "უორიორზმა" - 31. მიუხედავად ამისა, მთელი 12-წუთეულის განმავლობაში სტუმრები წინ იყვნენ. რეალიზაციის კატასტროფული პროცენტის კომპენსირებას "კლივლენდი" დაცვაში თავდადებით ახდენდა.
მეოთხე მეოთხედში "კლივლენდმა" კიდევ ერთი სპურტი (14:4) შეასრულა და პირველად გავიდა წინ ორნიშნა უპირატესობით. სირენამდე სამი წუთით ადრე, ლებრონის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 11 ქულას შეადგენდა, მაგრამ "უორიორზი" ასე იოლად არ თმობს მატჩებს.
ჯეი არ სმიტისა და ტრისტან ტომპსონის შეცდომებს დაემატა იგუოდალასა და კარის ზედიზედ ორი სამქულიანი და სტივ კერის გუნდმა შეძლო ჩამორჩენის გაბათილება. ისევე, როგორც პირველ მატჩში, ჯეიმსს შვიდი წამი ჰქონდა ბოლო შეტევისთვის, მაგრამ იგუოდალასა და გრინის წინააღმდეგობით მისი ლეი-აპი კალათში არ ჩავარდა. პირველად NBA-ს ფინალური სერიების ისტორიაში, პირველი ორი მატჩის ბედი ოვერტაიმში გაირკვა.
ამჯერად, "კავალერებმა" არ დაუშვეს ჩავარდნა, თუმცა დამატებითი ხუთი წუთი გიჟური გამოვიდა და სტუმრებმა ისევ მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს თამაშიდან. ამას "უორიორზმა" ოთხი შეცდომით უპასუხა.
პირველი ხუთი ქულა სტუმრებმა დააგროვეს, მაგრამ შემდეგ საქმეში გრინი ჩაერთო, რომელიც ბრწყინვალე იყო მოედნის ორივე ნახევარზე. 30 წამით ადრე სტუმრები მხოლოდ ერთ ქულას იგებდნენ, მაგრამ ბოლო შეტევაში დელავედოვამ მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა მოახერხა და სტუმრებმა მასზე ჯარიმა აიღეს.
მცველმა ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა, საპასუხო შეტევისას კი კარის წინააღმდეგ ხარისხიანად იმოქმედა. სტივენმა ვერ შეძლო საშუალო ტყორცნის ჩაგდება, რის შემდეგაც ჯეიმსმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. რჩებოდა კიდევ ოთხი წუთი და არ იყო ტაიმ-აუტები. სწრაფ შეტევაში კარიმ არაზუსტი პასი გააკეთა ტომპსონის მისამართით, რის შემდეგაც საფინალო სირენა გაისმა.
"კლივლენდმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო მატჩი ფინალურ სერიაში. "გოლდენ სტეიტმა" ამ სეზონში მხოლოდ მეოთხე შეხვედრა წააგო შინ და ეს მოხდა მეტოქის მხრიდან 32-პროცენტიანი რეალიზაციით. ასეთი რამ NBA-ში 1955 წლის შემდეგ არ ყოფილა.
გ. სტეიტი-კლივლენდი 93:95 (ო)
20:20, 25:27, 14:15, 28:25, 6:8
გ-ს: კ. ტომპსონი (35+5 მოხსნა), კარი (19+6 მოხსნა+5 პასი), ბარნსი (11+6 მოხსნა), გრინი (10+10 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 დაფარება), იგუოდალა (7+6 მოხსნა+5 პასი).
კ: ჯეიმსი (39+16 მრხსნა+11 პასი), მოზგოვი (17+11 მოხსნა), სმიტი (13), დელავედოვა (9+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტ. ტომპსონი (2+14 მოხსნა).
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"