NBA. ფინალი. III მატჩი: არანორმალური ლებრონი

AutoSharing Option
წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში ოვერტაიმი არ გამართულა, თუმცა ინტრიგა ამჯერადაც ბოლომდე იყო შენარჩუნებული. "კლივლენდმა" ისევ მოახვია მეტოქეს თავისთვის მოსახერხებელი ნელი კალათბურთი ("მეომრებმა" მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვეს სწრაფ შეტევებში) და ფენომენალური დაცვა ითამაშა, რითაც ისევ რადიკალურად დაადაბლა სტივ კერის შეგირდების შედეგიანობა.

გუნდმა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში პირველ სამ მეოთხედში 60-ზე ნაკლები ქულა არ დაუგროვებია, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ მიაღწია ამ ნიშნულს - პირველ ტაიმში მხოლოდ 37 ქულა ჰქონდა, სამ მეოთხედში - 55 ქულა.

კვლავ
მძიმე მატჩი ჩაატარა სტივენ კარიმ. მას ამჯერადაც მეტიუ დელავედოვა მეურვეობდა და სეზონის MVP-მ პირველ ტაიმში ექვსიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო და სამი ქულა დააგროვა. დიდ შესვენებაზე "კლივლენდი" შვიდქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედიდან მოყოლებული, კარი თანდათან გახურდა და შვიდი ქულა (რეალიზაცია - 3/5) მიითვალა, მაგრამ მისი გამოსვლა არაფერი იყო ლებრონ ჯეიმსისა და დელავედოვას ფონზე. ავსტრალიელს დასაწყისიდანვე არ ეშინოდა სროლის, მაგრამ მესამე მეოთხედში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო: მის ანგარიშზე 10 ქულა მოდის, რასაც ჯეიმსისგან 13 ქულა დაემატა. სულ კი შეხვედრაში ამ წყვილმა გუნდური 96 ქულიდან 78-ის მოპოვებაში მიიღო მონაწილეობა.

მესამე 12-წუთეულის მსვლელობისას სხვაობა ანგარიშში 20 ქულას აღწევდა "კავალიერზის" სასარგებლოდ. "გოლდენ სტეიტს" არც დაცვაში და არც შეტევაში არაფერი გამოსდიოდა და სტივ კერს მოუწია ღრმა რეზერვიდან ეპოვნა შველა. მან მოედანზე შეუშვა დევიდ ლი, რომელსაც პირველ ორ მატჩში სათამაშო დრო არ ჰქონია. ის მეოთხე მეოთხედის სტარტიდან ჩაერთო ბრძოლაში და 9 ქულისა და ორი შედეგიანი პასის დაგროვება მოასწრო, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი - +17 საუკეთესო იყო ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის.

მას შემდეგ, რაც ლის მონდომებით "გოლდენ სტეიტმა" ოთხ წუთში ხუთ ქულამდე შეამცირა სხვაობა, საქმეში სტივენ კარი ჩაერთო. მან გაიხსენა ის თამაში, რომლის წყალობითაც რეგულარულის MVP გახდა. კარიმ ბოლო მეოთხედში ხუთი სამქულიანი ჩააგდო და 17 ქულა დააგროვა. საფინალო სირენამდე 2.45 წუთით ადრე სწორედ მან შეამცირა სხვაობა ერთ ქულამდე, მაგრამ იქვე დელავედოვამ ჯარიმასთან ერთად ურთულესი ტყორცნა მოათავსა კალათში და სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა.

მომდევნო შეტევაში კარის არაზუსტი პასი აუტში გავიდა, რასაც ლებრონის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა და 1.40 წამით ადრე მასპინძლების უპირატესობა შვიდ ქულამდე გაიზარდა.

დარჩენილ დროში კარიმ კიდევ სამი (!) სამქულიანის ჩაგდება მოასწრო - 94:91 და 27 წამი სათამაშო დრო. გაჩნდა შანსი მესამე მატჩშიც ოვერტაიმი დანიშნულიყო, მით უმეტეს, რომ "კლივლენდის" შეტევისას კლეი ტომპსონმა ბურთი მოპარა დელავედოვას, თუმცა ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ "გოლდენ სტეიტის" მცველი ორთაბრძოლისას ორივე ფეხით აუტში იმყოფებოდა. ბურთი და მასთან ერთად გამარჯვება "კლივლენდს" ერგო.

მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთ გმირს, დელავედოვას ძლიერი სპაზმი ჰქონდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეძლებს თუ არა ავსტრალიელი სერიის გაგრძელებას, დღეს გახდება ცნობილი.

მესამე მატჩის ფაქტები
- პირველად 2015 წლის ფინალში, გამარჯვებულმა გუნდმა ერთხელაც არ მისცა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება.

- "კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში მეთოთხმეტედ დააგროვა მინიმუმ 40 ქულა პლეი ოფის შეხვედრაში, აქედან ორჯერ მიმდინარე სერიაში. რეკორდი გახლავთ ფინალურ სერიაში 40-ქულიანი ოთხი მატჩი - ის ეკუთვნის ორ კალათბურთელს: ჯერი უესტს ("ლეიკერსი", 1969 წლის ფინალი "ბოსტონის" წინააღმდეგ) და მაიკლ ჯორდანს ("ჩიკაგო", 1993 წლის ფინალი "ფინიქსის" წინააღმდეგ).

- სერიის პირველ სამ მატჩში ჯეიმსმა 123 ქულა დააგროვა, რითაც ფინალების რეკორდი დაამყარა. ბედის ირონიით, მან გააუმჯობესა "გოლდენ სტეიტის" ლეგენდის, რიკ ბერის შედეგი - 1967 წელს, პირველ სამ მატჩში 122 ქულა. მაშინ "უორიორზი" ჩემპიონი ვერ გახდა, რადგან ფინალი "ფილადელფიასთან" წააგო.

- 20 ქულა - ახალი სნაიპერული რეკორდია პლეი ოფში "კავალიერზის" გამთამაშებლისთვის, მეტიულ დელავედოვასთვის. წინა რეკორდი 19 ქულას უდრიდა და 14 მაისს იყო დამყარებული "ჩიკაგოსთან" მეოთხედფინალური სერიის მეექვსე მატჩში.

- "გოლდენ სტეიტმა" დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 37 ქულა დააგროვა - ეს ყველაზე დაბალშედეგიანი ტაიმია კალიფორნიელებისთვის მიმდინარე პლეი ოფში.

კლივლენდი-გ. სტეიტი 96:91
24:20, 20:17, 28:18, 24:36
კ: დელავედოვა (20), შამპერტი (3), ჯეიმსი (40+12 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა+2 დაფარება), ტ. ტომპსონი (10+13 მოხსნა), მოზგოვი (6+5 მოხსნა+4 დაფარება) - სასტარტო; სმიტი (10), ჯეიმს ჯონსი (7).
გ-ს: კარი (27+6 მოხსნა+6 პასი), კ. ტომპსონი (14), ბარნსი (0), გრინი (7+7 მოხსნა), ბოგუტი (4) - სასტარტო; იგუოდალა (15), ეზელი (5+7 მოხსნა), ლივინგსტონი (4), ბარბოზა (4), დ. ლი (11).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული