დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, საბერძნეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "აკროპოლისის თასზე" პირველ შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ათენში თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გუშინ დილით ჩაფრინდა და ათენის O.A.K.A. არენასთან ახლოს მდებარე სასტუმრო "სივიტელში" დაბინავდა. შუადღისას ილიას ზუროსის შეგირდებმა დაისვენეს, ხოლო საღამოს ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩს სწორედ O.A.K.A. არენაზე ჩაატარებს.
ამ გუნდების საქმეში ხილვა ორმაგად საინტერესოა, რადგან იტალია ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფშია და ოფიციალურად 6 სექტემბერს ვეთამაშებით. სერბეთის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში მოვხვდით (ნოემბერში ვეწვევით), ხოლო საბერძნეთი ევრობასკეტის მერვედფინალში ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეა. საქმე ის არის, რომ ჩვენი ჯგუფის ოთხი გუნდი ფინეთის ჯგუფის (საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია, სლოვენია, პოლონეთი) ოთხ საუკეთესოს შეხვდება.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, გუნდები ლიდერებს, მეგობრებს მოისაკლისებენ: ჩვენს შემადგენლობაში ვერ ითამაშებს ზაზა ფაჩულია, ხოლო საბერძნეთს ვერ დაეხმარება იანის ანტეტოკუნმპო. თუმცა, ცნობილია, რომ იანისი ელინებს ევრობასკეტზე არ გაჰყვება, ფაჩულია კი კოჭის ტრავმის მოშუშების შემდეგ სრულყოფილ ვარჯიშს განაგრძობს და, წესითა და რიგით, ევრობასკეტისთვის მზად უნდა იყოს.
უფრო კონკრეტულად ნაკრების ექიმის, თემურ ხვედელიძის მონათხრობიდან შევიტყობთ:
"ზაზას მარჯვენა ფეხის კოჭი გადაუბრუნდა. ღრძობა საშუალო სიმძიმისაა. გავუკეთეთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, გადავუღეთ რენტგენი. შედეგად დადგინდა, რომ ტრავმა საშუალო სიმძიმისაა. დაზიანებული არ არის რბილი ქსოვილი და ძვლოვანი სტრუქტურა.
დავგეგმეთ მკურნალობა, რომელიც უკვე საბერძნეთში მიმდინარეობს. გავდივართ გეგმურ რეაბილიტაციას. ეს არის კრიოთერაპია, ფიზიოთერაპია, ყინულით მკურნალობა. ასევე, სპეციალური ვარჯიშები.
ასეთი სახის მკურნალობა გაგრძელდება ხუთი დღის განმავლობაში, შემდეგშიც, თუმცა ეს ხუთი დღე საიმისოდაა, რომ ზაზა დაუბრუნდეს გარკვეულ კონდიციებს, რომ დროის შეზღუდულ მონაკვეთში იგი ევრობასკეტისთვის იყოს შეძლებისდაგვარად მწყობრში".
ბოლოს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩების ისტორიიდან ერთ საინტერესო ფაქტს მოგახსენებთ: ბოლოს ელინებს ოფიციალურად ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ. მეორე ტური იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდით. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა ქართველებს თამაში მოუწონა და განსაკუთრებულად გიორგი შერმადინი გამოარჩია. მაშინ ბატონი ილიასი საბერძნეთს წვრთნიდა...
აკროპოლისის თასი
23 აგვისტო
19:45 იტალია-სერბეთი
22:00 საბერძნეთი-საქართველო
24 აგვისტო
19:45 საქართველო-სერბეთი
22:00 საბერძნეთი-იტალია
25 აგვისტო
19:45 საქართველო-იტალია
22:00 საბერძნეთი-სერბეთი
დრო თბილისისაა
ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის "პირველი არხი" გადასცემს
საქართველოს ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმ. გუნდი
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 ქუთაისი
მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 196 უკლუბოდ
დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პრომორსკა (სლოვენია)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი)
ლაშა გამყრელიძე უკანახაზელი 186 ტიტები
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 196 ქუთაისი
თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
ბექა ბექაური ფორვარდი 208 ქუთაისი
ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)
გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 205 დინამო
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"