გოგა ბითაძეს ტრიბუნიდან NBA-ს 19 სკაუტი აკვირდებოდა და ქართველმა მათ იმედები არ გაუცრუა, - ასე ეხმაურება eurohoops.net "ბუდუჩნოსტის" ქართველი ლეგიონერის თამაშს ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურში "მეგა ბემაქსის" წინააღმდეგ (77:70).
"გოგა ბითაძემ შთამბეჭდავი თამაშით "ბუდუჩნოსტს" გამარჯვება მოუტანა. ტრიბუნიდან მატჩს NBA-ს 19 სკაუტი აკვირდებოდა და ინტერესის მთავარმა ობიექტმა მათ იმედები არ გაუცრუა - ბითაძემ 22 ქულას 8 მოხსნაც მიამატა", - წერს eurohoops.net.
ქართველი ლეგიონერის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს basketballsphere.com-იც.
"მატჩში გადამწყვეტი როლი, უსათუოდ, გოგა ბითაძემ ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ყოფილი კლუბის მიმართ
არანაირი სენტიმენტები არ გამოიჩინა. "მეგამ" ბოლო მეოთხედში ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის გამარჯვებულის ვინაობა არც ერთი წამით არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ", - წერს გამოცემა.