ყველაზე პოპულარული რუსული სპორტული გამოცემა championat-ი სტატიას აქვეყნებს მოსკოვის ცსკა-ს საკალათბურთო გუნდის შესახებ და წერს, რომ თორნიკე შენგელიასა და კიდევ რამდენიმე კალათბურთელის ტრანსფერი დროის ამბავია...
გამოცემა წერს, რომ არმიელთა კლუბმა "ოლიმპიაკოსის" ცენტრ მილუტინოვთან კონტრაქტის გაფორმებითა და მაიკლ ჯეიმსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით დიდი სატრანსფერო სეზონი გახსნა.
ცსკა-ში ისეთი კალათბურთელების გადაბირება სურთ, როგორებიც "ფენერბახჩეს" გამთამაშებელი კოსტას სლუკასი, "ბასკონიას" მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია და ჩინური "პეკინის" ცენტრი ეკპე იუდო არიან. გამოცემის მიხედვით, ამ კალათბურთელებზე ჯერ მხოლოდ ხმები დადის, თუმცა ახალი ტრანსფერები ცსკა-ში მხოლოდ დროის
ამბავია.
2020/21 წლების სეზონის წინ მოსკოველები ძალიან ძლიერი შემადგენლობის დაყენებას აპირებენ. ამ გუნდში იქნებიან მაიკლ ჯეიმსი, ნიკიტა მილუტინოვი, 2019 წლის "ოთხთა ფინალის" MVP უილ ქლაიბერნი. გუნდში დარჩენილი კალათბურთელების გათვალისწინებითაც, ძალიან ძლიერი კოლექტივი ყალიბდება.
წყაროს ცნობით, თუ ამ კალათბურთელებს სლუკასი, შენგელია და იუდო დაემატებიან, ცსკა-ს ევროლიგაზე მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა აღარ დააკმაყოფილებს.
არადა, უახლოეს წარსულში ესპანურ პრესაში აქტიურად წერდნენ, რომ შენგელიას ტრანსფერით მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული და შეთანხმებას წინ ბევრი დაბრკოლება აღარ ედგა...