საქართველოს ნაკრებში გამგზავრების წინ შერმადინი მანრესასთან მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი ეროვნულ ნაკრებში ჩინებული განწყობით მოემგზავრება. მისთვის, MVP-ის ტიტული, აბა, რა ახალია, იმდენჯერ აქვს მოპოვებული ნებისმიერ დონეზე, თუმცა ზედ ნაკრებში გამგზავრების წინ საუკეთესოდ დასახელება მაინც განსაკუთრებული მოტივაციის წყაროა. ლაგუნა "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც კანარულმა გუნდმა “მანრესა” დაამარცხა. შეხვედრა ტენერიფეში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 94:86 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შერმადინი დასახელდა, რომელსაც ყველაზე შედეგიანი სტატისტიკა ჰქონდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და აქვე აღვნიშნოთ, რომ ქართველი ცენტრი ხუთეულში თამაშს ხან იწყებს, ხანაც სათადარიგოა.
ეს არანაირად არ მოქმედებს გუნდში მის სტატუსზე და მასზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს ის, რომ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვება.ამჯერად ის შეცვლაზე შევიდა და მოედანზე ყოფნის არასრული 23 წუთი ეყო საიმისოდ, საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა.

შერმადინმა ბურთი არც თამაშიდან ააცილა და არც საჯარიმოდან. მან 5-დან 5 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 17 ქულა შეადგინა. შერმადინმა ასევე 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და გახდა გუნდში ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსის (25) მფლობელი. მარსელინიო ჰუერტასმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მაგრამ ბურთი 6-ჯერ დაკარგა, თამაშიდან 8 სროლა ააცილა და სარგებლიანობაც (21) დაუქვეითდა. შესაბამისად, MVP-ის ტიტულიც ქართველ ცენტრს მიენიჭა.

ამ მოგებამ ტენერიფეს ცხრილის ლიდერობა მოუტანა. შერმადინის გუნდს 6 მოგება და 1 მარცხი აქვს, ისევე როგორც "უნიკახას", თუმცა ბურთების შეფარდებით კანარელები პირველობენ. შემდეგ მატჩს ტენერიფე სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 30 ნოემბერს, სწორედ "უნიკახასთან" გამართავს.

შერმადინი, ისევე როგორც ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ჩვენი ნაკრების წევრები – ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი, ფინეთში 17 ნოემბერს გაემგზავრებიან და საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში დახვდებიან.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი, გიო შერმადინი არის კაცი-პროფესიონალიზმი და კაცი-პასუხისმგებლობა! გილოცავ აღიარებას, კარგო კაცო და წარმატება შენ და ჩვენ ნაკრებს!
მასტერს
19:37 17-11-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული