შერმადინი "ხირონასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა | 24 ქულა და 11 მოხსნა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრების ცენტრმა "ლაგუნა ტენერიფეში" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინს მხოლოდ 18:27 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ 24 ქულა და 11 მოხსნა მოეგროვებინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, რომელშიც ტენერიფელებმა "ხირონას" უმასპინძლეს და ქართველი ლეგიონერის ლიდერობით 100:80 დაამარცხეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლის წამიდან ის შეუჩერებელი გახლდათ. არასრულ 19 წუთში გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 12 საჯარიმო სროლიდან 8 გამოიყენა. თამაში
მის ირგვლივ ტრიალებდა. მის მიერ მიღებული ბურთი ან მეტოქის კალათში თამაშიდან ვარდებოდა, ანაც მეურვეები ქართველს ჯარიმით აჩერებდნენ.

საბოლოო ჯამში შერმადინმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი (34) დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხომ გახდა, შანსი აქვს, ტურის საუკეთესოდაც დასახელდეს.

12 მოგებითა და 5 მარცხით "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 საფეხურზეა. შემდეგ მატჩს ტენერიფელები შინაურ კანარის კუნძულებზე 19 იანვარს, "გრან კანარიასთან" ჩაატარებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული