შეიძლება ითქვას, რომ ქვემოქართლურმა გუნდმა “ქუთაისს” ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი რუსთავული გუნდი გვარიანად გადახალისებულია, 4 ახალი ლეგიონერი ჰყავს და შეთამაშება სჭირდება, თუმცა ამის გათვალისწინებითაც ქვემოქართლელები ასე უშანსოდ არ უნდა ყოფილიყვნენ.
მესამე პერიოდიდან შეხვედრა ფორმალობად იქცა. იმერულ კლუბს მოპოვებული უდიდესი ლიდერობის შენარჩუნება რომ არ გაუჭირდებოდა, ამას კითხვა არ უნდოდა. დაბალანსებული თამაშით ქუთაისელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ და მიმდინარე სეზონის პირველი ტიტული – საქართველოს სუპერთასი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი სეზონის პირველ ტიტულთან 1 კვირის წინ იყო ახლოს, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში “ტიტებთან” დამარცხდა.
ქუთაისელთაგან ვინმეს გამორჩევა უადგილო იქნება. იმერული კლუბის წევრებმა გუნდურად და შედეგიანად ითამაშეს. ბომბარდირი 17 ქულით ლუკ მეიერი გახდა. 15 ქულა ადრიან ბოუიმ მიითვალა, საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) კი ბოუის გიორგი კორსანტია გაუთანაბრდა, რომელმაც 9 ქულა, 9 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა. 12 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს. რუსთაველთაგან 18 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი. 8-8 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, ელსტონ ჯონმა და ისმაელ ჰოლისმა მიითვალეს.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ქუთაისელთა კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.
GBF.GE