"ინტერნასიონალის" 34 წლის ფორვარდმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, მისმა გუნდმა კი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და 1/2 ფინალის საგზური 99 პროცენტით დაიბევა.
ოსკარ ტაბარესის შეგირდებს ამ შეხვედრის წაგების უფლება არ ჰქონდათ; არც ფრე იქნებოდა მისაღები შედეგი, რადგან ნახევარფინალში გასასვლელად ნიგერიას ბოლო ტურში ქულაც ეყოფოდა. ამის გამო, სამხრეთ ამერიკელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, თუმცა უფრო სახიფათოდ ნიგერიელები უტევდნენ. ანგარიში მე
წაგების უფლება ნიგერიასაც არ ჰქონდა და გაშვებული გოლის შემდეგ სტივენ კეშის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ამ ყველაფერმა შედეგი 37-ე წუთზე გამოიღო: ჯონ ობი მიკელმა ბრაუნ იდეიეს გადაცემა მიიღო, გოდინი ჩამოიტოვა და მუსლერას "ცხრიანში" გაუტანა. "ჩელსის" ნახევარმცველმა, რომელსაც საკლუბო კარიერაში მხოლოდ ერთი გოლი, ისიც ნორვეგიული "ლინის" შემადგენლობაში აქვს გატანილი (2005 წელს!), ეროვნულ გუნდში თავისი მე-4 გოლი შეაგდო. ეს ანგარიში უკვე ურუგვაის აღარ აწყობდა, მაგრამ პირველი ტაიმის დარჩენილმა წუთებმა აფრიკელთა კარნახით ჩაიარა.
აი, მეორე ტაიმის დებიუტში კი ისევ "სელესტემ" გაიხარა, თანაც გოლი "იუბილარმა" გაიტანა - ედინსონ კავანის პასი ფორლანმა საჯარიმოში მიიღო და ვინსენტ ენიეამას აუღებელი დაურტყა. ამის შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტი კავანისაც ჰქონდა, მაგრამ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა ვერ ივარგა. მატჩის ბოლოსკენ ტაბარესის გუნდი საკუთარ საჯარიმოში გამოიკეტა და მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნა.
მატჩის შემდეგ
სტივენ კეში (ნიგერია): "ვერ ვიტყვი, რომ ურუგვაიმ რამით გამაოცა. ჩვენ მათი ბოლო ორი შეხვედრა ვნახეთ და მათ ზუსტად ისე ითამაშეს, როგორც ველოდით. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ერთად ბოლო 6 წელი გაატარეს, ჩვენ კი სულ რაღაც წელიწადნახევარია რაც ვმუშაობთ. კონცენტრაციის წამიერმა დაკარგვამ დაგვღუპა. მეორე გოლის დროს მოვეშვით და ამის გამო შეხვედრაც წავაგეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი ბიჭებით ვამაყობ. იმედი მაქვს, რომ სათამაშო დონეს შევინარჩუნებთ და მომავალში ამა თუ იმ ეპიზოდს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმით მივუდგებით. რაც შეეხება ესპანეთთან შეხვედრას: ამ მატჩს მოუთმენლად ველით. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და სწორედ ამის გამო არის ის უდიდესი და ყველაზე პოპულარული თამაში".
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი): "ასეთი ტაქტიკით, როდესაც სამივე შემტევი (სუარესი, კავანი და ფორლანი) სუფთა თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, აქამდე არასდროს გვითამაშია. საბოლოოდ, რისკმა გაგვიმართლა და მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. მეორე ნახევარში ნიგერია უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ჩვენ თამაშის მოკვლა შეგვეძლო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ გადამწყვეტი სწორედ ეს შეხვედრა უნდა გამომდგარიყო. ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ჩვენც არაფერი გაგვინაღდებია."
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
საიუბილეო მატჩი, გოლი და საგოლე გადაცემა. მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა იმისთვის, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდეს? არც არაფერი.
სხვათა შორის, დიეგო ფორლანი პირველი ურუგვაელია, რომელმაც ნაკრებში 100-მატჩიან ზღვარს მიაღწია და გარდა ამისა, ნიგერიის კარში გატანილი ბურთი მისთვის 34-ე იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეტერანი კვლავ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან გატანილი გოლის შემდეგ, მას ლუის სუარესი წამოეწია, რომელიც საბოლოო ჯამში ფორლანს კი გადაასწრებს (სუარესი მხოლოდ 26 წლისაა), მაგრამ ჯერჯერობით ფორლანის დროა...
ჰო, ფორლანი გახდა მეორე ფეხბურთელი ამ კონფედერაციათა თასზე, ვინც საიუბილეო, მე-100 შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. პირველმა ეს ანდრეა პირლომ, მექსიკასთან შეხვედრაში გააკეთა.
B ჯგუფი
ნიგერია-ურუგვაი 1:2
გოლები: 0:1 ლუგანო (19), 1:1 ობი მიკელი (37), 1:2 ფორლანი (51)
ნიგერია (4-3-3): ენიეამა - ემბროუზი, ობოაბონა, ომერუო, ეჩიეჯილე - ოგუ (66. მბა), ობი მიკელი, ოგუდე - ოდუამადი (45. ბაბატუნდე), მუსა, იდეიე (73. აკპალა)
ურუგვაი (3-4-3): მუსლერა - გოდინი, ლუგანო, მ. კასერესი - მაქსი პერეირა, არევალო რიოსი, ა. გონსალესი, კ. როდრიგესი (88. ალვარო პერეირა) - სუარესი (83. კოატესი), კავანი, ფორლანი
გაფრთხილება: ბაბატუნდე, აკპალა - ლუგანო, კოატესი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-9 (5-4); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 26 769
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. II ტური: იაპონიის მზე რესიფეში ჩაესვენა