ხორვატია-ისლანდია 2:0 - ისლანდიის მაქსიმუმი ეს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
სენსაცია არ შედგა - ხორვატიის ნაკრებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა ისლანდიას და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

სკანდინავიელთა მაქსიმუმი სწორედ პლეი ოფში გასვლა იყო, ბრაზილიაში კი გაცილებით ძლიერი, ხორვატიის ეროვნული ნაკრები მიემგზავრება...

თუ პირველ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა 4-4-2 ტაქტიკით ითამაშა, საკუთარ კედლებში უფრო შემტევ სქემაზე გადაეწყო. ნიკო კოვაჩმა 4-2-3-1 აირჩია და ძირითად შემადგენლობაში ოთხი გამოკვეთილი შემტევი დააყენა. თუმცა, რატომ ოთხი - საყრდენად გამწესებული ლუკა მოდრიჩიც შემტევთა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.

მოკლედ, ბალკანელები დიდი ძალებით ეკვეთნენ მეტოქის კარს და ტაიმის შუაწელს გახსნეს კიდეც ანგარიში
- თავი მარიო მანჯუკიჩმა გამოიჩინა, 1:0. ამ ეპიზოდიდან დაახლოებით 10 წუთი იყო გასული, როდესაც მიუნხენის "ბაიერნის” ფორვარდმა წითელი ბარათი მიიღო და თითქოს, ხორვატთა მუნდიალზე გამგზავრებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა...

დიახ, თითქოს, რადგან დარჩენილმა დრომ სრულიად სხვა სურათი გვიჩვენა - მასპინძლებმა მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელეს თამაში, 47-ე წუთზე კი მეორე გოლიც გაიტანეს. აი, აქ კი სტუმართა იმედებს ბოლო მოეღო, ხორვატია ორბურთიანი ფორის გამნიავებელი, უბრალოდ, არ იყო.

საგულისხმოა, რომ ხორვატები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უტევდნენ სტუმრებს და ერთი წუთითაც არ უფიქრიათ აქცენტის საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადატანა. ბალკანელები მოქმედებდნენ პრინციპით: "საუკეთესო დაცვა შეტევაა" და ამან გაამართლა კიდეც.

აღვნიშნოთ ისიც, რომ მთლიანობაში, მატჩი მეტად უხეში გამოდგა - ფეხბურთელები ხისტად მოქმედებდნენ და რამდენჯერმე გაწევ-გამოწევასაც ჰქონდა ადგილი; განსაკუთრებით, მატჩის დასკვნით ნაწილში "ჩამოცხა", როდესაც ისლანდიელებს ნერვებმა უმტყუნეს და განზრახ უხეშობაზე გადავიდნენ. მოკლედ, ამ მხრივ, ხორვატებმა მძიმე მატჩი გადაიტანეს, თუმცა ჩიტი ბრდღვნად ღირდა.

განვლილმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ხორვატებს პროგრესირებადი გუნდი ჰყავთ, რომელსაც ნამდვილად შეუძლია მუნდიალზე შორს წასვლა. ნიკო კოვაჩს ყველა რგოლში ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და კონკურენციაც ისეთია, თქვენი მოწონებული.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა შეგირდებს გადაუხადა მადლობა და დასძინა, რომ მისი გუნდი ბრაზილიაში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმპათიური გუნდი ჰყავს ისლანდიასაც და ამ გუნდს მომატებაც შეუძლია. ეს არ უნდა იყოს ესტონეთის შემთხვევა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოირჩა, პლეი ოფში გავიდა, მაგრამ უკვე მომდევნო ციკლში კვლავ პერიფერიას დაუბრუნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისლანდია იქით იყოს და, ხორვატებისგან მუნდიალზე ბევრს უნდა ველოდეთ - ამ გუნდს ჰყავს კოვაჩიჩი, ამ გუნდს ჰყავს მოდრიჩი, ამ გუნდს ჰყავს მანჯუკიჩი, ამ გუნდს ჰყავს ოლიჩი, თუნდაც მობერებული...

მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
ხორვატია-ისლანდია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (27), 2:0 სრნა (47).

ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოშა - სრნა, შიმუნიჩი, ჩორლუკა, პრანიჩი - მოდრიჩი (90. ლოვრენი), რაკიტიჩი - პერიშიჩი, კოვაჩიჩი (75. რებიჩი), ოლიჩი (81. იელავიჩი) - მანჯუკიჩი.
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, სიგურდსონი, ა. სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი (73. ალფრედსონი), სიგურდსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი, გუონსენი (65. გისლასონი).
გაფრთხილება: შიმუნიჩი, ოლიჩი - სიგურდსონი, ალფრედსონი.
გაძევება: მანჯუკიჩი (38. ხორვატია).
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-7(10-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 40 000

I მატჩი:
ისლანდია-ხორვატია 0:0 - ნულოვანი ტემპერატურა და თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული