დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება

AutoSharing Option
დიდი 10-ის 2020/21 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/20 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

„ა“ ჯგუფში მოხვდნენ "ლელო-სარასენსი", "ხარები", "აკადემია", "იუნკერები", "ლოკომოტივი" და "ვეფხვები"; „ბ“ ჯგუფში ითამაშებენ "ბათუმი", "აია", "ჯიქი", "ყოჩები", "არმაზი" და "არესი".

გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის მოწინავე სამ-სამი გუნდი 6-გუნდიან
საჩემპიონო ჯგუფს შექმნის, ხოლო მეოთხე-მეექვსე გუნდები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.

Sportall.Ge

მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაჰყვება პირველ ეტაპზე მოპოვებული 4 მატჩის შედეგი: იმ ორ გუნდთან, ვისთან ერთადაც შევიდა ექვსეულში. ექვსეულში თითოეული გუნდი გამართავს 6 შეხვედრას, შინ და გარეთ ეთამაშება მხოლოდ მეორე ჯგუფიდან გამოსულ სამ გუნდს, რომელთანაც პირველ ეტაპზე არ უთამაშია.

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო პლეი-ოფში ჩაერთვებიან. პლეი-ოფის პირველ, ერთმატჩიან დუელში მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს. ორი მოწინავე პირველ ეტაპზე ისვენებს და პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება – პირველადგილოსანი პირველი წყვილის გამარჯვებულს, ხოლო მეორეადგილოსანი მეორე წყვილის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

ნახევარფინალური წყვილების გამარჯვებულები „ოქროს ფინალში“ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ფინალამდე სამი თვით ადრე შერჩეულ სტადიონზე ითამაშებენ. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ბრინჯაოს ფინალს ითამაშებენ.

ქვედა ექვსეულში პლეი-ოფები არ გაიმართება და ბოლო სამი გუნდი 2021/22 წლების სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს. მათ ნაცვლად, 2020/21 წლების პირველი ლიგის გამარჯვებული დიდ 10-ში აღზევდება.

მეორე ეტაპის შედეგად, ქვედა ექვსეულში მესამე ადგილზე გასული გუნდი პირველი ლიგის მეორეადგილოსანს 2021/22 წლების დიდი 10-ის საგზურისთვის ერკინება. ორრაუნდიანი დუელის პირველ მატჩში მასპინძელი პირველი ლიგის გუნდი იქნება. გამარჯვებული ორი შეხვედრის ჯამური შედეგით გაირკვევა.

2020/21 წლების დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი:

I ტური. 9-11 ოქტომბერი

„ა“ ჯგუფი

ვეფხვები (პატარძეული) – ლელო (თბილისი)
ლოკომოტივი (თბილისი) – ხარები (რუსთავი)
იუნკერები (კიკეთი) – აკადემია (თბილისი)

„ბ“ ჯგუფი
არესი (ქუთაისი) – ბათუმი (ბათუმი)
არმაზი (მარნეული) – აია (ქუთაისი)
ყოჩები (ბოლნისი) – ჯიქი (გორი)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული