2 ცვლილება ხაზში - "ბორჯღალოსნების" 23-კაციანი რაზმი უელსთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს უელსის ნაკრებს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტა სიტიში, "ტოიოტა სთედიუმზე" ერკინება.

ესაა D ჯგუფის მეორე შეხვედრა. პირველი მატჩი დღეს გაიმართა ფიჯი ავსტრალიას საათის განმავლობაში ამარცხებდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში გატყდა და "ვოლაბებმა" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს - 39:21.

ზედიზედ მესამედ ექვსი ერის გუნდთან

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები ექვსი ერის წარმომადგენელთან ზედიზედ მესამე შეხვედრას გამართავს. წინა ორი, შოტლანდიასთან, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩები იყო, ახლა კი
სამსოფლიო შეხვედრის დრო დადგა.

შერკინების პირველი ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც წინა ორ შეხვედრაში იყო - კვაჭი შალვა მამუკაშვილია, მარცხენა ბურჯი გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ბექა გიგაშვილი იწყებს. უცვლელია ედინბურგში, "მარიფილდზე" ნათამაშები მეორე ხაზიც - გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე.

სიახლეა შერკინების მესამე ხაზში. 2017 წლის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა და ჩვეულ პოზიციაზე, ფლანკერად იწყებს თამაშს მამუკა გორგოძე. ისე, როგორც 4 წლის წინ ტონგასთან მოგებულ მატჩში, მეორე ფლანკერი გიორგი თხილაიშვილია. შერკინების შემკვრელად თამაშს ბექა გორგაძე იწყებს.

შერკინების სასტარტო შემადგენლობას თუ გადავხედავთ, მსოფლიო თასზე დებიუტი ორ მორაგბეს ექნება - გიგაშვილს და გორგაძეს. მამუკა გორგოძე მეოთხე მსოფლიო თასზე მე-12 თამაშს ჩაატარებს, მესამე მსოფლიო თასია ნემსაძესთვის, დანარჩენები კი, რაგბის უმაღლეს ფორუმზე მეორედ ითამაშებენ.

მორკინალებიდან მსოფლიო თასზე ლელო ორ მორაგბეს გაუტანია - გორგოძეს 3 და თხილაიშვილს ერთი.

ორი ცვლილება ხაზში

შოტლანდიასთან გამართულ მოსამზადებელ მატჩებთან შედარებით, ორი ცვლილებაა "ბორჯრალოსნების" ხაზში.

ღერძი ხელუხლებელი დარჩა და 9 ნომრად თამაშს ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად თედო აბჟანდაძე იწყებს. მერაბ შარიქაძის არყოფნაში, ცენტრში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ის დავით კაჭარავას შეუწყვილდება, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტჯერ, 116-ჯერ უთამაშია.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთა გიორგი კვესელაძე იქნება, რომელმაც ხელის ტრავმის შემდეგ ედინბურგში შეცვლაზე ითამაშა. ფულბეკის პოზიციაზე ადგილს ინარჩუნებს სოსო მათიაშვილი.

ხაზის მოთამაშეთაგან მეოთხე მსოფლიო თასს და მე-11 მატჩს ჩაატარებს კაჭარავა, ხოლო მჭედლიძე და ლობჟანიძე რაგბის უდიდეს ფორუმზე მეორედ არიან. დანარჩენ მორაგბეებს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.

ექვსი მორკინალი მარქაფაში

უელსთან მატჩში "ბორჯღალოსნების" კოზირი შერკინების ხაზი იქნება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მარქაფაში ექვსი მორკინალია, ერთი 9 ნომერი და მხოლოდ ერთი უკანახაზელი.

მეორე ტაიმში კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე შევა გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე, რომლისთვისაც იაპონიის ტურნირი მესამე მსოფლიო თასია. მან ნაკრების კვართით ბოლოს შარშან, ნოემბრის ტესტებში ითამაშა. მარქაფაშია გამოცდილი ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელიც მსოფლიო თასზე მეორედ ითამაშებს და უელსთან 50-ე კეპს მოიხვეჭს. მეორე ბურჯს გურამ გოგიჩაშვილს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება.

დებიუტანტები არიან ბექა საღინაძე და ოთარ გიორგაძე, რომლებიც შეცვლაზე მესამე ხაზში შევლენ. გამოცდილია იაპონიაში მყოფი ყველაზე ასაკოვანი "ბორჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი, რომელიც მსოფლიო თასზე მესამედ თამაშობს და შეცვლაზე მეორე ხაზში შევა.

მარქაფაშია ახალგაზრდა 9 ნომერი გელა აფრასიძე, ხოლო ხაზის თამაშს ლაშა ხმალაძე გააძლიერებს, რომელსაც რამდენიმე პოზიციის დაფარვა შეუძლია. მისთვის იაპონიაში მიმდინარე ტურნირი მესამე მსოფლიო თასია.

"ბორჯღალოსნების" რაზმი:

უკანა ხაზი [ბექები]
სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე

შერკინება [ფორვარდები]

მიხეილ ნარიაშვილი ©, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე, ბექა გორგაძე

თადარიგი [მარქაფა]
ლაშა ხმალაძე, გელა აფრასიძე, ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა სუთიაშვილი, ბექა საღინაძე, ოთარ გიორგაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძლივს თაზო დაბრუნდა ცენტრში.. იდეალურთან მიახლოებულია ეს შემადგენლობა, ბუკა დაგვიბრუნდეს მალე და ეგაა.
luka
17:24 21-09-2019
2
ფიჯისთან გვითამაშია და მოგვიგია, ჩვენ ავსტრალიასავით ღიად არ ვეთამაშებით. შანსები არის
Dato
20:47 21-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული