ტოპ 14. მე-14 ტური
წინასაახალწლოდ, 31 დეკემბერს, 5 თამაში გაიმართა. "ბეიონმა" "ტულონი" მიიღო და 23:18 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. ბექა გიგაშვილი "ტულონის" სასტარტოში იყო და მოედანზე
"ლიონი" "ბრივს" დაუხვდა და 27:30 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ფრედ – 26:26 დასრულდა "კასტრისა" და "რასინგ 92"-ის შეხვედრა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და დერეფანში გათამაშებული კომბინაციის შედეგად, 44-ე წუთზე ლელო გაიტანა გურამ გოგიჩაშვილმა. ბურთის მოგების შემდეგ მან მკვირცხლად შეუტია, პირველი მბოჭავი გადააყირავა, საჭირო დროით ფეხზე დარჩა, მერე თანაგუნდელები წამოეშველნენ და დარჩენილი 4 მეტრიც დაფარა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. ის 56-ე წუთზე შეცვალეს. "რასინგის" რიგებში 72-ე წუთზე გამოჩნდა გია ხარაიშვილი, ხოლო მასპინძელთა შორის ლევან ჩილაჩავამ 59-ე წუთიდან ითამაშა.
გიორგი თეთრაშვილის "პერპინიანი" "ლა როშელს" დაუხვდა და 10:29 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა პირველი 40 წუთი ითამაშა.
"სტად ფრანსემ" "პოს" 6 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 37:3 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 56 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ. შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა გურამ პაპიძე.
ნაახალწლევს, 1-ელ იანვარს, "კლერმონმა" "ტულუზს" უმასპინძლა და 13:32 დამარცხდა. მასპინძელთა შორის პირველი 40 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.
ტოპ 14. მე-15 ტური
მე-15 ტურის ექვსი თამაში 7 იანვარს გაიმართა. "ბორდომ" "ბეიონი" მიიღო და 23:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყო კოტე მიქაუტაძე და ის 66-ე წუთზე შეცვალეს.
"კლერმონმა" "პერპინიანს" 31:20 მოუგო. მასპინძელთა განაცხადში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი. სტუმართა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა გიორგი თეთრაშვილი. ის 57-ე წუთზე შეცვალეს.
"ბრივმა" "ტულონს" 26:17 სძლია და ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ვანო კარკაძემ შეიტანა. ის შეცვლაზე 42-ე წუთზე შევიდა, 78-ეზე რაქიდან აიტაცა ბურთი, თანაგუნდელის დახმარებით ლელომდე დარჩენილი 2 მეტრი ბრძოლით დაფარა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. სტუმართა შორის ასევე 42-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა.
"ლიონი" "პოს" ქართველების გარეშე ეწვია და 21:12 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს ბექა გორგაძე, ხოლო გურამ პაპიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
"სტად ფრანსემ" "კასტრს" 26:7 მოუგო. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა მარქაფაში იყო და შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.
ტური 8 იანვარს, "მონპელიესა" და "რასინგ 92"-ის ჯახით დასრულდა. მასპინძლებმა პარიზელებს 17:12 სძლიეს. სტუმართა ძირითადში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.
ინგლისის პრემიერშიფი
ინგლისის პრემიერშიფის მე-15 ტურში "გლოსთერმა" არეკნი უკანასკნელ წუთზე გაუშვა და ლიდერ "სარასენსთან" 16:19 დამარცხდა. გიორგი კვესელაძემ შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა და დაცვაში 13 ბოჭვა შეასრულა.
Rugby.ge