დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშება დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო. თან ისე, რომ ყველა, ექვსივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილისთვის ბრძოლა ბოლო ტურში გაჩაღდა და გამარჯვება ავსტრალიას ერგო.

უცნაურია, მაგრამ "ოლ ბლექსის" დამარცხების რეალური შანსი ამ გათამაშებაში მხოლოდ სამხრეთ აფრიკას ჰქონდა. უცნაური კი იმიტომაა, რომ პირველ შეხვედრაში "ბოკე" სტუმრად სასტიკად დამარცხდა - 0:57.

ოთხი ერის ბოლო ტურში, კეიპთაუნის "ნიუ ლენდზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ოლ ბლექსს" ნაღდი ბრძოლა გაუმართა. ეს იყო დიდი რაგბის ზეიმი. "ბოკე" დაცვაში უკეთ გაისარჯა, ვიდრე იმ
ავადსახსენებელ მატჩში და, რომ არა სრულიად მარტივი ორი შეცდომა, რომლებიც "ოლ ბლექსმა" ლელოებად აქცია, შეეძლო მოეგო კიდეც. საბოლოოდ, ახალზელანდიელებმა მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგეს - 25:24 და კიდევ ერთხელ შეასრულეს დიდი სლემი.

"ძალიან მეცოდებიან ჩემი მოთამაშეები. მათ ყველაფერი იღონეს თამაშის მოსაგებად. ბოლო თამაშებმა დაგვანახვა, რომ ვპროგრესირებთ. განვითარებისთვის სწორი გზა გვაქვს არჩეული. 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის გუნდში გვჭირდება მსოფლიოს დონის მოთამაშეები, ისეთები, როგორებიც არიან კიტშოფი, მარქსი, ეცებესი. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ისე ირჯებოდნენ, როგორც უმაღლესი კლასის ოსტატებს შეეფერებათ. აი, ასეთ ხალხს ვეძებთ ჩვენ" - თქვა ნამატჩევს სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ.

გადამწყვეტი, მატჩის მომგები ლელო სამხრეთაფრიკელებს "ოლ ბლექსის" ფულბეკმა დამიენ მაკენზიმ გაუტანა, რომელიც, ჩვენი აზრით, ახალზელანდიელთა შორის საუკეთესო იყო.

"მიხარია, რომ ძალიან რთული მდგომარეობიდან შევძელით თავის დაღწევა და მატჩში გამარჯვება. კარგი იყო, რომ მეტოქის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, ბიჭებმა შეძლეს სიმშვიდის შენარჩუნება და ყველაფერი იღონეს გამარჯვების მისაღწევად. შინ თავაწეულები, ამაყები ვბრუნდებით", - თქვა ზელანდიელთა კაპიტანმა კირან რიდმა.

* * *
ავსტრალიის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. "ვოლაბებმა" სტუმრად, მენდოსაში შეძლეს არგენტინის ნაკრების დამარცხება - 37:20. "პუმებმა" ამ მატჩში მხოლოდ 60 წუთის განმავლობაში შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. პირველი ტაიმი ფრედ, 13:13 დასრულდა, მე-60 წუთისთვის კი ანგარიში 20:20 იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინულ ფრანჩაიზს, "იაგუარსს", რომელიც ზე რაგბიში ასპარეზობს, ლეგენარული არგენტინელი მარიო ლედესმა უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სწორედ ავსტრალიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. "იაგუარსი" და არგენტინის ნაკრები, ფაქტობრივად, ერთი გუნდია. გამორიცხული არაა, ლედესმა მალე "პუმების" თავკაციც გახდეს.

ოთხი ერი. VI ტური
სამ. აფრიკა-ახ.ზელანდია 24:25
სამ. აფრიკა: 3ლ - კრონიე, დუ პრი, მარქსი. 3გ - იაინკისი (2), პოლარდი. ს - იაინკისი.
გაძევება: დე ალენდე
ახ. ზელანდია: 3ლ - კროტი, იოანი, მაკენზი. 2გ - სოპოაგა. 2ს - ბარეტი, სოპოაგა.

არგენტინა-ავსტრალია 20:37
არგენტინა: 2ლ - ალემანო, გონსალესი. 2გ,2ს - სანჩესი.
სინბინი: კრემერი
ავსტრალია: 5ლ - კოროიბეტე, ჰოჯი (2), ფოლი, გენია. 3გ,2ს - ფოლი.

ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ახ. ზელანდია 6 6 0 0 +127 28(4)
2. ავსტრალია 6 2 2 2 +16 15(3)
3. სამ. აფრიკა 6 2 2 2 -18 14(2)
4. არგენტინა 6 0 0 6 -125 0(0).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული