რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები

AutoSharing Option
"შავი ლომი" 2024/2025 წლების ჩელენჯ თასის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. სამწუხაროდ, "ბაიონასთან" დაშვებული შეცდომების გამო (16:41) ჩვენს გუნდს ფლეი ოფში გასვლის მიზერული შანსი შერჩა, თუმცა ჯგუფის ლიდერ "ედინბურგთან" თამაშს ქართული რაგბის გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელის.

"ედინბურგი" "შავი ლომის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის ყოფილი გუნდია. 54 წლის ინგლისელი სპეციალისტი შოტლანდიელებს 2017-2021 წლებში ავარჯიშებდა და მან ყველაზე კარგად იცის ჩვენი მომავალი მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები.

"შავი ლომი" ედინბურგში 17 იანვარს მიემგზავრება, თამაში კი კვირას, 19 იანვარს Hive Stadium-ზე ჩვენი დროით 17 საათზე
დაიწყება.

"კარგი სავარჯიშო კვირა გვქონდა. განსაკუთრებული ყურადღება სიზუსტეს ეთმობოდა. არ უნდა დავუშვათ მარტივი შეცდომები, რაც მოწინააღმდეგეს ქულების აღების შესაძლებლობას მისცემს. "შავი ლომისთვის" ეს სწავლის პროცესია. როდესაც მაღალი დონის გუნდებს ეთამაშები, მეტ შეცდომას უშვებ. მაგალითისთვის, ‘ბაიონამ’ ჩვენი შეცდომები ქულებში ასახა, რამაც თამაში ძალიან გაგვირთულა. ჩვენ რომ უფრო ზუსტები ვყოფილიყავით, ასეთ შეცდომებს არ დავუშვებდით", - აღნიშნავს ქოქრილი და განაგრძობს:

"ეს პროფესიონალური სპორტია და ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. "ედინბურგი" ძალიან კარგი გუნდია, მათი მოთამაშეების 50% ეროვნული ნაკრების მორაგბეა, მათ შორის ვარსკვლავები - დუან ფან დერ მერვე, დარსი გრემი...; ასევე ჰყავთ ძალიან კონკურენტუნარიანი ფორვარდები - სკუმანი, გილქრისთი, ჯეიმი რიჩი... ისინი ეროვნული ნაკრების მორკინალები არიან. მათ თითქმის სრული შემადგენლობა ჰყავთ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენენ. საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვალდებულები ვართ, უფრო მეტად კონკურენტულები ვიყოთ, ვიდრე წინა კვირაში ვიყავით.

ჩვენი მომავალი მეტოქე ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებისას, ამიტომ ჩვენის მხრიდან მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება კარგი დაცვა, დარტყმა-ახურვა, მოწინააღმდეგის წნეხის ქვეშ მოქცევა. ვთამაშობთ ხელოვნურსაფარიან მოედანზე და თამაში მაღალ ტემპში წარიმართება, ამიტომ, გვჭირდება მაქსიმალური კონტროლი და მობილიზება, რათა "ედინბურგს" კონკურენცია გავუწიოთ და მოვიპოვოთ შანსები”.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინაა თამაშში,ბაიონას ზეწოლის გამო კი არა,ძირითადად საკუთარი შეცდომების გამო ვუშვებდით ლელოებს.გასაგებია,რომ ჩელენჯ თასის გათამაშება ჩვენთვის სკოლაა,მაგრამ სკოლაში გაკვეთილებს კარგად თუ არ ისწავლი,წარმატებას ვერ მიაღწევ.კარგად უნდა ვიმეცადინოთ და მხოლოდ მაშინ ვივლით წინ.კარგად მეცადინეობას და საგნის ფრიადზე ჩაბარებას ვუსურვებ,ბიჭებს.
სოსო
00:39 18-01-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული