საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში. VIII ტური: საუკეთესო შვიდეული

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში მერვე ტურის მატჩებიც მიილია და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია.

კვლავინდებურად გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს როგორც ზედა სამეულში დასამკვიდრებლად, ასევე საპლეიოფო ზონაში შესასვლელად. წარმოგიდგენთ გასული ტურის 7 ძირითად მოვლენას.

ირაკლი ყიასაშვილი

ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის "აიამ" საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" უმასპინძლა. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი კი სტუმართა ფეხჩუბინმა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ირგუნა. მან შეხვედრის სტარტზე იოლი პოზიციებიდან ორჯერ ვერ შეძლო მეტოქის ძელებს შუა საჯარიმოს გატანა, თუმცა "რიჟამ" მალევე
გაისწორა მიზანი და ზედიზედ შვიდჯერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი საკუთარი მონაგარი 21 ქულამდე გაზარდა, "ლელოს" კი პრინციპულ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ეროვნულ ჩემპიონატში კარგი თამაში ყიასაშვილს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა დაუფასა და ირაკლი ნოემბრის ტესტებზე ეროვნული გუნდის კვართით იასპარეზებს.

სიტყვა-პასუხი
ქუთაისში თამაში არასდროს ყოფილა იოლი, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა "აიასა" და "ლელოს" დაპირისპირებისას. შეხვედრის მე-60 წუთზე მოზღვავებულმა ემოციებმა ერთბაშად იფეთქა და მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა.

სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმაც, ტრადიციულად, "თავისი წვლილი" შეიტანა. ტრიბუნებიდან წამოსული უხამს სიტყვათა სეტყვამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია.

"ლელოს" მორაგბეებმა ვეღარ მოითმინეს და ანალოგიურით უპასუხეს... რაც ყოვლად დაუშვებელია. გულშემატკივარი ყოველთვის მოედნის გარეთ მყოფ სამყაროდ რჩება, ხოლო ნამდვილმა პროფესიონალებმა უნდა მოძებნონ საკუთარ თავში ძალა, რომ ასეთ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

"ლოკომოტივი" ცხრილის სათავეში
მერვე ტურის დასრულების შემდეგ თემურ ბენდიაშვილის გაწვრთნილი "ლოკომოტივი" მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ჩაუდგა სატურნირო ცხრილს სათავეში 28 ქულით.

რკინიგზელებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს "ბათუმთან" დაპირისპირება და მეტოქის მიერ გატანილ ორ ლელოს ერთბაშად ექვსით უპასუხეს. "ლოკომოტივის" რიგებში თავი ვახტანგ ახვლედიანმა (2), გივი ბერიშვილმა (2), ალეკო ზაბახიძემ და გოდერძი ჭინჭარაულმა გამოიჩინეს.

"არმიას" გატეხილი ნავსი
გასული სეზონის ვერცხლისმედალოსანმა "არმიამ" წარუმატებლობათა სერია შეწყვიტა (წაგება "აიასთან", "არმაზთან", "ლოკომოტივთან", ფრე "ჯიქებთან") და უკანასკნელ ტურში, უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა უშუალო კონკურენტი ბოლნისის "ყოჩები" - 17:13.

არმიელებმა შუამარბ გიგა გაგოშვილისა და კვაჭ შალვა მამუკაშვილის ლელოებით პირველივე წუთებიდან სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დასანანი შეცდომა დაუშვეს, რითაც მშვენივრად ისარგებლა კახაბერ მახარაშვილმა, რომელმაც მოახერხა ბურთის ჩათვლის მოედანში დამიწება და საკუთარ გუნდს შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის სანუგეშო ქულა მოუპოვა.

"არმია" შვიდი შეხვედრის შემდეგ 17 ქულით კვლავ საპლეიოფო ზონის მიღმა იმყოფება და სატურნირო ცხრილში მეშვიდე საფეხურზეა.

"ჯიქების" წინსვლა
ორი კვირის განმავლობაში "ჯიქებს" უმაღლესი ლიგის აუტსაიდერებთან მორიგეობით უწევდა დაპირისპირება. გიორგი ამირხანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ "აკადემიას" ჩაუტარა სარაგბო გაკვეთილი - 33:3, ხოლო ამჯერად რუსთავის "ხარები" დატოვა უშანსოდ - 43:10 და უკანასკნელ ორ ტურში მოპოვებული 10 ქულით მნიშვნელოვნად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა.

ამჟამად "ჯიქები" 20 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა მეოთხე პოზიციაზე მყოფ "არმაზთან" სხვაობა 2 ქულაღაა.

პერსპექტიული "არმაზი"
"არმაზის" ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი სამუშაო გასწია და საკუთარი შემადგენლობა უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი გახადა. გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა მშვენიერ ნაზავს წარმოადგენს, რომელსაც რეალურად ძალუძს მედლებისთვის ბრძოლა.

პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომლის შემადგენლობაში "არმაზის" შვიდი მორაგბეა გამოძახებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თბილისური კლუბის მომავალ პერსპექტივაზე.

ბოლო წუთების დრამა
"არმაზი" "აკადემიასთან" დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა და დავით ვართანიანის გაწვრთნილი გუნდი შეხვედრის სტარტზევე დაწინაურდა სოლიდური სხვაობითაც - 20:6.

მოულოდნელად, მატჩის მიწურულს აკადემიელები გამოფხიზლდნენ და ორი ლელოს გატანით ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს - 20:20.

"არმაზის" ფეხჩუბინმა მგეზავმა დავით კიკნაძემ შეხვედრის ბოლო წუთზე ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი კვლავ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი - 23:20. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "აკადემიას" კიდევ ერთხელ მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ილია მელაძის დარტყმულმა ბურთმა ოდნავ გვერდზე ჩაუარა კარის ძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული