ცხადია, ქართველი მორაგბეებისთვის პლანეტის საუკეთესო გუნდთან თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იდგე პირისპირ იმ მოთამაშეეებთან, რომლებსაც ტელეეკრანიდან ეთაყვანები, რომელთა მაღალი კლასის გამო ეტრფი რაგბის, ენითაუწერელი განცდაა.
"ბორჯღალოსნები", ისევე, როგორც "ოლ ბლექსი", მატჩის დაწყებას მოუთმენლად ელიან და შესანიშნავ სანახაობას გვპირდებიან.
მატჩის წინა დღეს, დილით, ჩვენმა გუნდმა თამაშამდე ბოლო ვარჯიში ნიუპორტის კოლეჯის სარაგბო მოედანზე
შეგახსენებთ, რომ ვაირარაპას რეგიონში, კერძოდ კი, პატარა ქალაქ მასტერტონში "ბორჯღალოსნები" 2011 წლის მსოფლიოს თასის მსვლელობისას, ცხრა დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ქალაქის მოსახლეობამ გამართა ცენტრალურ ქუჩაზე ჩვენი გუნდის საპატივცემულოდ აღლუმი. ამავე რეგიონის მკვიდრია ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე და შემდეგ არანაკლებ წარმატებული მწვრთნელი ბრაიან ლოჰორი. მაშინ, გამომშვიდობებისას, მან გვითხრა:
"ჩვენი პატარა ქალაქის მცხოვრებლებს არასდროს დაავიწყდებათ თქვენი სტუმრობა, თქვენი თავაზიანი დამოკიდებულება ჩვენი ადათ-წესების მიმართ. თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებით".
არ დავავიწყდით. შორეულ ახალ ზელანდიაში ჩვენს ბიჭებს ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს და არა მარტო იქ. ვერ დავიჩემებთ, რომ მასტერტონელები ახალ ზელანდიასთან მატჩში ჩვენ გვიქომაგებენ, მაგრამ ფაქტია, ისინი ჩვენი გულშემატკივრები არიან ნებისმიერ სხვა მეტოქესთან ბრძოლაში. ისინი ჩვენი ნაწილი არიან.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მასტერტონელი არ არის, ის წარმოშობით ინვერქარგილელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:
"იმ ორი ჰიმნიდან, რომელიც მატჩის წინ აჟღერდება, ჩემი საქართველოს ჰიმნია".
დღეს ყველა, ნაკრების შტაბის ახალზელანდიელი, ფრანგი, ირლანდიელი და ინგლისელი წევრები საქართველოს ჰიმნზე ჩვენს მორაგბეებთან ერთად დადგებიან და ყველანაირად ეცდებიან, ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი, ლამაზი გვერდი დაწერონ.
ერთი სიტყვით, წინ საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის. ამ შეხვედრაში გამოჩნდება, კიდევ რა ნაკლი გვაქვს, რაზე გვაქვს სამუშაო და რა არის დასახვეწი.
როგორც უნდა დასრულდეს მატჩი, ის ყველა შემთხვევაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის, ზოგადად, ქართული რაგბისთვის.
შეგახსენებთ, რომ მატჩი კარდიფში, "მილენიუმზე", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს თასი. III ტური. C ჯგუფი
საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ლაშა ლომიძე.
16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმიტი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი. 1. ვაით კროქეტი, 2. დენ კოლი, 3. ჩარლი ფაუმუნია, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ტონი ვუდკოქი, 18. ოუენ ფრენქსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. თი ჯეი პერენარა, 23. მალაკაი ფეკიტოა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ტონგა - 6, 3. არგენტინა - 5, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.
A ჯგუფი
უელსი-ფიჯი
D ჯგუფი
საფრანგეთი-კანადა
(ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"