გიორგი ნიჟარაძე: რთული ოთხი წელიწადი გველის

AutoSharing Option
20 დეკემბერს რაგბის კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართება, სადაც განვლილ ოთხწლიან ციკლს შეაჯამებენ და ქართული რაგბის ახალ მესაჭეს აირჩევენ.

უკვე ცნობილია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის გიორგი ნიჟარაძე, რომელიც ამ ორგანიზაციას 2008 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს.

ცხადია, რაგბის ქომაგებისთვის საინტერესო იქნება, როგორ აფასებს ის განვლილ პერიოდს, რას ფიქრობს და როგორი გეგმები აქვს საქართველოში რაგბის განვითარების თაობაზე.

- ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. კარს საანგარიშო ყრილობა მოგვადგა. გავრცელებული მოსაზრებით, განვლილ ოთხწლიან ეტაპზე ქართულმა რაგბიმ პროგრესი განიცადა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?
- ვფიქრობ, რომ
ქართული რაგბის განვითარება, მისი პროგრესი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უმთავრესი იყო რაგბის კავშირის, სახელმწიფოს, "მსოფლიოს რაგბისა" და კერძო სექტორის სამაგალითო, ეფექტური თანამშრომლობა. ეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს, იმავე "მსოფლიოს რაგბის" არაერთხელ აღუნიშნავს. ამ თანამშრომლობისას მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შემუშავდა კარგი პროგრამა, განვითარების ხედვა, განხორციელდა ზუსტი დაგეგმვა. ყოველივე ამას თანამშრომლობის სუბიექტები ერთობლივად ახორციელებდნენ.

- იქნებ განმარტოთ, რას მოიცავდა ეს თანამშრომლობა?
- რაგბის კავშირთან ერთად მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელსაც საქართველოში რაგბის განვითარების მხარდამჭერი პროგრამა ეწოდა. ეს რომ არა, რაიმე წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა.

საგულისხმოა, რომ პროგრამის განხორციელება 2009 წლიდან დაიწყო და 2012 წლიდან მისი დაფინანსება სერიოზულად გაიზარდა.

ქართული რაგბის პროგრესში უმნიშვნელოვანესია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ბატონი ბიძინას წვლილი იმდენად დიდი და მასშტაბურია, რომ მისი შეფასება ძალიან ძნელია.

საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" განახორციელა უპრეცედენტო ინვესტიცია სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნაში, რის შემდეგაც გვაქვს სტადიონები, სადაც სრულფასოვანი წვრთნაა შესაძლებელი.

ამასთან ერთად, ეს ფონდი გვეხმარება ცალკეული პროგრამების დაფინანსებით.

ბიძინა ივანიშვილის წვლილი საქართველოში რაგბის განვითარებაში არა მარტო ქვეყნის მოსახლეობამ დააფასა, არამედ დანახული და დაფასებულ იქნა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კერძოდ, ჩვენმა საერთაშორისო ფედერაციამ, "მსოფლიოს რაგბიმ" მიიღო ისტორიულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა მსოფლიოს რაგბის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის. მსგავსი ჯილდო მორაგბის ან რაგბიში დასაქმებული პიროვნების გარდა, აქამდე არავისთვის მიუციათ.

ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სპონსორების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, გამოჩნდნენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ქართულ რაგბის და ბოლომდე უერთგულეს მას.

ქართული რაგბის პროგრესი არის მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი ადამიანის გმირული, თავგანწირული შრომის შედეგი. ვგულისხმობ ყველა ქართულ კლუბს თუ სარაგბო სკოლას, იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უხელფასოდაც კი ზრუნავდნენ იმაზე, რომ აღეზარდათ ჯანმრთელი და ქვეყნის მოყვარული მომავალი თაობა.

ამ ყველაფერთან უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თაობის მორაგბეების თავგანწირული და არაჩვეულებრივი თამაში და მათი განსაკუთრებული როლი ქართული რაგბის პროგრესში.

ბოლო დროს საქართველოში მადლობის გადახდა ცუდ ტონად იქცა და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემი ტელეგადაცემებიდან თუ ინტერვიუებიდან ეს ნაწილი რატომღაც ქრება. ამის საწინააღმდეგოდ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თითო აგური დადო ქართული რაგბის განვითარების საქმეში.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრს, მათ შორის იმისთვის, რომ მსოფლიოს თასის წინ ჩვენი მორაგბეების ანაზღაურების თანხის მოძიებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია, რაც იოლი ნამდვილად არ იყო.

მადლობა მინდა ვუთხრა "მსოფლიოს რაგბის" მისი მუდმივი მხარდაჭერის გამო, ჩემს მეგობრებს და კოლეგებს, ვინც რაგბის კავშირში შრომობს, ყველა ქართველ მწვრთნელს და რაგბიში ჩართულ პიროვნებას.

ცხადია, განსაკუთრებული მადლობის ღირსნი არიან ჩვენი ნაკრების მორაგბეები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული რაგბის განვითარებაში.

ტრადიციულად, მინდა მადლიერებით გავიხსენო ჩემი წინამორბედები, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტები, დავით კილასონია, ბიძინა გეგიძე და მერაბ ანთაძე. თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართული რაგბი დღეს ამ დონეზე ავიდა.

დიდი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს და სპონსორს. განსაკუთრებული და ძალიან თბილი, გულწრფელი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივრებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის ერთგულად გვიდგანან მხარში.

- თითქმის რვა წელიწადია, რაც საქართველოს რაგბის კავშირს ხელმძღვანელობთ. ცნობილია, რომ ყრილობაზე ისევ აპირებთ თქვენი კანდიდატურის დასახელებას პრეზიდენტის პოსტზე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- რაგბის კავშირის პრეზიდენტობა იოლი ნამდვილად არ არის. თავიდან, რვა წლის წინათ, როცა ჩემმა მეგობრებმა შემომთავაზეს, დიდხანს ვფიქრობდი. ვაცნობიერებდი, რა სირთულეებთან მომიწევდა გამკლავება. არჩევანი პრეზიდენტობის სასარგებლოდ გავაკეთე და წუთითაც არ ვნანობ.

რასაკვირველია, ეს საქმიანობა უზარმაზარ ენერგიას და დიდ დროს მოითხოვს და იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ დამენებებინა ამ ყველაფრისთვის თავი.

ამჯერად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩემი მეგობრებისა და კოლეგების თხოვნით და გნებავთ, მოთხოვნით.

ვგულისხმობ სარაგბო კლუბების ძალიან დიდ ნაწილს, რომლებმაც ეს პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირეს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

მსოფლიოს თასის გათამაშებამ გვაჩვენა, რომ ქართული რაგბი გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენ უზარმაზარი შრომა დაგვჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა ჯერ შევინარჩუნოთ ის პოზიციები, რაც მიღწეული გვაქვს, მერე კი შევქმნათ ის პლაცდარმი, საიდანაც კიდევ უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად ნახტომის გაკეთება გახდება შესაძლებელი.

ჩემმა მეგობრებმა ჩათვალეს, რომ ჩემი გამოცდილება, ცოდნა და ხედვა არის აუცილებელი საიმისოდ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. გავხდები თუ არა პრეზიდენტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ რაგბის სამყაროს გადასაწყვეტია.

ჩემი მხრიდან დავძენ, თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, გაასკეცებული ენერგიით და პასუხისმგებლობით ვიმუშავებ, რომ ქართულმა რაგბიმ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ჩემი პრეზიდენტობის ბოლო ოთხწლიანი ციკლი. მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ.

- როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი ქართულ რაგბიში, რაც ალბათ თქვენს საარჩევნო პროგრამაშიც შევა?..
- ამის თაობაზე მეტ-ნაკლებად ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ ვისაუბრე. დეტალურად, ცხადია, ყოველივეს პროგრამაში ავსახავ.

მოკლედ კი გეტყვით, რომ მთავარი პრიორიტეტი იქნება შიდა რაგბის განვითარება. მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინფრასტრუქტურა, ორგანიზაცია გაძლიერდეს, განვითარდეს, რასაც უნდა მოჰყვეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება.

ვიზრუნებთ მწვრთნელებისა და სარაგბო საქმიანობაში ჩართული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩავატარებთ მათთვის სემინარებს ადგილზე და მივავლენთ საზღვარგარეთ ცოდნის გასაღრმავებლად.

მთავრობასთან და კერძო სექტორთან ერთობლივად აუცილებლად უნდა მოვიძიოთ თანხები, რათა ქართულმა კლუბებმა შეძლონ ევროთასებზე თამაში. ამის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. იმ გუნდებს კი, რომლებიც ევროთასებზე ვერ მოხვდებიან, საშუალება უნდა ჰქონდეთ, აგვისტოში, საქართველოს ჩემპიონატის დაწყების წინ, მაღალი დონის სარაგბო ქვეყნების კლუბებს ეთამაშონ, რაც, ვფიქრობ, მათ დონეს საგრძნობლად გაზრდის.

მნიშვნელოვანია ბავშვთა რაგბის განვითარებისთვის ახალი პროგრამების შემუშავება. ასევე, რაგბის პოპულარიზაციისთვის სრულიად ახალი მიდგომის გამოყენება.

ამ საქმეში უნდა ჩავრთოთ რაგბის კავშირის რესურსებს მიღმა მყოფი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. შევქმნით სერიოზულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელშიც ეს ადამიანები მოიტანენ კონკრეტულ იდეებს და პროგრამებს რაგბის კავშირისთვის.

ისინი არიან თავიანთ კომპანიებში ტოპ-მენეჯერები, რომელთაც უყვართ რაგბი და თავიანთი ცოდნით დაეხმარებიან რაგბის კავშირს.

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს საქართველოს 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებები, საიდანაც იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის უნდა გაიზარდონ ეროვნული ნაკრების მოთამაშები.

მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის უნდა დავაწესოთ ლიმიტი 23 წლამდე. იქ თამაშის და თავის გამოჩენის საშუალება დამატებითი სტიმული იქნება 20 წელს გადაცილებული მორაგბეებისთვის, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში და ქვეყნის გარეთ თამაშობენ. ეს მათთვის შანსია, ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ.

უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია შვიდკაცა რაგბი, მისი განვითარება და ეროვნული ნაკრებისთვის ხელშეწყობა, რათა შვიდკაცამ, გარდა მის წინაშე დასახული ამოცანებისა, შეასრულოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რასაც ჰქვია თხუთმეტკაცა ნაკრებისთვის უკანახაზელების მომზადება.

დაუღალავი შრომა უნდა გავწიოთ, რათა ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხი გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი მატჩი გავმართოთ მაღალი დონის გუნდებთან.

მინდა გულშემატკივრებს მოვუწოდო, რომ ძლიერ გუნდებთან წაგებას დავიწყებთ და გაგებით მოეკიდონ ამ ამბავს. თუ ხშირად არ ვეთამაშეთ, მათ დამარცხებას ვერასდროს ვისწავლით. ასე ვაგებდით რუმინეთთან, მაგრამ ვისწავლეთ მათი დამარცხება და ვუგებთ კიდეც.

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე დრო, ენერგია და ფინანსები უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რომ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მივიღოთ, რაც საწინდარი იქნება 2019 წელს იაპონიაში წარმატებული გამოსვლისთვის.

- არის თუ არა გადაწყვეტილი, ვის ეთამაშება საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე?
- ეს წლის ბოლოს და 2016 წლის პირველ თვეებში საბოლოოდ დადგინდება, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვეთამაშებით უელსის, შოტლანდიის, არგენტინის, სამოას, ფიჯის, ტონგას, იაპონიის, კანადისა და აშშ-ის ნაკრებ გუნდებს.

ამათგან რომელს ვეთამაშებით მომავალ წელს, ჯერ ცნობილი არაა. მოლაპარაკება მიდის ახალზელანდიელ მაორებთან.

გამორიცხული არ არის, ახალზელანდიელ "ბარბაროსებს" ვეთამაშოთ. ივნისში კი, დარწმუნებული ვარ, სასარგებლო იქნება, თუნდაც არა საუკეთესო შემადგენლობით სამხრეთში ვიმოგზაუროთ, იქ მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშოთ და ახალგაზრდა მორაგბეების ჯგუფი ბრძოლებში გამოვბრძმედოთ.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო ოთხწლიან ციკლში საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობაში?
- ამ ოთხწლიანი ციკლის გვირგვინი იქნება მსოფლიოს თასი იაპონიაში, რომელიც, როგორც ყოველთვის, შეაჯამებს ჩვენს შრომას და გვანახვებს, თუ რას მივაღწიეთ.

ამასთანავე, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 2017 წელს საქართველოში ჩასატარებელი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. ამ ტურნირის მაღალ დონეზე გამართვა მთელი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა.

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოვლენა უდიდეს დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის სარაგბო იმიჯზე, რაც ძალიან დაგვეხმარება ისტორიული პროგრამების განხორციელებაში, თუნდაც ექვს ერთან საქართველოს მიერთების საქმეში.

ივნისში თბილისში ჩატარდება "რაგბი ევროპის" კონგრესი, რაც უდავოდ არის ქართული რაგბის პროგრესის დაფასება. ეს ღონისძიებაც მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.

ბოლომდე არის მისაყვანი "მსოფლიო რაგბის" საბჭოში საქართველოს გაწევრიანების საქმეც.

ყოველივე ამის განსახორციელებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაგბის კავშირის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაგრძელებას. ძალიან რთული ოთხი წელიწადი გველის.

ძალიან ბევრი პრობლემის დაძლევა მოგვიწევს. ამისთვის კი საჭიროა ქართული სარაგბო თემის ერთობა. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ღმერთი იყოს შენი დამხმარე ამ ეროვნულ საქმეში, კარგი კაცი ხარ, ყოჩაღ!
0
მომწონს ეს კაცი, როგორც პიროვნულად ისე საქმისადმი მიდგომთ. მე რიგითი ქართული რაგბის გულშემატკივარი მოხარული ვიქნები შემდეგი 4 წლის მანძილზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად თქვენი ხილვის. წარმატებებს გისურვებთ!!
დიტო
19:00 04-12-2015
0

სიახლეები პოპულარული