წლის ბოლოს მსოფლიოს ათეულში უნდა ვიყოთ! - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტები მოილია და ოკეანეთის ტურნედან რამდენიმე დღის წინათ ტრიუმფით დაბრუნდა. "ბორჯღალოსნებმა" სამი თამაშიდან ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე დამკვიდრდნენ. ასე მაღლა კლასიფიკაციაში ჩვენი გუნდი აქამდე არასდროს ყოფილა.

ცხადია, რაგბის ქომაგისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული ტურნეს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგისეული შეფასება. "ბორჯღალოსნების" თავკაცს, რომელსაც ახლახან საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შევხვდით და ტესტების შეფასებასთან ერთად მომავლის გეგმებზე საუბარიც ვთხოვეთ.

- საქართველოს ნაკრების ასეთ წარმატებულ ასპარეზობას ივნისის ტესტებზე არავინ ელოდა. თქვენ
როგორი მოლოდინი გქონდათ ოკეანეთში გამგზავრების წინ?
- დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ შევძლებდით იმ შემადგენლობის შეკრებას, რომელმაც თუნდაც გაზაფხულზე ერთა თასზე ითამაშა, კუნძულებზე წარმატებას მივაღწევდით.

აქვე ხაზგასასმელია რამდენიმე ფაქტორი. ბევრი რამ იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებდით მგზავრობის შემდეგ ძალების აღდგენას და აკლიმატიზაციას. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კუნძულებზე ყოფნის პირველი კვირა. სწორედ ამ პერიოდში გაწეულმა სწორმა სამუშაომ განაპირობა მთელი ტურნეს განმავლობაში ჩვენი გუნდის სიძლიერე.

- ცნობილია, რომ ოკეანეთში საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია. თუ ემზადებოდით ამისთვის რაიმე ხერხით?
- ასეთი რამისთვის განსაკუთრებით ვერ მოემზადები. ტენიანობა აპიაში 96 პროცენტს აღწევდა. გადავწყვიტეთ, თავი კი არ აგვერიდებინა და შენობას შევფარებოდით, არამედ რაც შეიძლება დიდხანს გარეთ ვყოფილიყავით. ასე კლიმატს უფრო სწრაფად შევეგუებოდით.

ძალიან დაგვეხმარა ქოქოსი, რომლის წვენსაც ჰიდრაციის პროცესის გასაუმჯობესებლად ხშირად ვსვამდით. გუნდი დღეში 100 ქოქოსის კაკლის წვენს სვამდა.

- როგორ ფიქრობთ, არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე, რამდენად სრულყოფილ შემადგენლობას მოუყარეთ თავი?
- ვფიქრობ, სელექციის მხრივ პრობლემა არ გვქონია. იმ მორაგბეების გარდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში იყვნენ დაკავებულნი, ყველა ვიხმეთ. გუნდიდან დაახლოებით ოცმა მორაგბემ შარშან მსოფლიოს თასზე იასპარეზა. პირველ ხაზში ძირითადის ბურჯები გვაკლდა, მაგრამ ვინც გვყავდა, თავი მოვალეობას შესანიშნავად გაართვეს.

ძალიან კმაყოფილი ვარ ირაკლი მირცხულავას თამაშით. მას აშკარად მომატებული აქვს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ასევე მესამეხაზელის, ბექა ბიწაძის პროგრესი.

მორაგბეებს თავიდანვე ვუთხარი, რომ თუ გვინდა, დადებითი შედეგით დავბრუნდეთ შინ, შესაძლოა, ყველას თამაში არ მოუწიოს. მაგალითად: ბექა წიკლაურს, ანზორ სიჭინავას, გიორგი მჭედლიშვილს და რეზო ჯინჭველაშვილს არ უთამაშიათ, მაგრამ გარწმუნებთ, იმ ძალისხმევით, რასაც ისინი ვარჯიშებისას სწევდნენ, ჩვენი ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და თანაბრად არიან ზიარნი ამ გამარჯვებებისა.

- ცნობილია, რომ ნაკრებში მწვრთნელის ორი პოზიცია ვაკანტურია. კუნძულებზე გუნდში ახალი სახე გამოჩნდა, რიჩი გრემი. ის დარჩება ჩვენს გუნდში?
- უკანა ხაზის მწვრთნელს, მაიკ ბრედლის კონტრაქტი მაისში დაუმთავრდა და აღარ გავუხანგრძლივეთ. კუნძულებზე დახმარება რიჩი გრემს ვთხოვე, რომელიც ძალზე კარგი და გამოცდილი სპეციალისტია. ბიჭებთან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა და თავისი ცოდნაც გამოამჟღავნა. მასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ვეძებთ ასევე შერკინების მწვრთნელს. ორივე ახალი მწვრთნელი მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყოს და მუდმივად საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. ისინი არა მარტო ეროვნულ ნაკრებთან, არამედ ყველა ასაკობრივ ნაკრებთან იმუშავებენ და თავიანთ გამოცდილებას გადასცემენ. ვინ იქნება ეს ორი მწვრთნელი, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გვეცოდინება.

- მოდით, ისევ კუნძულებზე დავბრუნდეთ. მაინც რის ხარჯზე შეძლო საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთში, საკმაოდ ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან წარმატებით ასპარეზობა?
- პირველი რიგის ამოცანა იმ სათამაშო სტრუქტურის შენარჩუნება იყო, რაც ერთა თასზე შევიმუშავეთ. უფრო მეტიც, ტესტებზე ის გავაუმჯობესეთ კიდეც. მაგალითად, დერეფანი ერთა თასზე 60 პროცენტით მოვიგეთ, ტესტებზე კი - 87 პროცენტით. მერე დაცვით ტაქტიკაზე ლევან მაისაშვილმა იმუშავა ძალიან ნაყოფიერად. ხუმრობა ხომ არაა, ფიჯის ლელო არ გავატანინეთ. დაცვაში ვაჩვენეთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია.

შეტევაში გამოგვადგა რიჩი გრემის გამოცდილება. ჩვენი თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდა. შედარებისთვის: ფიჯის ნაკრები შეტევას ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ჩვენი კი, სტრუქტურულად უფრო გამართული, გუნდური შეტევა იყო. რომ არა გარკვეული ხარვეზები, ორი ლელოთი მეტი უნდა გაგვეტანა. ერთი სიტყვით, ისინი ინდივიდუალურად გვიტევდნენ, ჩვენ ორგანიზებულად.

ამის გარდა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ფსიქოლოგიაზე. უკეთ რომ ვთქვათ, ლიდერობის შეგრძნების განმტკიცებაზე. ამისთვის სპეციალურად გვყავდა მოწვეული სპორტული ფსიქოლოგი დევიდ პეთფილდი, რომელმაც რამდენიმე სესია ჩაგვიტარა, როგორც მორაგბეებს, ისე გუნდის მენეჯმენტს. მოწინავე ათეულში ყოფნა გარკვეულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს ითვალისწინებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

- რამდენად რეალურია ჩვენი ნაკრების მსოფლიოს ათეულში შესვლა და იქ ადგილის დამკვიდრება?
- ოთხი წლის წინათ, მუშაობა რომ დავიწყე საქართველოს ნაკრებში, ძნელი წარმოსადგენი იყო, ამდენს თუ მივაღწევდით. ამჟამად, ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. იაპონიის, ფიჯისა და სამოასი ისე აღარ გვეშინია, როგორც ადრე.

ჯერ კიდევ მარტში, ერთა თასის მსვლელობისას გუნდს ვუთხარი, კარგი იქნება, ივნისის ტესტებს წაუგებლად თუ გავივლით-მეთქი. მაშინ ბევრ მათგანს ჩაეცინა, მაგრამ აგერ, ფაქტია, რომ ეს შევძელით.

ახლაც, ფიჯისთან გამარჯვების შემდეგ ვთქვი, კარგი იქნება, წლევანდელ სეზონს დაუმარცხებლად თუ დავასრულებთ-მეთქი. ნოემბერში სამი ურთულესი ტესტი გველის. შინ იაპონია და სამოა და სტუმრად შოტლანდიასთან. საჭიროა, თანმიმდევრულად მივყვეთ განვითარებას. არ ვამბობ, რომ შოტლანდიაში გავალთ და მოვიგებთ, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ თუ ყველაფერს თანმიმდევრულად, სწორად გააკეთებ, შეუძლებელი არაფერია.

ერთი სიტყვით, წლის ბოლოს მოწინავე ათეულში უნდა შევიდეთ. თანაც, თუ შევძელით და მაღალი დონის ორი სპეციალისტიც დავიმატეთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.

- კიდევ უფრო შორს წავიდეთ. გაზაფხულზე ერთა თასია, ამაზე ნუ შევჩერდებით. ივნისის ტესტები კი, სავარაუდოდ, ამერიკის კონტინენტზე გვექნება. წესით, აშშ-ს, კანადასა და არგენტინას უნდა ვეთამაშოთ...
- ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ არგენტინას აუცილებლად ვეთამაშებით. ჩრდილოეთ ამერიკიდან ქვემოთ სამხრეთში მგზავრობა ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის. ამიტომ გვსურს, ტურნე იყოს სამხრეთ ამერიკაში. ჯერ ვეთამაშოთ ბრაზილიას, მერე ურუგვაის და ბოლოს არგენტინას.

რატომ ბრაზილიას? ჯერ ერთი, რომ ოლიმპიადის შემდეგი წელიწადია, რაგბი იქ პოპულარული ხდება, მარკეტინგული თვალსაზრისით დიდი ბაზარია. იქ ჩასვლით და ბრაზილიის ნაკრებთან თამაშით, ჩვენ წვლილს შევიტანთ რაგბის პოპულარიზაციაში. ვფიქრობ, ეს ჩვენი ვალია. ჩვენც ხომ ვოცნებობდით ერთ დროს დიდ გუნდებთან თამაშზე.

რაც შეეხება ურუგვაის, ჩვენ მათი ვალი გვაქვს. ეს ნაკრები რამდენჯერმე იყო საქართველოში თბილისის თასზე. მათ მწვრთნელს, პაბლო ლემუანს შევპირდი, რომ აუცილებლად ვეწვეოდით. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ განხილვის თემაა და როცა გადაწყდება, ოფიციალურად განვაცხადებთ.

არგენტინას, როგორც უკვე ვთქვი, აუცილებლად ვეთამაშებით. ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. კარგადაა ცნობილი, რომ არგენტინაში თამაშის დროს საკმაოდ რთული გარემოა, წნეხი ძალიან დიდია და გვინდა, ჩვენი გუნდი მასში კიდევ ერთხელ გავატაროთ, გამოვბრძმედოთ.

- ახლახან საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. არიან თუ არა ამ გუნდში ის მორაგბეები, რომლებიც მომავალში ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად მოიაზრებიან?
- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ხუთ მორაგბეს: ოთარ გიორგაძეს, ბექა გორგაძეს, ვასილ ლობჟანიძეს, გიორგი მელიქიძეს და ირაკლი სვანიძეს ეროვნულ გუნდში სხვადასხვა დროს ნათამაშები ჰქონდა. მათ გარდა, მინდა აღვნიშნო თორნიკე მატარაძის, ლაშა ტაბიძის და გიორგი ცუცქირიძის კარგი თამაში.

მართალი გითხრათ, ეროვნულ ნაკრებში ისედაც დიდი კონკურენციაა, თუმცა ამ მორაგბეებზე დაკვირვებას განვაგრძობთ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ კაცს უმაღლესი ჯილდო უნდა მიენიჭოს თუ 10-ეულში შეგვიყვანა, ხოლო თუკი 2019
წელს იაპონიაში მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გაგვიყვანა, მაშინ ძეგლი უნდა დავუდგათ!
qomagi
17:13 19-07-2016
0
მაღალი დონის პროფესიონალია. მის ყველა აზრსა და მიდგომას ვეთანხმები.
ზაზა
15:36 13-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული