"ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოას ნაკრები: თბილისში "სივა ტაუს" კვლავ ვიხილავთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შაბათს, ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს სამოას ეროვნულ გუნდთან გამართავს. კუნძულელები უკვე თბილისში არიან და მატჩისთვის ავჭალის სარაგბო სტადიონზე ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოსა და სამოას ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. პირველი მატჩი 2003 წლის მსოფლიოს თასზე, ავსტრალიაში შედგა, სადაც ჩვენი გუნდი პირველად ასპარეზობდა. მაშინ მეტოქემ 46:9 იმარჯვა.

მეორე მატჩი თბილისში 2013 წლის 23 ნოემბერს შედგა. მაშინ სამოას ნაკრები რეიტინგში მოწინავე ათეულში, მე-7 ადგილზე იყო. "ბორჯღალოსნებმა" პირველად შეძლეს "დიდი ათეულის" ბინადრის დამარცხება - 16:15.
- საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]

წლეულს ივნისში, "ბორჯღალოსნები" სამოელებს აპიაში ეწვივნენ და ფრეს დასჯერდნენ - 19:19.
- სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

ამდენად, დღეისთვის ურთიერთშეხვედრების ბალანსი თანაბარია - თითო წაგება, მოგება და ფრე.

სამოაში რაგბი ფრანგმა ძმებმა მარისტებმა 1920 წელს შეიტანეს. ოთხი წელიწადის შემდეგ კი, დასავლეთ სამოას რაგბის კავშირი დააარსეს. იმავე წელს ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა, აპიაში ფიჯის უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თამაში გამთენიისას გაიმართა, რათა სამოელებს სამუშაოზე წასვლა მოესწროთ. საპასუხო მატჩში სამოამ რევანში აიღო და თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა - 9:3.

სამოამ, რომლის მოსახლეობაც 200 ათას ადამიანს არ აღემატება, პირველი დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან რამდენიმე სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბოლო ხანს მიღწეული წარმატებებიდან გამოვყოფდით: 2011 წელს, სამოა - ავსტრალია 32:23, 2012 წელს, სამოა-უელსი 26:19, 2013 წელს, სამოა-შოტლანდია 27:17 და და 2014 წელს, სამოა-იტალია 15:0.

სამოას პირველი დონის გუნდებიდან დადებითი ბალანსი აქვს - არგენტინასთან - 3 მოგება და 1 მარცხი, იტალიასთან - 5 მოგება და 2 მარცხი, ხოლო უელსს 9 თამაშიდან 4 მოუგო.

სამოა პირველ, 1987 წლის მსოფლიოს თასზე მიწვეული არ იყო, მას შემდეგ კი შვიდივე ტურნირში მონაწილეობდა. 1991 და 1995 წლებში გუნდმა მეოთხედფინალში ითამაშა, ხოლო 1999 წელს - მეოთხედფინალის შესარჩევ პლეი ოფში. მას შემდეგ ის ჯგუფური ეტაპის გადალახვას ვერ ახერხებდა. 2015 წლის მსოფლიოს თასზე კი, ჯგუფში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის წყნარი ოკეანის რეგიონულ ტურნირში იბრძვის.

სამოას ნაკრები თამაშის წინ ტრადიციულ საბრძოლო ცეკვას ასრულებს, რომელსაც "სივა ტაუ" ეწოდება. ესაა ტრადიცია, ერთგვარი რიტუალი, რომელიც მორაგბეებს საბრძოლოდ განაწყობს და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავს.

სამოა:
საკარია ტაულაფო, კენსუს ჯონსტონი, ლოგოვი მულიპოლა, ენტონი პერენისე, ნეპი ლეატიგაგა, იოშისისა სასაგი, მაატულიმანუ ლეიატაუა, წეინ ოლე, ეილა ეილა, ტეოფილო პაულო, ფაატიგა ლემალუ, პიულა ფაასალელე, კრის ვუი, ჯეკ ლამი, ალაფოტი ფაოსილივა, გრეგორი ფოე, ონეონე ფააფოუ, გენესი მამეა, კან ფოტუალიი, პელეფოფოგა კოლი, დენი ტუსიტალა, დანჯელო ლეუილა, პატრიკ ფააპელე, რეინოლდ ლეე-ლო, პაულ ვილიამსი, ჯორჯ პისის, ვინსტონ სტენლი, ოპეტერა პელესეუმა, დევიდ ლემი, კენ პისი, აჰსეე ტუალა, პაულ პერესი, ალბერტ ნიკორო

ტესტები
19 ნოემბერი
საქართველო-სამოა

26 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა მოვიგოთ
ილია
13:22 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული