"ვოლაბებმა" და "პუმებმა" მეტოქეებს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ და, სავარაუდოდ, პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. თუმცა წინ ჯერ კიდევ ოთხი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ველინგთონში ახალი ზელანდიის ნაკრებმა მეზობელ ავსტრალიას უმასპინძლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა - 27:16. "ვოლაბებმა", პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მეტოქეს დასაწყისიდანვე დიდი პრობლემები შეუქმნეს. მეტიც, მასპინძლები 27-ე წუთამდე უქულოდ იყვნენ, რაც ძალზედ იშვიათად ხდება.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ახალზელანდიელები ზედმეტად თავდაჯერებულნი ჩანდნენ, გუნდური თამაში არაფრით
27-ე წუთზე "ოლ ბლექსმა" პირველი გუნდური შეტევა განახორციელა. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვნივ, ბოლომდე ჩაათამაშეს და გარემარბი ბენ სმითი ჩათვლის მოედანში შეიჭრა. მგეზავმა ტომ ტეილორმა, რომლისთვისაც, ალბათ, ჯერ კიდევ ადრეა ნაკრებში თამაში, გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:6.
მანვე ათ წუთში საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები, რასაც ისევ ბენ სმითის ლელო მოჰყვა.
"ოლ ბლექსმა" ტაიმი 15:6 მოიგო. შესვენების შემდეგ ტეილორმა კიდევ სამი საჯარიმო გაიტანა და 64-ე წუთისთვის "ოლ ბლექსი" უკვე 15 ქულით დაწინაურდა - 24:9.
ავსტრალიელებმა თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე მაა ნონუს შეცდომით ისარგებლეს. გარემარბმა იზრაელ ფოლაუმ მისი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 70 მეტრი ირბინა. მატჩში ბოლო წერტილი "ოლ ბლექსის" ფულბეკმა იზრაელ დაგმა დასვა, რომელმაც საჯარიმო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 27:16.
შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩის გმირი გარემარბი ბენ სმითი იყო, რომელმაც ჯამში ხუთი ლელო გაიტანა.
არგენტინის პროვინციულ ქალაქ მენდოსაში კი ლამის სენსაცია მოხდა. "პუმებმა" პირველ მატჩში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ძალების მობილიზება მოახერხეს და "ბოკესთან" მეორე შეხვედრაში ლელო პირველივე წუთზე გაიტანეს.
თავი მესამეხაზელმა ხუან მანუელ ლეგუსამონმა გამოიჩინა. გარდასახვა ფელიპე კონტეპომიმ მიითვალა. მალე მან და "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა საჯარიმოები გაცვალეს და მე-10 წუთისთვის მასპინძლები 10:3-ით დაწინაურდნენ.
ოთხ წუთში სამხრეთაფრიკელთა გარემარბმა ბიორნ ბესონმა ლელოს გატანა შეძლო და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ამაზე მასპინძელთა შუამარბმა მარსელო ბოსხმა ლელოთივე გასცა პასუხი. პირველი ტაიმი არგენტინელებმა ოთხი ქულის სხვაობით, 17:13 მოიგეს.
შესვენების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა კი კიდევ სამი საჯარიმო გაიტანა და გუნდი მარცხისგან იხსნა - 22:17.
ახ. ზელანდია-ავსტრალია 27:16
ახალი ზელანდია (15-9) დაგი, ბ. სმითი, კ. სმითი, ნონუ (სლედი 76), სავეა, ტეილორი, ა. სმითი (კერლ-ბარლოუ 71). (1-8) ვუდკოქი (კროკეტი 63), ჰორი (კოლი 48), ფრენქსი (ფაუმუინა 68), რეტალიკი, ვაითლოქი, ლუატუა, მაქოა, რიდი.
2ლ: ბ. სმითი. 5ს: ტეილორი (4), დაგი. გ: ტეილორის.
ავსტრალია (15-9) მოგი, ფოლაუ, ეშლი-კუპერი (კურიდრანი 64), ლეალიიფანო, ოკონორი, ტოომუა (კუპერი 58), გენია (ვაითი 77). (1-8) სლიპერი (სიო 36), მური (ფაინგაა 77), ალექსანდერი (კეპუ 55), საიმონსი (დუგლასი 72), ჰორვილი, ფერდი, ჰუპერი, მოვენი (გილი 65).
ლ: ფოლაუ. 3ს,გ: ლეალიიფანო.
მსაჯი: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა)
არგენტინა-სამხრეთი აფრიკა 17:22
არგენტინა (15-9) ამოროსინო, კამაჩო, ბოსხი, კონტეპომი (ფენანდესი 48), აგუჯა, სანჩესი, ლანდახო (კუბელი 56). (1-8) აიერსა, გუინასუ (კრევი 66), ფიგალო, კაბეჯო, გალარსა (ლავანინი 68)ს, მატერა, ლეგუსამონი, სენატორე (მაკომე 60).
2ლ: ლეგუსამონი, ბოსხი. 2გ,ს: კონტეპომი.
სამხრეთი აფრიკა (15-9) ლე რუ, ბესონი, ენგელბერხტი (სერფონტეინი 68), დე ფილიერსი, ჰაბანა, სტეინი, პინარი. (1-8) მთავარირა (სტენკამპი 58), სტრაუსი (ბ. დუ პლესი 52)), ი. დუ პლესი (ოოსტჰუიზენი 68), ესტებესი, კრუხერი (ფან დერ მერვე 56), ლოუ, ალბერტსი (კოლიზი 68), ვერმულენი.
ლ: ბესონი. 5ს,გ: სტეინი.
მსაჯი: მარშალ კილგორი (ირლანდია)
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთი აფრიკა - 9 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 9, 3. არგენტინა - 1, 4. ავსტრალია - 0.
III ტური
ახალი ზელანდია-არგენტინა
ავსტრალია-სამხრეთი აფრიკა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"